Accessibility links

რატომ გამოყოფენ ქართული პოლიტიკური პარტიები საპენსიო თემას წინასაარჩევნოდ?


ავტორი : ზურაბ აბაშიძე

,,ყველა პენსიონერს უფასო ჯანდაცვა’’, ,,პენსია გახდება 1000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი’’, ,,პენსიონრები გათავისუფლდებიან კომუნალური გადასახადებისგან’’, ,,უფასო მედიკამენტები ყველა ასაკოვანს’’- ზემოთქმული იმ დაპირებათა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ქართული პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ იყენებენ.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული პენსიების თემატიკა მუდმივად აქტუალური იყო . პოლიტიკური ძალების უმეტესობამ , რომელთაც არჩევნებში გამარჯვება შეძლეს , ეს საკითხი საარჩევნო პლატფორმის უცვლელ ,,ატრიბუტად’’ აქცია, რაც რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული.

ისევე როგორც ევროპის ქვეყნების უმეტესობაში , ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს მოსახლეობის დაბერების პროცესი. იზრდება ასაკოვანი ადამიანების ხვედრითი წილი.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დღეს საქართველოში დაახლოებით 800 ათასი პენსიონერია , რაც მთლიანი მოსახლეობის 14%-ს , ხოლო ამომრჩეველის 24%-ს შეადგენს. ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიებისთვის ელექტორატის ამ ნაწილის გულის მოგება მეტად მნიშვნელოვანია. ისინი ცდილობენ ხმების მაქსიმალური რაოდენობის მოპოვებას და ერთ-ერთ მარტივ საშუალებად სწორედ ამ თემაზე აქცენტის გაკეთება ესახებათ.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დასავლეთის მსგავსი პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს, არ არსებობს ტრადიციული კუთვნილება პარტიის მიმართ და იდეოლოგიური განსხვავებების მნიშვნელოვნად აღქმა, პარტიებიც უკვე რაოდენობაზე აკეთებენ აქცენტს , ვიდრე საკუთარი მრწამსის ერთგულებაზე.

პენსიონერთა უმეტესობასაც ნაკლებად აინტერესებს პარტიის მანიფესტი თუ პოლიტიკური ვექტორი, მათთვის უმნიშვნელოვანესია ის ,თუ რომელი პოლიტიკური ძალა როგორ საპენსიო პაკეტს შესთავაზებს და , რა თქმა უნდა , ისინიც აგრძელებენ ამ თემაზე აპელირებას და პოპულისტური დაპირებებით წარმატების მიღწევას. ისინი მუდამ იმას ეუბნებიან ხალხს , რისი მოსმენაც მათ სურთ.

მართალია , ძირითადი გათვლა მხოლოდ პენსიონრებზე არ კეთდება ,მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი წარმატებისთვის სწორედ ესაა.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, ამომრჩეველთა 23 პროცენტი 60 წელს გადაცილებულია და მათი უმეტესობა რეგულარულად იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ესაა მუდმივი, სტაბილური ძალა ,რომელიც წარმატებისკენ გზას უკვალავს ახალ ხელისუფალთ. ინტერესების რყევა ამ ასაკობრივ ჯგუფში ნაკლებად შეინიშნება, მათი სურვილების თუ მოთხოვნების დიაპაზონი არც ისე ფართოა. მაგალითად, თუ გადავხედავთ წინა წლების საარჩევნო დაპირებებს ,ძირითადად , პენსიის მომატებასა და უფასო ჯანდაცვაზე სპეკულირებენ პარტიები და ფაქტია, წარმატებასაც აღწევენ.

ასევე აღსანიშნავია ისიც ,რომ საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე პენსია ,რომელიც შეადგენს 200 ლარს , მცირედით აღემატება საარსებო მინიმუმს, რაც საკმარისი არაა არსებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. პენსიონერი საკუთარი შემოსავლის იმედად ვერ იქნება ,რადგან ეს ძალიან მცირეა. მედიკამენტების , კომუნალური გადასახადებისა თუ საკვების ღირებულება საერთო ჯამში არსებულ პენსიას აღემატება, რის გამოც პენსიონერთა უმეტესობა თავიანთი ახლობლებისა თუ ნათესავების იმედზეა.

სწორედ ეს საკითხია მეტად ყურადსაღები. მართალია ,პენსიონერები ელექტორატის 24%-ს შეადგენენ ,მაგრამ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მათზე ზრუნავს ,ძირითადად 30-60 წლამდე პირები ,ამომრჩევლის 55%-ია.

გამომდინარე აქედან , თუ ჩვენ გათვლას პენსიონერთა ხმებზე გავაკეთებთ, საარჩევნო ,, ბადეში’’ მათი შვილები და შვილიშვილებიც ექცევიან,რადგან მათ სურთ ,რომ ფინანსური ტვირთი შეუმცირდეთ და, შესაბამისად , ელექტორატის რაოდენობაც საგრძნობლად იზრდება.

ასევე მნიშვნელოვანია ნდობის საკითხი. თუ დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს გადავხედავთ შევამჩნევთ , ახალგაზრდებზე ,როგორც მოწყვლად ჯგუფზე ცალსახად არცერთი პოლიტიკური ძალა არ აკეთებს აქცენტს ,რადგან ამ უკანასკნელთ პოლიტიკის მიმართ გაუცხოების გრძნობა გაუჩნდათ. მათი მოტყუება და მართვა გაცილებით რთულია და ასევე იმის ალბათობაც ძალიან მცირეა, რომ ისინი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმისა ,თუ რატომ არ ხარჯავენ ახალგაზრდების მოსაზიდად და დასაინტერესებლად პარტიები თავიანთ რესურსებს.

საპენსიო თემა ძალიან აქტუალურია ,რადგან ახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და კვლავ დაიწყება რუტინად ქცეული თემების წინ წამოწევა და ამომრჩევლების გრძნობებზე თამაში. ამ კუთხით საქართველოში ისეთი არაფერი ხდება ,რაც მსოფლიოს სხვა ბევრ სახელმწიფოში. მასების მოთხოვნებზე გათვლილი ფუჭი დაპირებები ხომ თითქმის ყველა ქვეყნის გამოცდილებაა, თუმცა როდესაც, თითქმის ორი ათეული წელი ერთსა და იმავე თემას ცხვირწინ გიტრიალებენ უნდა დაფიქრდე და სწორი არჩევანი გააკეთო.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG