Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გვასწავლის უკრაინის საპარლამენტო არჩევნები


უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამომრჩეველთა მესიჯი მკაფიოა: მათ ცვლილება სურთ. საპრეზიდენტო არჩევნებში კომიკოს ვოლოდიმირ ზელენსკის დამაჯერებელი გამარჯვებიდან სამი თვის შემდეგ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ გააგრძელა ეს ტენდენცია და გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა 21 ივლისს.

ზელენსკიმ, რომლის პოლიტიკაში კატაპულტირება პოპულარული ტელესერიალის მეშვეობით მოხდა, პირობა დადო, რომ ბრძოლას გამოუცხადებს კორუფციას, გადაჭრის ეკონომიკურ პრობლემებს და ბოლოს მოუღებს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, მისი პარტია, როგორც ჩანს, ვერხოვნა რადაში 122 ადგილს მოიპოვებს პარტიული სიით და 125-ს მაჟორიტარულ ოლქებში.
რა გვაჩვენა ამ არჩევნებმა?​

ისტორიული მანდატი რეფორმებს

მაჟორიტარული არჩევნების შედეგებმა ნათელყო, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურმა“ და ის პარლამენტში ადგილების უმრავლესობას მოიპოვებს.

„ესაა დე ფაქტო საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ვინაიდან მთელი ძალაუფლება [ზელენსკის] ხელში იქნება“, დაწერა ტვიტერში კარნეგის ფონდის ექსპერტმა ბალაშ იარაბიკმა.
ვერხოვნა რადის დაახლოებით ნახევარს პარტიული სიებით ირჩევენ. დანარჩენ 199 მანდატს კი მაჟორიტარულში. ზოგი ექსპერტი ფიქრობდა, რომ „ხალხის მსახური“ სუსტ შედეგს აჩვენებდა მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც, როგორც წესი, დომინირებენ ადგილობრივი გავლენიანი მოთამაშეები, ძირითადად ბიზნესმენები.

მაგრამ ასე არ მოხდა. განმაცვიფრებელი გამარჯვება ნათელყოფს, რომ „ხალხის მსახურს“ უკრაინის პარლამენტში აქამდე უპრეცედენტო კონტროლი ექნება, რაც ძლიერი მანდატია მისი რეფორმატორული გეგმებისთვის. შესაძლოა ეს ასევე ნიშნავდეს მანდატს სხვა საკვანძო მნიშვნელობის პრიორიტეტებისთვისაც, რომელთა შორის ზელენსკიმ დაასახელა“ ომის დასრულება, [რუსეთში] პატიმრობაში მყოფი უკრაინელების დაბრუნება და კორუფციის დამარცხება“.

გარდა ამისა ზელენსკიმ იოლად უნდა შეძლოს პარლამენტის მხარდაჭერის მოპოვება პრემიერ-მინისტრისა და კაბინეტის სხვა თანამდებობებზე თავისთვის სასურველი ხალხის დასანიშნად.

როგორც ეკონომიკისა და ვაჭრობის ყოფილმა მინისტრმა და ზელენსკის მხარდამჭერმა, აივარას აბრომავიჩუსმა უთხრა რადიო თავისუფლებას, „უკეთესის წარმოდგენა შეუძლებელი იყო“.

ლონდონელმა ანალიტიკოსმა ტიმოთი ეშმა კი დაწერა: „ამომრჩეველთა თითქმის სამმა მეოთხედმა მხარი დაუჭირა პროდასავლურ, პრორეფორმატორულ პარტიებს“.

ზელენსკის თქმით, პირველ კანონპროექტთა შორის, რომლებსაც განიხილავს ახალი პარლამენტი, იქნება ის ინიციატივები, რომლებიც ითვალისწინებს კანონმდებლებისთვის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტის მოხსნას და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შემუშავებას.​

კოალიცია საჭირო არ არის

ზელენსკის პარტიისთვის უმრავლესობის მოპოვება იმას ნიშნავს, რომ მას არ დასჭირდება კოალიცია, თუმცა შეიძლება მაინც ეცადოს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს კონტროლი.
„სხვა ფრაქციებთან უნდა ვითანამშრომლოთ, ვინაიდან ჩვენი მიზანია, გავატაროთ ზოგიერთი ისეთი რადიკალური რეფორმა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს, რაც მხოლოდ ხმების ორი მესამედით შეიძლება იქნეს მიღწეული,“ განუცხადა რადიო თავისუფლებას ევრომაიდნის აქტივისტმა სვიატოსლავ იურაშმა, რომელიც შეიძლება უკრაინის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარი გახდეს.
ეგზიტ პოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის შტაბ-ბინაში გამოსვლისას ზელენსკიმ კოალიციის თაობაზე მოლაპარაკებები შესთავაზა პარტია „ჰოლოსს“, რომელსაც როკვარსკვლავი სვიატოსლავ ვაკარჩუკი უდგას სათავეში.

წინასწარი მონაცემებით, „ჰოლოსმა“ ხმების 6,3% მოაგროვა.

პარლამენტის ისტორიაში ყველაზე დიდი როტაცია

ახალ პარლამენტში ადგილების 60%-ზე მეტს იურაშის ტიპის ახალბედა პოლიტიკოსები დაიკავებენ.

„ხალხის მსახურისა“ და „ჰოლოსის“ კანდიდატთა შორის უხვად ვხვდებით დებიუტანტებს, რაც ორივე პარტიის პროგრამული მოთხოვნა იყო. ორივე პარტია შეეცადა, მობილიზაცია გაეკეთებინა „პოლიტიკურად სუფთა“ ადამიანებისთვის, როგორც ვაკარჩუკმა უთხრა რადიო თავისუფლებას.

ეს შეიძლება ნიშნავდეს ახალ იდეებსა და საკანონმდებლო საქმიანობის ახალ მეთოდებს უკრაინის პარლამენტში, რომელიც კორუმპირებული დაწესებულების რეპუტაციით სარგებლობს და რომლის მიმართაც ტრადიციულად ძალზე დაბალია მოსახლეობის ნდობა.​

ისტებლიშმენტის პარტიები დასუსტდნენ, მაგრამ არ გამქრალან

არჩევნებმა ნათელყო, რამდენად განრისხებულია ამომრჩეველი ისტებლიშმენტის პარტიებზე.

ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპულმა სოლიდარობამ“ 8,9% მოაგროვა, ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს ბლოკმა „მამულმა“ - 7,6%.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ტიმოშენკოს ბლოკმა შესაძლოა ზელენსკისთან ითანამშრომლოს. მაგრამ პოროშენკოს პარტიას ნამდვილად ოპოზიციაში ყოფნა მოუწევს.​

პრორუსული პარტიების გაძლიერების შიში გადაჭარბებული იყო

მიუხედავად ზოგიერთი პოლიტიკოსის გაფრთხილებისა, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალები ბრუნდებიან, ასეთთაგან მხოლოდ „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში ანგარიშგასაწევი მაჩვენებლით. მან 11,5% მოაგროვა.

ეს ოდნავ მეტია იმაზე, რაც პრორუსულმა პარტიამ მიიღო 2014 წლის არჩევნებში და ნაკლები, ვიდრე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით წინასწარმეტყველებდნენ. ხოლო პრორუსულმა „ოპოზიციურმა ბლოკმა“ ხმების მხოლოდ 3,3%-ის მოგროვება შეძლო.

ამ პარტიებმა ხმების დიდი უმრავლესობა მიიღეს აღმოსავლეთ უკრაინაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG