Accessibility links

რატომ ვერ ველევით ქართულ პოლიტიკაში ქარიზმატულ ლიდერებს?


ავტორი: დავით ჭკადუა

კითხვაზე თუ ვინ არის ქარიზმატული ლიდერი, ზუსტი პასუხი არ არსებობს. მაქს ვებერს აქვს შემუშავებული გარკვეული კონცეფცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არც აქ არსებობს აბსოლუტური კონსენსუსი.

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ შეგვიძლია განვმარტოთ, როგორი ლიდერია ქარიზმატული და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის, მაინც თავისუფლად გამოგვდის ამა თუ იმ პოლიტიკოსისთვის შესაბამისი სახელის დარქმევა.

ჩვენი ბლოგიც სწორედ მათ შეეხება, ქარიზმატულ ლიდერებს საქართველოში და იმას, თუ რატომ ვაჩერებთ არჩევანს მათზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის არც ისე გრძელვადიან პერიოდში ქვეყანამ მრავალი ლიდერი გამოიცვალა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლის სახელებიც დღემდე გვახსოვს და რომლის სახელებიც მივიწყებულია, თუმცა რამდენიმე გვარი სხვებთან შედარებით უფრო მკაფიოდ ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში.

შეიძლება ითქვას, რომ ყოველი არჩევნების წინ, დაწყებული 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს არჩევნებიდან, აქტიურდებიან პარტიები, რომლებიც არა მთლიანად პარტიულ წარმატებაზე არამედ ერთი კონკრეტული ლიდერის იმიჯის შექმნაზე არიან კონცეტრირებულები, რაც შემდგომ ამ პარტიის წარმატებას ავტომატურად განაპირობებს. უზენაესი საბჭოს არჩევნებში ამის ნათელი მაგალითი სწორედ ზვიად გამსახურდია გახლდათ, რომელისთვისაც, ცხადია, პარტიას არ შეუქმნია იმიჯი, მაგრამ მისი წარმატება და წარუმატებლობა პირდაპირ აისახებოდა პარტიის რეიტინგზეც. საბოლოოდ ზვიად გამსახურდიას პარტიამ, რომელიც ქარიზმატული ლიდერი გახლდათ და ქვეყნის ისტორიაში არა მარტო მისი უდიდესი მიღწევებით, არამედ ემოციური გამოსვლებითაც დაგვამახსოვრა თავი, საბჭოთა კავშირის მიერ ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა.

უკვე შემდგომ სახელმწიფო გადატრიალების დაწყებამდე ოპოზიციური ძალებიდანაც გამოიკვეთნენ ქარიზმატული ლიდერები, რისი მაგალითიც გია ჭანტურია გახლდათ, ხოლო სახელმწიფო გადატრიალების დაწყების შემდეგ მის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად ჯაბა იოსელიანი მოგვევლინა. ეს ყველაფერი საბოლოოს 1993 წელს ედუარდ შევარდნაძის ჩამოსვლით და 1995 წელს მისი გაპრეზიდენტებით დამთავრდა. ზემოთ ჩამოთვლილი სამივე ლიდერი გამოირჩეოდა მისი ქარიზმითა და დამახასიათებელი ნიშან თვისებებით, რომლებმაც მოახერხეს და მათ გარშემო გარკვეული პოლიტიკურ ძალაუფლებას მოუყარეს თავი. გია ჭანტურია 1994 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა, ჯაბა იოსელიანი კი მეტად აღარ ჩართულა პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს მან შეძლო და მის გარშემო მოახერხა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება „მოქალაქეთა კავშირის“ სახით, რომელიც შევარდნაძესთან უფრო ასოცირდებოდა, ვიდრე - პირიქით.

მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძე ორი საპრეზიდენტო ვადით მოვიდა ხელისუფლებაში, მას არ ღირსებია მშვიდი პოლიტიკური მოღვაწეობა და მასაც ჰყავდა აქტიური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. პრინციპში, თუ იმ დავიდარაბაში, რომელიც ზვიადის ხელისუფლების დამხობის შემდეგ კარგა ხნის განმავლობაში მიმდინარეობა, არ იყო იმის დრო რომ დახვეწილიყო პარტიული სისტემა და ხალხს კონცეტრაცია არა კონკრეტული პირის მიმართ ნდობაზე, არამედ პარტიის საარჩევნო პროგრამასა და იდეოლოგიაზე გაეკეთებინა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამის გარკვეული წინაპირობა ცალსახად შეიქმნა, თუმცა უკვე „მოქალაქეთა კავშირის“ ოპოზიციად მაინც ერთი კონკრეტული პირის გარშემო შემოკრებილი პარტიები ჩამოყალიბდნენ. ესენი იყვნენ - „ლეიბორისტული პარტია“, რომლის ლიდერიც დღემდე შალვა ნათელაშვილი გახლავთ ; „საქართველოს მწვანეთა პარტია“, რომლის ლიდერი ზურაბ ჟვანია გახლდათ ; „ბურჯანაძე - დემოკრატები“, რომლის ლიდერი გახლავთ ნინო ბურჯანაძე ; „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ლიდერი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი. თუ არ ჩავთვლით შალვა ნათელაშვილის, სწორედ დანარჩენებმა ჩაუყარეს ვარდების რევოლუციას საფუძველი და ოთხივე მათგანი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ქარიზმატულობით.

ამის შემდგომ, შალვა ნათელაშვილი დარჩა პოლიტიკურ სარბიელზე, თუმცა არა იმ რეიტინგით, როგორიც მას 2002 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჰქონდა, ზურაბ ჟვანია ტრაგიკულად გარდაიცვალა, ხოლო ნინო ბურჯანაძეც მსგავსად შალვა ნათელაშვილისა ოპოზიციაში გადავიდა სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევის შემდგომ. აღსანიშნია, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც, სადაც მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი ლევან გაჩეჩილაძე გახლდათ, რომელიც არანაკლები ქარიზმატულობით გამოირჩეოდა და საბოლოოს სერიოზული კონკურენციაც გაუწია ექს-პრეზიდენტს.

ამ ხნის განმავლობაში საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ განვითარებულიყო პარტიული პოლიტიკა, თუმცა ეს არ მოხერდა, რასაც, ალბათ, თავისი მიზეზები ჰქონდა:

1. პირველი ასეთი მიზეზი, ჩემი აზრით, მმართველობის ტიპი და საარჩევნო სისტემაც გახდა, რომელიც პრეზიდენტთან მიმართებაში ჯერ საპრეზიდენტო, შემდგომ კი საერთოდ სუპერ-საპრეზიდენტო მმართველობად ჩამოყალიბდა.

2. მეორე რამაც პარტიული პოლიტიკის განვითარებას შეუშლა ხელი შერეული საარჩევნო სისტემა და 2003 წლის ახალი რევოლუცია გახდა, რომლებმაც, გარკვეულწილად, დაამუხრუჭა ხალხის პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება, რადგან ისინი კვლავ მაჟორიტარებზე და კონკრეტულ ლიდერებზე მიკერებული გახადა.

3. მესამე მიზეზი გახლავთ, მესიანისტური იდეები ქართულ რეალობაში. ერთი კონკრეტული ადამიანის გაღმერთება და იმის იმედით ყოფნა, რომ იგი საქართველოს დაიხსნის საუკუნოვანი მონობიდან და სწორ გზაზე დააყენებს. ამ იდეის განვითარებას გარკვეულწილად საბჭოთა კავშირმაც შეუწყო ხელი, რადგან თვითონ საბჭოთა კავშირიც მესიანისტურ იდეალებზე იყო შექმნილი, სადაც ბელადის კერპი გახლდათ გაღმერთებული.

4. მოგეხსენებათ ისიც, რომ საბჭოთა კავშირამდე ჩვენ მხოლოდ სამ წლიანი ისტორია გვაქვს რესპუბლიკის სახით, ხოლო ცარისტულ რუსეთამდე საერთოდ მონარქიულ წყობილებაზე გახლდით, სადაც ერთი კონკრეტული ადამიანი სუბიექტურად იღებდა ნებისმიერ გადაწყვეტილებას. პოლიტიკურ ახლომხედველობაში ჩაგვეთვლება თუ არ აღვნიშნავთ, რომ ესეც ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ამ ყველაფრის.

დასკვნისთვის კი იმის თქმა შეიძლება, რომ მიუხედავად საქართველოს ისტორიისა, რომელიც მთელი მისი არსებობით ქარიზმატული ლიდერების არსებობას ეფუძნება, ჩვენ ნელა, მაგრამ ცალსახად, მივიწევთ პარტიული პოლიტიკის განვითარებისკენ, რაც საბოლოოდ, თუ პოლიტიკურმა დისკურსმა კალაპოტი არ შეიცვალა, მიგვიყვანს საპარლამენტო რესპუბლიკამდე, სადაც გვეცოდინებიან მეტად პარტიები და მათი იდეოლოგიები, ვიდრე მათი ერთპიროვნული ლიდერები.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG