Accessibility links

რატომ არ ტარდება მრავალმიტინგიან საქართველოში მიტინგები მშვიდობის დამყარების მოთხოვნით?


ავტორი: ესმა გუმბერიძე

მშვიდობისა და განიარაღების მოთხოვნით რატომ არ ტარდება საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები, მაშინ როდესაც სხვა უამრავ საკითხზე საკმაოდ ხშირია პროტესტი? ეს კითხვა ქართულ–აფხაზური ურთიერთობების უცხოელმა ექსპერტმა დაგვისვა მე და კიდევ რამდენიმე ადამიანს. მე დავუსვი შემხვედრი კითხვა: „აი წარმოვიდგინოთ, ათასობით ადამიანი შეიკრიბა რუსთაველზე, პარლამენტის წინ „მშვიდობის“ მოთხოვნით. კონკრეტულად რა უნდა მოითხოვონ? აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება? მცოცავი ოკუპაციისადმი კაპიტულაცია, თუ რა?“

ჩემს ბავშვობაში ინგა გრიგოლიას გადაცემაში მახსოვს, ერთმა პოლიტიკოსმა თუ სამოქალაქო აქტივისტმა თქვა ფრაზა, აფხაზებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო. ინგას კითხვაც მახსოვს „კონკრეტულად რისთვის უნდა მოუხადონ ქართველებმა აფხაზებს ბოდიში“. შემდეგ ალბათ ეთერში, როგორც ყოველთვის ხდება რეაქციაში, ატყდა ყაყანი და დისკუსიის დანარჩენი არგუმენტები ვეღარ მოვისმინე. წლების შემდეგ უჩა ნანუაშვილის „თავისუფლების დღიურში“ (რადიო თავისუფლების პროექტი იყო, როდესაც ცნობად ადამიანებს თხოვდნენ, 1 კვირის განმავლობაში ეწარმოებინათ დღიური და შემდეგ ის წაეკითხათ, ჩანაწერი კი ეთერში გადიოდა. ბევრი ადამიანი გავიცანი იმ დღიურებით. ზოგიერთი შემდეგ ფბ–ზეც დავიმატე და პირადადაც გავიცანი) იგონებდა, რომ როდესაც მან საჯაროდ თქვა, რომ რაღაცებში ქართული მხარეც დამნაშავეა აფხაზებთან მიმართებაში და ამაზე საუბარი უნდა დავიწყოთ, ის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ქართველებიც არაშემრიგებლურად რომ იქცეოდნენ 90–იან წლებში ომის დაწყებამდე, გასაგებია.

უშუალოდ აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში რომ არაპროპორციულად მოვიქეცით და ეს უნდა ვაღიაროთ, მისაღებია. ამის მიუხედავად ქართული მხარეც ამ კონფლიქტის მსხვერპლად რჩება, ეს ჩვენს დაზარალებულობას ვერ გამორიცხავს. ვის უნდა მიემართებოდეს მშვიდობის დამყარების მოთხოვნა? უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ ის ან რუსეთის ხელისუფლებას მიემართებოდეს ან– სეპარატისტულ მთავრობებს, რადგან ისინი არიან, ვინც დღემდე ვნებენ ჩვენს მოქალაქეებს როგორც საქართველოს მიერ კონტროლირებად ისე არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ გაგებით საოკუპაციო ხაზთან, რა თქმა უნდა კარანტინამდე, ზოგჯერ იმართებოდა საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ქმედებათა წინააღმდეგ. კანადასა და აშშ–ს რომ გვადარებს, სადაც ყველაზე ცნობადი პაციფისტური მოძრაობა იყო ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, ვიეტნამში, აშშ მისგან ათასობით კილომეტრის მოშორებით მდებარე სახელმწიფოში სამხედრო ჩარევით ცალსახად ვერ იქნებოდა კონფლიქტის მსხვერპლი საქართველოსგან და ქართული მხარისგან განსხვავებით, რომლის ტერიტორიაზეც კონფლიქტი დაიწყო და დღემდე გრძელდება; რომლის მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდნენ, დაკარგეს სახლკარი, დაიხოცნენ. ყოველივე ეს დღემდე გრძელდება.

კარანტინისა და საყოველთაო პანდემიის პირობებშიც კი მოახერხეს რუსებმა გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანის გატაცება და საოკუპაციო ხაზის გადმოწევა. აკი ჟირინოვსკიმ თქვა, ეპიდემიის დამსახურებით სამხედრო ძალა არ დაგვჭირდება საქართველოს წინააღმდეგო? ეტყობა დაინახეს, რომ ვირუსი სათანადოდ ვერ გვწყვეტს და მაინც გადაწყვიტეს მამა–პაპური მეთოდების მიშველება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG