Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის საქართველოში სუსტი მემარცხენეობა?


ავტორი: სოფიკო ხანთაძე

დაასახელეთ ერთი მემარცხენე პარტია. პაუზა... დაფიქრდით? დიახ, ქართულ რეალობაში არ არსებობს ძლიერი მემარცხენე პარტია.

საქართველოში, ზოგადად, მემარცხენე პარტიები არსებობენ, თუმცა:

  1. საკმაოდ დაბალრეიტინგული;
  2. არჩევნებშიც, შესაბამისად, ამომრჩევლის ძალიან მცირე მხარდაჭერით;
  3. არამკვეთრად გამოხატული პარტიული პოლიტიკით.

პარტიების უმრავლესობისთვის მემარცხენეობა მხოლოდ ეკონომუკური კუთხითაა მისაღები. მაგალითად, უმეტესად საარჩევნო პროგრამებში ვაწყდებით მოთხოვნებს უფასო ჯანდაცვის, უფასო განათლების, უფასო სოციალური მომსახურების, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის აკრძალვას.

ახლა ისმის რიტორიკული შეკითხვა: საერთოდ, გვჭირდება მემარცხენე პარტია?

ერთ-ერთი გავრეცელებული აზრით, სახელმწიფომ მოკლევადიან პერიოდში უნდა იქონიოს მკვეთრად მემარჯვენე პოლიტიკა. ეს შექმნის ძლიერი ეკონომიკური საფუძველის განვითარების შესაძლებლობას. შემდგომ კი, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა შედარებით დასტაბილურდება, ან შეიქმნება დასტაბილურების პირობები, შესაძლებელია მემარცხენე პოლიტიკაზე გადასვლა.

თუნდაც, რომ განვიხილოთ ის მოსაზრება, რასაც საქართველოში არსებული მემარცხენე პარტიები ქადაგებენ: უფასო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისები. როგორ შეიძლება ეს იქნას მიღწეული? თუ გადავხედავთ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონს წავაწყდებით ასეთ რამეს: 1,394,903.1 ათასი ლარიდან 47,435.0 ათასი ლარი (ანუ 4.3%) არის გამოყოფილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის.

ჰიპოთეტურად რომ ვიმსჯელოთ და დავუშვათ, ზემოთხსენებულმა სამინისტრომ პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებთა (910.0 ათასი) მომსახურებაში დახარჯა მთელი ბიუჯეტი, წელიწადში 52 ლარი მოუწევს ადამიანზე. სამინისტროს მთელი ბიუჯეტის ამ სერვისზე დახარჯვა წარმოუდგენელია, ამიტომ წელიწადში ამ თანხის წილი კიდევ უფრო მცირდება. საბოლოოდ კი მივიღებთ იმდენად მინიატურულ თანხას, რომელიც ერთი ადამიანის უფასო მომსახურებისთვისვის იქნება გამოყოფილი, დარწმუნებული ვარ, სასაცილოდ არ გვეყოფა.

შეგვიძლია დავასკვნათ, ამ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფოს ხელთ არსებული ფინანსური რესურსები ვერ შესწვდება იმ იდეას, რისი განხორციელებაც მემარცხენეებს სურთ. მაგრამ შეუძლიათ შემოგვთავაზონ ფინასური რესურსების გაზრდის შესაძლებლობა. გადახედეთ მათ პლატფორმებს, მსგავსს ვერაფერს წააწყდებით.

ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. მათი უმრავლესობა სახელმწიფოსგან მოითხოვს ზრუნვას. ბუნებრივია, სახელმწიფო მათთვის ერთადერთი გადამრჩენია. მაგრამ მასაც რომ არ აქვს საჭირო რესურსები, რა ჰქნას?! (რიტორიკული კითხვა). უწევს პრიორიტეტების გადაფასება და შეზღუდული რესურსების იმგვარად განაწილება, რომ უმრავლესობა თუ არა ნაწილის მოთხოვნები მაინც დააკმაყოფილოს. ისინი, ვისი მოთხოვნებიც საერთოდ ვერ ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რჩებიან უკმაყოფილოები და ეძებენ მათი პრობლემების გულთან ახლოს მიმტან პოლიტიკურ ძალებს. და აი, სწორედ აქ ჩნდებიან მემარცხენე პარტიები ასპარეზზე.

ისინი ჩვენს საზოგადოებას როგორც „პოლიტიკური მფარველი“ სჭირდება. ისმის კიდევ ერთი რიტორიკული კითხვა: რამდენად ასრულებენ საკუთარ როლს მემარცხენე პოლიტიკური ძალები?

თუკი გავეცნობით საარჩევნო კამპანიას წავაწყდებით ერთ ანომალიურ მოვლენას: ყველა პარტია განურჩევლად მათი ღირებულებებისა ქადაგებს ინდივიდზე მორგებულ სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, რომელიც უმრავლესობისთვის შექმნის თანასწორუფლებიან გარემოს. ამომრჩეველი დეტალებში არ ეძიება, მაგრამ დეტალები არც სჭირდება ამ იდეის ანომალიურობის დამტკიცებას: როგორ შეიძლება მემარჯვენე ძალისთვის მსგავსი განცხადება იყოს დამახასიათებელი?! აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ამგვარი განცხადებები დადებითად აისახება არჩევნების შედეგებზე. ჩვენს რეალობაში ჯერაც არსებობენ პარტიები, რომლებიც ლიბერალიზმზე დებენ თავს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში უკიდურესად კონსერვატორები ხდებიან. თუმცა, ამგვარ პარტიასა და ხალხს შორის არჩევნების შემდეგ ქრება კომუნიკაცია.

მაგრამ, ხომ არსებობენ ისეთი პარტიები, რომლებსაც არჩევნებამდეც და მერეც აქვთ გამოკვეთილი მემარცხენე იდეოლოგია. მათ რატომ არ ჰყავთ მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი?! აქ შეგვიძლია დაფინანსებას დავდოთ ბრალი. ასეთი პარტიების დიდი ნაწილი საწევრო მოსაკრებელზე დგას. მაშინ როცა სხვა პარტიები შემოწირულობებით საზრდოობენ. რამდენად რეალურია დაფინანსებისბრალდება“?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე („პოლიტიკური პარტიების დაფინანსება“ და „პოლიტიკური პარტიები რომლებიც დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან“) დაყრდნობით შეგვიძლია აღვწეროთ ზოგადი მგომარეობა: პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა საზრდოობს შემოწირულობებით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებით. ეს კი ფანტავს ზემოთხსენებულ ეჭვს: რომ შესაძლოა მათი დაფინანსების წყაროს გამო, ვერ შეძლოს პარტიამ სათანადო პიარ-კამპანიის ჩატარება. ცუდი პიარი კი ჩვენს დროში ნაკლებ ცნობადობას ნიშნავს და პირდაპირ აისახება არჩევნების შედეგებზე.

მაგრამ კითხვაზე: რატომ ვერ იმარჯვებენ მემარცხენე იდეოლოგიის მქონე პარტიები არჩევნებში? - პასუხი ჯერაც არ გაგვიცია. რამდენად შესაძლებელია რომ მოსახლეობის უმრავლესობა ერთ აზრზე იყოს და ფიქრობდეს: „მოდი, ჯერ ცოტა ქვეყანა მოძლიერდეს, ეკონომიკურად წელში გაიმართოს, ერთი 5-10 წელი ვაცდი და მერე მე ან ჩემს მომავალ თაობას ღირსეულად აცხოვრებს“? ეს ადამიანურ ბუნებას ეწინააღმდეგება. უფრო სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე: მემარცხენე პატიების შემოსავლების გათვალისწინებით, რაც საკმაოდ ჩამოუვარდება პოპულისტურ პარტიებს, კამპანია წარმოებს უფრო შეზღუდული ბიუჯეტით. შეზღუდულლი ბიუჯეტი გავლენას ახდენს კამპანიის ხარისზე (მაგალითად, თუ მაღალი შემოსავლების მქონე პარტიას შეუძლია წინასაარჩევნოდ გაუწიოს ორგანიზება მრავალრიცხვოვან მასშტაბურ აქციებს, დაბალი შემოსავლების მქონე პარტია შემოიფარგლება რეგიონებში ადგილობრივი კოორდინატორების მიერ შეკრებილ რამდენიმე ათეულ ადამიანთან შეკრებით). ამომრჩევლის განწყობაზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებს წინასაარჩევნო კამპანიის ხარისხი (მასშტაბური აქცია უფრო თვალშისაცემი, მიმზიდველი და ძლიერების გამომხატველია. მცირერიცხვოვანი შეხვედრები კი ნაკლებად მიმზიდველი ეჩვენება ქართველ ამომრჩეველს და ამას მოწმობს ასეთ შეხვედრებზე საკუთარი ინიციატივით მისულ პირთა რაოდენობა).

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG