Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ჰყავს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს სტაბილური ამომრჩეველი?


ავტორი: ანი საბაშვილი

პარტია ეს არის ადამიანების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული ორგანიზაცია და მისი მთავარი მიზანია არჩევნების გზით პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვება. ნებისმიერ ქვეყანაში პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციას განაპირობებს სტაბილური ამომრჩეველის არსებობა, ამასთანავე ძლიერი კავშირი მოქალაქეებსა და პარტიას შორის იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მართვის სადავეები და ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი.

საქართველოში პედერსენის ინდექსის მაჩვენებელი, რომელიც ელექტორალურ მერყეობას ითვლის, 2008-2012 წლებში 55.8%-ს, ხოლო 2012-2016 წლებში 23%-ს გვიჩვენებდა. მიუხედავად პროცენტული სხვაობისა, საკმაოდ დამაფიქრებელია ის რეალობა, რომ ამომრჩევლის თითქმის მეხუთედი თავის არჩევანში მტკიცედ არაა დარწმუნებული. საინტერესოა რა განაპირობებს იმას, რომ მოქალაქეთა საკმაოდ დიდ ნაწილს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და შეიძლება მარტივად შეცვალოს არჩევანი.

პირველი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ჰყავს პარტიას სტაბილური ამომრჩეველი ეს არის ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის დეფიციტი. ნდობის ასპექტის დაბალი ხარისხი პარტიებისთვის უსიამოვნო უნდა იყოს სულ მცირე ორი მიზეზის გამო: პირველი- მათ დაკარგეს ამომრჩევლის თვალში ლეგიტიმაცია და მეორე-ყოფილი მომხრეები ამიერიდან მხარს დაუჭერენ კონკურენტ პარტიას. კვლევები ცხადყოფს, რომ 2012 წლიდან 2017 წლამდე საქართველოში პარტიების მიმართ ნდობა შემცირდა 21%-დან 8%-მდე, რაც გამოწვეულია იმით, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტიები „ძილის ფაზაში“ გადადიან და მოქმედებას არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იწყებენ. ეს კი თავის მხრივ განაპირობებს არჩევნებში მონაწილეობის დაბალ ხარისხს.

ამომრჩევლის პარტიულ მიკუთვნებულობაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს პარტიის მხრიდან პერმანენტული კომუნიკაციის დამყარებამ, რაც გულისხმობს იმას, რომ ინფორმაციის ცირკულაცია მიმდინარეობს ერთი მხრივ პარტიას და მეორე მხრივ ამომრჩეველს შორის. კომუნიკაცია არ უნდა იყოს მხოლოდ საარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი ატრიბუტი. კვლევების თანახმად, 2015 წელს ამომრჩევლის მხოლოდ 2% ენდობოდა ამა თუ იმ პარტიულ ორგანიზაციას, რის მიზეზიც შეიძლება ვიპოვოთ არჩევნების შემდგომ არსებულ კომუნიკაციურ ვაკუუმში და ამასთანავეიმედგაცრუებაში.

მეორე მხრივ, საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ პარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და მის სამოქმედო გეგმაზე, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ამომრჩევლის მხარდაჭერას. საქართველოში არსებული პარტიები სუსტად იდეოლოგიზირებულია, ეს კი გულისხმობს იმას, რომ მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული პარადიგმები, რასაც მიჰყვებიან და აქედან გამომდინარე ნაკლებად აქვთ თანმიმდევრული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა.

მთავარი მიზეზი, რაც ხელს უშლის სტაბილური ამომრჩევლის ჩამოყალიბებას ესაა პარტიებს შორის გამმიჯნავი ხაზის არარსებობა. იმ შემთხვევაში თუკი არ არსებობს ინდიკატორი, რომლითაც პარტია განსხვავდება სხვა დანარჩენისგან, ფაქტობრივად, ადამიანს უჭირს იდენტიფიცირება რომელიმე პოლიტიკურ ბლოკთან, შესაბამისად, მისი არჩევანიც არასტაბილურია. მცირეოდენ ბიძგს შეუძლია მოქალაქის პოზიცია რადიკალურად შეცვალოს და არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს.გამმიჯნავი ხაზების არარსებობის გამო წარმოიშვება ისეთი შემთხვევა, როდესაც მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი პარტია მოულოდნელად მემარცხენეებისთვის დამახასიათებელ საარჩევნო პროგრამას წარმოადგენს, საბოლოო ჯამში ვიღებთ ისეთ შედეგს, რომ ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამა ერთნაირია.

2018 წლის საზოგადოებრივი განწყობის გამოკითხვის შედეგებით რესპოდენტთა30%-მა არ იცოდა ვის მისცემდა ხმას, როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე. ხოლო შეკითხვაზე რომელი პარტია დგას შეხედულებებთან ახლოს თქვენს შეხედულებებთან გამოკითხულთა 48%-მა პირველ არჩევნად არცერთი პარტია დაასახელა. ხოლო NDI-ს მონაცემების მიხედვით 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 37%-მდე შემცირდა. იმავე კვლევაში კითხვაზე-ხვალ რომ არჩევნები იყოს ვის მისცემთ ხმას, გამოკითხულთა 57%-ს არ ჰქონდა გადაწყვეტილი.

დემოკრატიზაციის მესამე ტალღის დასაწყისიდან სუსტად ინსტიტუციონალიზებულ სისტემებზე ყურადღებას ამახვილებდა ჰანთინგტონი და პარტიას აღწერდა, როგორც ლიდერის, ანდა მცირე ჯგუფის პირად ინსტრუმენტად. საქართველოში, ისევე როგორც სხვა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში, ისტორიულმა პროცესებმა ჩამოაყალიბა ქარიზმატული მოდელის სისტემა, სადაც ამომრჩეველი ხელმძღვანელობს კანდიდატისადმი კეთილგანწყობით და თითქმის ნულამდეა დაყვანილი იდეოლოგიური სხვაობის მნიშვნელობა. ამის დამადასტურებელია 2017 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი, რომლითაც დასტურდება, რომ რესპოდენტების 50%-ისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო მერობის კანდიდატი, ვიდრე პარტია, რომელსაც ის წარმოადგენდა. ბრძოლა ხდება არა იდეებით და ფასეულობებით, არამედ პიროვნებებით და ლიდერით.

იდეოლოგიური კავშირი ამომრჩეველსა და პარტიებს შორის სტაბილური კავშირის საფუძველია. პერსონალურობის მაღალი ხარისხი აისახება საზოგადოებაში სუსტ პარტიულ ფესვებზე და თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს ელექტორალურ ანგარიშვალდებულებაზე.

საქართველოში პარტიული პოლიტიკა სუსტად არის ინსტიტუციონალიზებული, რაც ხელს უწყობს არასტაბილური ამომრჩევლის რაოდენობის ზრდას. ამისი მიზეზი არის ერთი მხრივ ადამიანთა სუსტი იდენტიფიკაციის დონე პარტიასთან, გამმიჯნავი ხაზების არარსებობა, ანუ რეალურად პარტიებს შორის იდეური განსხვავების დეფიციტი, ასევე დნობის დაბალი ხარისხი, ან ამ ხარისხის კლება პირვანდელ მაჩვენებელთან შედარებით. იმისთვის, რომ პარტიების რიგებში გაიზარდოს სტაბილური ამომრჩევლის რაოდენობა პირველ რიგში საჭიროა პარტიებმა მკვეთრად გაუსვან ხაზი მათ იდეოლოგიურ ფასეულობებს და ჰქონდეთ აღებული კონკრეტული პოლიტიკური კურსი. გაზარდონ საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობა და ასევე იზრუნონ მოქალაქეთა პერმანენტულ ჩართულობაზე მათი სამოქმედო პროგრამის შექმნის პროცესში, რაც საბოლოოდ ამომრჩეველთა პოლიტიკური მონაწილეობის მაღალი ხარისხის საწინდარია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG