Accessibility links

რატომ არ იცვლებიან პარტიული ლიდერები არჩევნებში დამარცხების შემდეგ


ავტორი: თენგიზ მაზმიშვილი

თანამედროვე ეპოქაში ძნელად თუ მოიძებნება დემოკრატიული ქვეყანა, რომელშიც არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები. თუკი ამერიკელი მეცნიერის, ენტონი დაუნსის კონცეფციას გავიზიარებთ, პოლიტიკური პარტია წარმოადგენს იმ ადამიანთა კოალიციას, რომელთაც გააჩნიათ საერთო მიზნები და აქვთ სწრაფვა კანონიერი გზით სამთავრობო აპარატის გაკონტროლებისა. მათი ნორმალური მუშაობის გარეშე ძნელდება საზოგადოების მოთხოვნებზე რეაგირება, შესაბამისად პოლიტიკური პარტიის არსებობა განაპირობებს დემოკრატიის სათანადო ფუნქციონირებას.

ჩვენს რეალობაში ქართული პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა პრობლემისა თუ გამოწვევის წინაშე დგანან, რომლებიც გამოწვეულია სხვადასხვა შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელზეც ჩვენ ამ ბლოგში ვისაუბრებთ არის უცვლელი ლიდერების არსებობა ქართულ პარტიულ პოლიტიკაში. ეს ლიდერები, როგორც წესი, არჩევნებში დამარცხების შემდეგაც განაგრძობენ ამა თუ იმ პარტიის სათავეში ყოფნას. რით აიხსნება ეს ფაქტორი? ნუთუ არ არსებობენ სხვა კანდიდატები? თუ არსებობენ რატომ ვერ ხდებიან ისინი ლიდერები? ეს კითხვები ქართულ პარტიულ პოლიტიკაში პასუხის გაცემას საჭიროებენ.

ფაქტია, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები არ ან ვერ გვთავაზობენ პოლიტიკურ ლიდერთა ფართო არჩევანს, რომლებიც რეგურალურად რამდენიმე წელიწადში ერთხელ მაინც შეიცვლებიან. ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ ყველაფერში საჭიროა რაღაც ახალი, ცხადია, რომ სიახლის გარეშე ნებისმიერი რამ ერთგვაროვანი და მოსაწყენია. სიახლეა საჭირო აგრეთვე ქართულ პარტიულ პოლიტიკაშიც, რაც ჩემი სუბიექტური აზრით, ქართულ პოლიტიკურ პარტიებში ლიდერთა შეცვლით უნდა აისახოს, რადგან საქართველოს პარტიათა უმრავლესობაში დღემდე ლიდერები არიან ისინი ვინც თავიდანვე იყვნენ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სახე. რით შეიძლება ამ ფაქტის ახსნა?

პარტიათა მუდმივი ლიდერების გავლენის გამო პარტიებში შიდაპარტიული დემოკრატიის დონე საგრძნობლად დაბლა იწევს, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ზემოაღნიშნული პარტიის ლიდერები მაქსიმალურად ცდილობენ პარტიაში კონკურენტის ან შედარებით გამორჩეული წევრის შევიწროვებას, ეს უკანასკნელნი ასეთი ზეწოლის გამო იძულებულნი ხდებიან: ა) პარტია დატოვონ და განახორციელონ ასე, რომ ვთქვათ პარტიული მიგრაცია რომლის შედეგად შესაძლოა ერთ დღეს მოყვარენი მტრად გამოეცხადონ თავიანთ ძველ პარტიელებს და საგრძნობლად დასწიონ ყოფილი პარტიის ავტორიტეტი. ბ) პარტიიდან წასულმა ლიდერობისაკენ მიდრეკილმა პიროვნებამ ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური ძალა სადაც თვითონ გახდება ლიდერი და პარტიის სახე, სადაც იგი შეძლებს რეკრუტირების გზით მიიღოს ან გადაიბიროს საერთო იდეოლოგიის არაერთი ახალი თუ ძველი პოლიტიკური მოღვაწე და ამ შემთხვევაშიც დაუპირისპირდეს თავის ყოფილ პარტიას. დაახლოებით ასეთი ტიპის დაპირისპირებების შედეგია ჩვენს პარტიულ პოლიტიკაში არაერთი პარტიის არსებობა ეს უკანასკნელნი იქმნებიან პრინციპით: თუ ვერ ხდები უკვე არსებული პარტიის ლიდერი დატოვე ის და შექმენი ახალი!

მართალია პოლიტიკურმა ლიდერმა მოახერხა ე.წ „მოცილეს“ ჩამოშორება, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც პრობლემად რჩება, პარტიათა ლიდერები ვერა და ვერ ელევიან თავიანთ ადგილებს და არჩევნებში დამარცხების მიუხედავად მაინც განაგრძობენ ამა თუ იმ პარტიის სათავეში ყოფნას. მაინც რა აიძულებთ ამ ლიდერებს დროებით მაინც არ დაუთმონ თავიანთი ადგილი ვინმე ნიჭიერ, გამოცდილ, ინოვაციური იდეებით აღსავსე, ლიდერობისაკენ მიდრეკილ ადამიანებს? შესაძლოა აქ უნდობლობის ფაქტორი არსებობდეს? ანუ ლიდერი მხოლოდ თავის თავს ენდობა? მხოლოდ მისი იდეებია ინოვაციური და ჭეშმარიტი? იქნებ ეს უკანასკნელი ვეღარ აანალიზებს არსებულ სიტუაციასა და ისევ თავისი ძველი კონცეფციებით აზროვნებს? შესაძლოა ლიდერებს ეშინიათ, რომ მათი წასვლის შემთხვევაში პარტიის ახალი ლიდერი რაიმე საფრთხეს შეუქმნის შიდაპარტიულ დემოკრატიას. თუმცა ამავე დროს იმას ვერ ითვალისწინებენ, რომ მათი დარჩენითაც შესაძლოა იგივე განმეორდეს.

მაქვს კიდევ ერთი შეხედულება სამწუხაროდ ზოგიერთი პარტიის ქმედებიდან გამომდინარე შემექმნა ილუზია, რომ თითქოს პოლიტიკურ პარტიათა მუდმივ ლიდერებს საერთოდაც არ ანაღვლებთ გაიმარჯვებენ თუ არა არჩევნებში, უფრო მეტიც შესაძლოა მათ სულ სხვა მიზნები ამოძრავებთ; კერძოდ თავიანთი სტატუსის შენარჩუნება, რისთვის არის საჭირო ეს სტატუსი? მოგეხსენებათ პარტია სულდგმულობს სხვადასხვა ფინანსური რესურსებით იქნება ეს პარტიული საწევრო გადასახადი, სახელმწიფო დაფინანსება, თუ სხვა, შესაძლოა ამ ლიდერთა მიზანია ყველაფრის ფასად შეინარჩუნონ თავიანთი სტატუსი და განაგრძონ ამ ფინანსურ რესურსებზე კონტროლი. ზოგიერთი ქართული პარტია ფინანსურად იმდენად არის გაძლიერებული, რომ შესაძლოა მათი ლიდერები არჩევნებში მარცხს ეგუებიან და მხოლოდ თავიანთი პარტიული სავარძლის შენარჩუნებისათვის იბრძვიან.

საქართველოში პოლიტიკური პარტიების შექმნის პროცესში ერთი არსებითი ფაქტორია აღსანიშნავი, კერძოდ ის რომ, ქართული პოლიტიკური პარტია წარმოადგენს არა იდეოლოგიის, არამედ ერთი კონკრეტული პირის, ლიდერის გარშემო არსებული გაერთიანებას. ასეთი ტიპის გაერთიანება წარმოადგენს ე.წ პერსონალის ირგვლივ გაერთიანებულ ჯგუფს. ვინაიდან ეს პარტია შექმნილია რომელიმე პოლიტიკური ლიდერის გარშემო, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მუდმივი ლიდერის წასვლის შემთხვევაში შესაძლოა პარტიამ კი არ გააგრძელოს არსებობა, არამედ იგი შესაძლოა საერთოდ გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან, ან შესაძლოა იმ ლიდერის წასვლამ, რომელიც იყო ამა თუ იმ პარტიის ერთიანობის სიმბოლო, გამოიწვიოს შიდაპარტიული ფრაქციული გამიჯვნა და ამ ერთი პარტიის ადგილას გაჩნდეს ერთი ძველი და მეორე ახალი პარტია.

საბოლოო ჯამში ზემოთ მოცემული მოსაზრებებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში მუდმივი ლიდერების არსებობის მიზეზია პოლიტიკური კულტურისა და შიდაპარტიული დემოკრატიის შედარებით დაბალი დონე, რაც გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების პროცესი განვითარებული ევროპისა და აშშსგან განსხვავებით შედარებით გვიან, რუსეთის იმპერიის საზღვრებში დაიწყო. პოლიტიკური კულტურის განვითარება შეაფერხა კომუნისტური მმართველობის 70 წლიანმა პერიოდმაც, დიდი ხანი არ გასულა რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, შესაბამისად განვითარების მისაღწევად უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG