Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის ფარული ჩანაწერები მოლაპარაკების მაგიდასთან? - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 მარტს


ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკებების მაგიდიდან წასვლას ითხოვს

ფარული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან აღარ არის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილი, რომელიც ამ ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტია. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ის უნდა გადადგეს. „ქართულ ოცნებაში“ კი ჩანაწერების გამოქვეყნებას მოლაპარაკებების პროცესს უკავშირებენ.

პარტია „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მოლაპარაკებებში ღარიბაშვილის მონაწილეობა „ლელოსთვის“ უკვე წითელი ხაზია.

„პოლიტიკური ბრძოლა გაგრძელდება ყველა ფორმატში და ყველა ფრონტზე, მაგრამ გითხარით, ჩვენთვის რაც არის წითელი ხაზი - მოლაპარაკებების მაგიდასთან ღარიბაშვილის ჯდომა. იმისათვის, რომ გამოძიება წარიმართოს, რომ გამოძიებაზე ზემოქმედება არ მოახდინოს ღარიბაშვილმა, წმინდა სამართლებრივი ლოგიკა გვკარნახობს, რომ ის უნდა გადადგეს იმიტომ, რომ პრემიერი ყველა ბერკეტით არის შეიარაღებული, რომ ზეგავლენა მოახდინოს გამოძიებაზე. რა ლოგიკით შეიძლება, ადამიანი, რომლის შესაძლო ორგანიზებულ ძალიან მძიმე ამბავში ჩართულობაზე უკვე გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს, დარჩეს ჩართული მოლაპარაკებების პროცესში?!“, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებში არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს.

მმართველმა პარტიამ გუშინ თქვა, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ოპოზიცია მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას ცდილობს. ამის შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გამოაქვეყნა. მასში აღნიშნულია, რომ ჩანაწერები ფაბრიკაციაა, რომელიც 2010-2011 წლებში არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილისა და „ქართუს“ პრეზიდენტის ირაკლი ღარიბაშვილის არაერთი სატელეფონო დიალოგის მონტაჟს წარმოადგენს.

წაიკითხე განცხადება აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეს „1000 მშობლის მარში“ გაიმართება

დღეს „მომისმინე - პროტესტის 100 დღე“ კამპანიის ფარგლებში, ქალთა მოძრაობის ორგანიზებით, „ათასი მშობლის მარში“ გაიმართება. აქცია მთელ საქართველოში გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით, კამპანია აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმიანებიან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, გოგოებისა და ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებს, რაზეც სახელმწიფო ინსტიტუციების არასათანადო რეაგირების შედეგად საქართველოში გოგოებსა და ქალებს აუპატიურებენ და ზოგის სიცოცხლე თვითმკვლელობით სრულდება.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გაატაროს შესაბამისი რეფორმები არსებული პრობლემის გადასაჭრელად. თბილისში მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება.

მედია: ევროპის სამედიცინო სააგენტოზე კიბერთავდასხმის უკან რუსეთის და ჩინეთის ჰაკერები დგანან

ევროპის სამედიცინო საშუალებათა სააგენტოზე (EMA) შარშან განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან დგანან რუსეთის და ჩინეთის ჰაკერები, ამტკიცებს ნიდერლანდის გამოცემა Volkskrant-ი. იგი ეყრდნობა ანონიმურ ინფორმატორებს, რომლებიც გამოძიების მსვლელობას იცნობენ.

ახლა ეს სააგენტო განიხილავს ევროკავშირში ვაქცინების, მათ შორის, რუსეთის Sputnik V-ის სერტიფიცირების საკითხს.

გამოცემის თანახმად, რუსმა ჰაკერებმა სააგენტოს თანამშრომლებს გაუგზავნეს ელექტრონული წერილები, რომელთა გახსნას მოჰყვა ზიანის მომტანი პროგრამების გააქტიურება.

„გერმანული ტალღის“ თანახმად, ასე მოახერხეს მათ სააგენტოს შიდა ქსელში შესვლა. სხვათა შორის, ჰაკერებს აინტერესებდათ ევროპის ქვეყნების ვაქცინაციის პროგრამები. ამავე ცნობებით, ჰაკერებმა მოიპარეს დოკუმენტების ნაწილი, რომელიც ეხებოდა ვაქცინების მწარმოებლებს, გერმანულ BioNTech-სა და Pfizer-ს.

წაიკითხე მეტი.

თინეიჯერები სექსის შესახებ - ხუთი ამბავი

„არასრულწლოვანი“ და „სექსი“ - ეს ორი სიტყვა გვერდიგვერდ საზოგადოების მყისიერ აღშფოთებასა და განკითხვას იწვევს. ამ დროს, სქესობრივი ცხოვრების მიმართ ინტერესი და მოთხოვნილება გაცილებით ადრე იღვიძებს, ვიდრე ბავშვები სრულწლოვანებას მიაღწევდნენ. საქართველოში სექსუალური განათლების გაკვეთილები არ არსებობს, მოზარდები ინფორმაციას ინტერნეტში ეძებენ და საკუთარ მოთხოვნილებებს არცთუ ისე უსაფრთხო სიტუაციებში იკვლევენ. ხუთი ახალგაზრდა გველაპარაკა იმაზე, თუ რა კითხვები და საჭიროებები გაუჩნდათ, როცა საქმე სექსთან მივიდა.

„ხომ შეიძლება, ჩვეულებრივად ვილაპარაკოთ სექსზე“
ანასტასია, 15 წლის

ორი წლის წინ ჩემი დის დაბადების დღეზე მაკოცა ერთმა ბიჭმა. მაშინ ვერ მივხვდი, რატომ წაიღო ხელი ჩემი სასქესო ორგანოსკენ. რამდენიმე თვის მერე ჩემს კლასელთან ვლაპარაკობდი და მითხრა, ეგ გსმენია, [ბიჭი] შენივე თითით რომ გასტიმულირებს და ეს გსიამოვნებსო? - ეგეთი რაღაცა არც ვიცოდი, რომ არსებობდა. მხოლოდ მაშინ დავაკავშირე და მივხვდი, რას აკეთებდა ის ბიჭი, რომელიც ჩემზე დიდი იყო. უფრო მეტს ცდილობდა, ვიდრე მე ვიცოდი და მზად ვიყავი. მერე საკითხს ჩავუღრმავდი, წავიკითხე ინგლისურად სტატიები, როგორ გავარკვიოთ, რა გსიამოვნებს და რა სად არის.

10 წლის განმავლობაში ამაზე არც ერთ [სასკოლო] წიგნში არაფერი წამიკითხავს. მაქსიმუმ შეიძლება ეწეროს, რომ ჰორმონების გამო უჩნდება სურვილი გოგოს და ბიჭს, რომ უფრო ინტიმურად იყვნენ ერთმანეთთან, ვიდრე მეგობართან. ამაზე მეტი არასდროს არაფერი გამიგია.

წაიკითხე მეტი თამუნა ჩქარეულის სტატიაში.

რა ხდება ფეისბუკზე, პოლიტიკოსების ღია და დახურულ „ფანჯგუფებში“? როგორ ითარგმნება ვირტუალური მხარდაჭერა საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის მიღმა, რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში? აქ შეხვდებით პოლიტიკოსების მხარდამჭერთა ჯგუფების „ადმინებს“. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" იურისტი კი პოლიტიკური მანიპულაციის ხერხებზე გვესაუბრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG