Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ - ქართულმა ფილმმა ბერლინალეზე კინოკრიტიკოსთა ჯილდო აიღო


ალექსანდრე კობერიძის ფილმმა „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) ჯილდო დაიმსახურა. ფილმი კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში 1 და 3 მარტს აჩვენეს.

1993 წლის შემდეგ, ეს პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ბერლინალეს მთავარ სელექციაში მოხვდა. მაშინ „ვერცხლის დათვი“ თემურ ბაბლუანის „უძინართა მზეს“ გადაეცა.

150-წუთიანი ფილმი საქართველოსა (Sakdoc Film) და გერმანიის (DFFB) ერთობლივი ნამუშევარია. გადაღება 2019 წლის აპრილიდან დაიწყო, საბოლოო მონტაჟი წელს, თებერვალში დასრულდა.

ფილმში მოქმედება ქუთაისის ქუჩებში ვითარდება. ფარმაცევტ ლიზას (ოლიკო ბარბაქაძე) და ფეხბურთელ გიორგის (გიორგი ამბროლაძე) ერთი ნახვით უყვარდებათ ერთმანეთი და პაემანზეც შეთანხმდებიან, მაგრამ ერთმანეთის ნახვას ვერ ასწრებენ, რადგან მეორე დილით სხვა ადამიანებად გადაიქცევიან (ანი ქარსელაძე და გიორგი ბოჭორიშვილი). შელოცვა მათ მხოლოდ გარეგნობას კი არა, ყველა უნარ-ჩვევას უცვლის და ორივე ერთსა და იმავე კაფეში, მოხუც მეპატრონესთან (ვახტანგ ფანჩულიძე) იწყებს მუშაობას.

„მე მაინტერესებს მაგიური ელემენტები, რომლებიც დღევანდელ სამყაროში რთულად ან საერთოდ არ იძებნება. ამ ფილმში ვერანაირი თანამედროვე ხერხით, ვერც ტელეფონით, ვერც ინტერნეტით, ჯადოს ვერაფერს მოუხერხებ”, - ამბობს ალექსანდრე კობერიძე ეროვნულ კინოცენტრთან ინტერვიუში. ფილმში მთხრობელს თავად რეჟისორი თამაშობს, ოპერატორი ირანელი ფარაზ ფეშარაკია.

„იქნება ეს ბავშვების ფეხბურთის თამაში, ქანდაკება თუ ორი წყვილი ფეხის შემთხვევითი შეხვედრა, ალექსანდრე კობერიძე ჩვეულებრივს პოეტურად გადააქცევს, ყოველდღიურობას კინემატოგრაფიულ ჯადოსნობას შეახებს“, - ამბობს ფიპრესის შეფასება.

მაგიური რეალიზმის ელემენტებს საერთაშორისო რეცენზიებიც აღნიშნავენ. Variety მოხიბლულია ფილმით და წერს, რომ კინოსურათი „მშვიდად უყურებს და იღებს უხილავ, ზებუნებრივ ძალებს, იმ ძველ ჯადოქრობას, რომლისაც უკვე აღარ გჯერა“, ScreenDaily კი მას “ეშმაკურად გამომგონებლურ, კინემატოგრაფიულ შესაძლებლობაში თავისუფალ თავგადასავალს“ უწოდებს.

ეს ალექსანდრე კობერიძის პირველი წარმატება არ არის - 2018 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის კრიტიკოსებმა მისი ფილმი „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ საუკეთესო ექსპერიმენტულ ნამუშევრად აღიარეს.

ფართო აუდიტორია ქართულ ფილმს „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?“ 9-20 ივნისს შორის ნახავს, ბერლინში საზაფხულო კინოჩვენებების დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG