Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უჩა სეთური და ჯემალ დამაცალაშვილი ინტერნეტიზაციაზე


უჩა სეთური და ჯემალ დამაცალაშვილი ინტერნეტიზაციაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:52:44 0:00

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის, მე-4-5 პუნქტების თანახმად: „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება“ და „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“. ცნობილია, რომ უფლებას, კონსტიტუციურსაც, სჭირდება განხორციელება და დაცვა. უპირველესი პირობა ამისთვის არის ინტერნეტზე წვდომის გაზრდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური პორტალის ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი და უკაბელო ინტერნეტის აბონენტების საერთო რაოდენობა 815 803-ია. ტენდენცია არის ზრდადი. მიმდინარე კვირაში საქართველოში მეხუთედ იმართება “საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი“, რომლის დღის წესრიგშია: საქართველოს ფართოზოლოვანი განვითარების გამოწვევები, ინტერნეტკონტენტისა და ონლაინ მედიის რეგულირება თუ თვითრეგულირება, უსაფრთხო ინტერნეტი და ბავშვები, პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები და ა.შ.. ინტერნეტმმართველობის ფორუმის ორგანიზატორმა, უჩა სეთურმა რადიო თავისუფლებას აუხსნა, რა პრინციპით განისაზღვრება დღის წესრიგი და რომ ფორუმის პირველი დღე დაეთმობა ტექნიკურ საკითხებს, რაც სპეციფიკურად ტექნიკური საზოგადოებისთვის არის საინტერესო. რაც შეეხება მეორე დღის თემებს: „პირველი საკითხია დაფარვის ნაწილი და რა პრობლემები გვაქვს, რადგან 3% დღესაც უკვე ე.წ. „თეთრ ზონებშია“, სადაც არ აპირებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები შესვლას და ბიზნესის განვითარებას. მეორე საკითხია ონლაინ კონტენტთან დაკავშირებული რეგულაციები და თვითრეგულაციები, რაც საკმაოდ პრობლემურად გამოიკვეთა ამ ეტაპზე - რა უნდა ვცქნათ იმავე სიძულვილის ენასთან დაკავშირებით - ამაზე იქნება მეორე სესია და 5 სპიკერი გვყავს და საკმაოდ საინტერესო პანელს ველოდებით. იქნება ლაპარაკი უსაფრთხო ინტერნეტსა და ლოკალურ კონტექსტზე. აგრეთვე იქნება მსჯელობა - რა ელოდება ქართულ ენას ინტერნეტში? დომინანტი ენები, იგივე ინგლისური ჭამს, სამწუხაროდ, პატარა ენებს და აქ ვისაუბრებთ ჩვენ როგორ მივდივართ, .ge-ზონა როგორ ვითარდება და .გე-ზონა როგორ ვითარდება. დინამიკა და პრაქტიკაა სანახავი, როგორ უნდა წავიდეთ წინ - აქვს თუ არა ამას პერსპექტივა და რა არის გასაკეთებელი ამ კუთხით. იქნება პერსონალური მონაცემების დაცვაზე მსჯელობა. ბოლო სესია შეეხება IoT-ს ე.წ. „ნივთების ინტერნეტს“, რომელიც არის მომავალი. ეს არის ინტერნეტში ჩართული მოწყობილობები, გარკვეულწილად ფლობენ ხელოვნურ ინტელექტსაც, ქმნიან ინტერნეტ-ტრაფიკს. ისინი, მაგალითად, პრობლემურია უსაფრთხოების კუთხით. კიბერშეტევების დროს ეს მოწყობილობები გამოიყენება როგორც შემტევი ობიექტები. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია გვექნება მეღვინეობასთან დაკავშირებით. ამაზე ისაუბრებს ერთ-ერთი უცხოელი მონაწილე როგორ გამოვიყენოთ ეს მოწყობილობები აგროსექტორში, მაღალმთიან რეგიონებში. სლოვენიის მაგალითი აქვს ჩამოტანილი“. უჩა სეთური რადიო თავისუფლების ეთერში ხაზგასმით ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მისაწვდომობა თავისუფალ ინტერნეტზე. „ფრიდომ ჰაუსის“ გასულ კვირაში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში ინტერნეტი არის „თავისუფალი“ (75/100), თუმცა მიუთითებს არსებულ გამოწვევებზე ამ სფეროში. მიმდინარე კვირაში იმართება აგრეთვე „სათემო ქსელების ევროპული ფორუმი“, რომელზეც საქართველოს გამოცდილებაზეც იმსჯელებენ. 2018 წელს დაარსდა „მთის სათემო ქსელი“, იმისთვის, რომ მთის დასახლებებში გაზრდილიყო ინტერნეტთან წვდომა. ინტერნეტკომუნიკაციის არსებობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა რამდენიმე მიმართულებით. მათ შორის უნდა გამოიყოს ის, რომ ადგილზე ინტერნეტზე წვდომა ადამიანების ნაწილისთვის შეიძლება იყოს გადამწყვეტი ფაქტორი მშობლიურ დასახლებაში ხანგრძლივად ყოფნისა და საქმიანობისთვის და მეორე - ინტერნეტიზაცია ხელს უწყობს ადგილობრივ ბიზნესებს მომხმარებელთან წვდომასა და ბიზნესის წარმართვაში. „მთის სათემო ქსელის“ დირექტორი, ჯემალ დამაცალაშვილი თუშეთის, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაციის წარმატებულ მაგალითებზე ლაპარაკობს. რადიო თავისუფლების ეთერში ის კონკრეტულ შედეგებსა და პროცესის პერსპექტიულობაზე ყვება:

XS
SM
MD
LG