Accessibility links

რატომ არის რუსეთისთვის საშიში ბელარუსულად ლაპარაკი?


არამაის მირაკიანი

რუსეთში უკიდურესად ნეგატიური გამოხმაურება და ერთგვარი ანტიბელარუსული განწყობების დემონსტრირება მოჰყვა მინსკელი ბიჭის, არამაის მირაკიანის მიერ სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” გამოქვეყნებულ ერთ კურიოზულ ამბავს.

11 თებერვალს მინსკში სასაუზმო „კომუნარკიში“ შესულმა არამისმა მშობლიურ, ბელარუსულ, ენაზე შეუკვეთა ჩაი, რაზეც მოლარემ უხეშად მიუგო, დამელაპარაკე რუსულად, ქვეყანაში „ორი სახელმწიფო ენა გვაქვსო“.

სიტყვიერი კონფლიქტი მალევე მოგვარდა ადმინისტრატორის ჩარევით, მაგრამ მან ახალი ძალით მას შემდეგ იფეთქა, რაც არამაისმა ეს ისტორია „ფეისბუკში“ გააზიარა.

„ჩვენ შენ გიპოვით და მოგკლავთ“

მას შემდეგ, რაც ამ ინციდენტზე „ფეისბუკში“ დაწერა, მირაკიანის სახელზე უწყვეტი ნაკადით დაიწყო მოსვლა მუქარანარევმა კომენტარებმა და ლანძღვამ. წუთში 80-მდე ცნობა მოდიოდა, მათ შორის იყო ასობით შეტყობინება პირად ექაუნთში.

„ჩვენ შენ გიპოვით და მოგკლავთ; ვიცით, სადაც ცხოვრობ და სხვა, ეს იყო მუქარები, რაც, სულ მცირე, უსიამოვნოა. მაგრამ არც ერთი ეს ადამიანი არ არის ბელარუსიდან, ამიტომ მე არ მეშინია ქუჩაში სიარული, არ მაქვს შიში საკუთარი თავის გამო“, - უთხრა არამაის მირაკიანმა რადიო თავისუფლებას.

მაგრამ, მუქარების გარდა, ბელარუსული ენის დამცველს ბევრი ქომაგიც გამოუჩნდა, რომლებმაც მხარდაჭერა კომენტარებით გამოხატეს.

„ბელარუსები მასობრივად მიჭერენ მხარს და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო რას ფიქრობენ ჩემზე ხაბაროვსკელი ბიძიები და დეიდები, ჩემთვის სულერთია“, - აცხადებს მირაკიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ სკანდალის შემდეგ ბელარუსულ ენას ის გამყიდველიც ისწავლის, რომლის შენიშვნის გამოც დაიწყო ეს ყველაფერი.

„გამოვიდა ადმინისტრატორი და გადავიდა ბელარუსულ ენაზე. ბოდიში მომიხადა თანამშრომლის გამო და დამპირდა, რომ ისიც ისწავლის ბელარუსულს. ძალიან მთხოვდა, რომ საჩივრის წიგნში არაფერი ჩამეწერა. არც ჩაგვიწერია. არ გვსურდა კონფლიქტის გაღრმავება. ის გოგონა ჩემზე უმცროსი იყო, ამიტომ ეს არ ჩამითვლია პირად შეურაცხყოფად“, - ამბობს მირაკიანი.

„ნეგატიური პროცესის გამოვლინება“

მაგრამ უბრალო იუზერების მუქარანარევი კომენტარებისა და გაკიცხვის გარდა, მირაკიანის მიერ გახმაურებულ ამბავს მოჰყვა რეაგირება საკმაოდ მაღალი რანგის რუსი მაღალჩინოსნის მხრიდან.

კერძოდ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, სენატორმა იგორ მოროზოვმა, ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდა, არ დატოვოს უპასუხოდ მსგავსი გამოვლინება.

„რუსული ენის წინააღმდეგ ნეგატიური პროცესების გამოვლინება, თუნდაც ყოფით დონეზე, ეს არის ახალი მოვლენა, რასაც გვერდი არ უნდა აუაროს ბელარუსის ხელისუფლებამ. ხელისუფლებამ ეს მკაცრად უნდა გააკონტროლოს, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე“, - განუცხადა რუსმა სენატორმა რუსულ გამოცემა „ვზგლიადს“.

რუსმა სენატორმა ნაციონალიზმი შეადარა ბოთლიდან ამოშვებულ ჯინს, რომელმაც თურმე ბელარუსში თავი წამოყო უკრაინის გავლენით.

„იანუკოვიჩის სამწუხარო მაგალითი ცხადყოფს, რომ თუ ნაციონალიზმი ქუჩებსა და მოედნებზე გამოვა, მას ვეღარ შეაკავებ. საბოლოოდ შეიძლება მოხდეს ის, რასაც ძალიან ნანობენ უკრაინელები, რომლებიც მაიდანს უჭერდნენ მხარს“, - აცხადებს რუსი სენატორი.

მოროზოვს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი უკრაინელები ნანობენ მაიდანს, ანუ „ღირსების რევოლუციას“, რასაც 2014 წლის თებერვალში უკრაინაში პროევროპული ძალების გამარჯვება და მოსკოვის მომხრე პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, ქვეყნიდან განდევნა მოჰყვა.

თუმცა რუსი სენატორის გაფრთხილება ძალიან ნიშანდობლივია რუსეთსა და ბელარუსს შორის ბოლო ხანს მომხდარი უთანხმოების ფონზე.

იანვრის ბოლოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, მოსკოვი დაადანაშაულა მის ქვეყანაზე ზეწოლაში საიმისოდ, რომ ის რუსეთს შეუერთდეს, და იქვე განაცხადა, რომ ამას არასოდეს დაუშვებს.

ამას მოჰყვა გასულ კვირაში საკმაოდ დაძაბული შეხვედრა სოჭში, სადაც საბოლოოდ გადაწყდა, რომ რუსეთი აღარ მიაწვდის ნედლეულ ნავთობს თავის სტრატეგიულ მოკავშირეს შეღავათიან ფასში. გარდა ამისა, იანვარში მოსკოვმა შეამცირა ბელარუსისათვის ნავთობის მიწოდება. პასუხად ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თუ რუსეთი მინსკს არ მიაწვდის ნედლეული ნავთობის საჭირო რაოდენობას, მაშინ ბელარუსი საწვავს თავის ტერიტორიაზე გამავალი რუსეთის სატრანზიტო ნავთობსადენიდან წაიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG