Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დროა გადავწყვიტოთ - პიონერები ვართ, მიმდევრები თუ მაკოპირებლები


ავტორი: ლევან ბოძაშვილი

რატომ გვჭრდება კანონი ბლოკჩეინის შესახებ დაუყოვნებლივ

დღეს ბევრი ბლოკჩეინს ბიტკოინთან, კრიპტოვალუტასთან აიგივებს. ეს მიდგომა მცდარია. კრიპტოვალუტა, მაგალითად ბიტკოინი, ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რა შესაძლებლობებსაც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე, თუ ყველაზე არა, ინოვაცია - ბლოკჩეინი იძლევა.

დაწყებული სამედიცინო სფეროდან, ხელოვნებით, ფინანსური ტრანსაქციებითა და საავტორო უფლებებით, დასრულებული არჩევნებით - ბლოკჩეინი ყველაფრის, პრაქტიკულად ყველაფრის დაცულად, შუამავლის გარეშე და სწრაფად შეცვლას უზრუნველყოფს. როდესაც ლუი ვიტონისა და დიორის მფლობელმა კომპანიამ გადაწყვიტა ბლოკჩეინის გამოყენება საკუთარ ინდუსტრიაში, ბევრს გაუკვირდა თუ რა კავშირი შეიძლებოდა ყოფილიყო სუნამოსა და ტექნოლოგიას შორის. არადა კავშირი პირდაპირია - აუთენტურობის დაცვა. ბლოკჩეინი იძლევა საშუალებას თქვენს მიერ შეძენილი პროდუქცია საიმედოდ იყოს, როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე - ორიგინალი.

დღეს მსოფლიოში უკვე არაერთი ქვეყანაა, რომელმაც სხვადასხვა ფორმით ბლოკჩეინის რეგულირება მოახდინა. ესენია, საუკეთესო რეგულირების ნუმერაციით, შვეიცარია, მალტა, ესტონეთი, ლიხტენშტაინი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, სინგაპური, ბაჰრეინი, ბერმუდის კუნძულები და სხვა. ევროკავშირი აქტიურად მუშაობს ისეთი ტიპის რეგულირებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ფინანსურ მოგებას მომხმარებლებისათვის.

თითოეულ ამ ქვეყანას, ბლოკჩეინის რეგულაციამ მილიარდობით დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოუტანა - იმაზე მეტი ვიდრე ეს არის სოფლის მეურნეობაში თუ მარიხუანას წარმოებაში. 2024 წლისათვის ამ სფეროს გლობალური ბაზრის საერთო ბრუნვა 5.6 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. სწორედ აქ ჩნდება რესურსებით ხელმოკლე ქვეყნებისათვის დიდი პოტენციალი. უპირატესი სამართლებრივი გარემოს შექმნა ამ ტექნოლოგიური კომპანიებისათვის, რომელთა შემოსავლები მილიარდობით იზომება, ბუნებრივია პირველადი, პიონერული მიდგომის საკითხია. ქვეყნები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩამორჩებიან, ელოდებიან და აკვირდებიან სხვებს, მათ შორის საქართველოც, არ უნდა დაკარგონ ის ბუნებრივი მოცემულობა და შანსი, რომელიც ამ წლებში შეიქმნა და განუზომლად დიდ შესაძლებლობებს იძლევა. შესაბამისად, თავიდან უნდა ავირიდოთ ის რეალობა, როდესაც ჩვენ აღმოვჩნდებით სხვა ქვეყნების მიერ უკვე მიღებული კანონმდებლობის მაკოპირებლები და დავკარგავთ ზემოაღნიშნულ უპირატესობას დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად. პრობლემა იმაშია, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევს ამ კანონმდებლობის მიღება რათა გლობალური ეკონომიკის - უკვე ტოკენომიკის მიღმა არ აღმოჩნდეს ქვეყანა, ზუსტად ისე როგორც დღემდე ქვეყანაში არ გვაქვს ეპლის წარმომადგენლობა, ამაზონი და სხვა. მაგრამ მაშინ უკვე მიმდევრების, მოჩანჩალეების, მომხმარებლების როლში ვიქნებით და ეს სუპერინოვაციური შანსების პერიოდი ჩვენს მიღმა ჩაივლის. ოდესღაც კი გავაკეთებთ, მაგრამ გავაკეთებთ ძალიან გვიან, როდესაც უკვე საინვესტიციო უპირატესობა ხელიდან იქნება გაშვებული.

ჩვენი ქვეყანა არის რეგიონში სადაც მომეტებულია უსაფრთხოებითი რისკები. შესაბამისად საინვესტიციო მიმზიდველობაც სხვა ქვეყნებზე ნაკლებია. კანონმდებლობის მიღება, უპირატესი სარეგულაციო რეჟიმის მინიჭება ამ რისკებს საინვესტიციო თვალსაზრისით ამცირებს, აღებს ფანჯარას, რომ გლობალური, მულტინაციონალური კომპანიები ჩვენი ქვეყნით დაინტერესედნენ სწორედ ამ უპირატესი რეჟიმის გამო.

ამასთან, სწორედ ეს რეჟიმია მიმზიდველი მაშინ როდესაც საქართველო ჩინეთივით და ინდოეთივით მრავალმოსახლიანი არ არის, ანუ ჩვენ არ გვაქვს დიდი ბაზარი. ტექნოლოგია კი, თუ მას შესაბამის სარეგულაციო გარემოს შეუქმნი, ანეიტრალებს ამ საინვესტიციო ნაკლოვანებას რაც ჩვენს ქვეყანას აქვს სამწუხაროდ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ძალიან სწრაფად, დაუყოვნებლოვ, მთავრობამ არლამენტთან ერთად უნდა დაიწყოს კანონზე მუშაობა. დღეს პრაქტიკულად არ დარჩა მთავრობა მსოფლიოში, რომელსაც არ ჰყავდეს ამ სფეროს მრჩევლები და არ მუშაობდეს შესაბამის სტრატეგიაზე. ამიტომ, დროა გადავწყვიტოთ - პიონერები ვართ, მიმდევრები თუ მაკოპირებლები. ეს სიტყვები ლიხტენშტაინის პრემიერს ეკუთვნის, რომელმაც პირველი მოსმენით ბლოკჩეინის აქტი სულ 4 დღის წინ მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG