Accessibility links

რატომ უჭერენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ტრადიციულად მხარს, მმართველ პარტიას?


ავტორი: სოფო ფალიანი

საქართველოს ეთნიკური უმცირესობების არსებობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. მათი საკითხი სახელმწიფოს დღის წესრიგში სტაბილურად აქტუალური თემაა - ის შესაძლოა, არ იდგეს წინა პლანზე, თუმცა, აქტუალობის რაღაც დონეს მუდამ ინარჩუნებს. მნიშვნელოვანია, თუ როგორ არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში ჩართულნი. მაგალითად, ქართულ საარჩევნო პრაქტიკას თუ გადავხედავთ , შეიმჩნევა საინტერესო ტენდენცია - ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერით, როგორც წესი, სარგებლობს ხოლმე ხელისუფლების მიერ წარდგენილი ან მხარდაჭერილი სუბიექტი. ეს შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული.

გამომდინარე იქიდან, რომ ეთნიკური უმცირესობების სეგმენტის ათვისება მოითხოვს სპეციფიურ რესურსს, როგორც მიდგომის, ასევე კადრებისა და შესაბამისი ენის კუთხით, ცალკეული პარტიები მათზე ნაკლებ ყურადღებას ამახვილებენ, ვინაიდან, მომგებიანობის თვალსაზრისით, შედარებით მცირერიცხოვან ამომრჩეველზე (უმცირესობები) მორგებული პროგრამის შემუშავება მოითხოვს დამატებით რესურსს მაშინ, როცა ქვეყნის ძირითად მოსახლეობაზე გათვლილი პროგრამა განვრცობადია უფრო დიდ კონტიგენტზე და პოტენციური შედეგიც მეტია.

სწორედ არასახელისუფლებო პარტიების მხრიდან გულგრილობა არის ერთერთი მიზეზი ზემოთ აღნიშნული ტენდენციისა. ვინაიდან, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს არ აქვთ რაიმე განსაკუთრებული მცდელობა ეთნიკური უმცირესობებისადმი ყურადღებისა, ამ უკანასკნელთა საარჩევნო ქცევაც შესაბამისია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდანაც არ აქვს ადგილი უფრო დადებით ქმედებებს, არაინფორმირებული / ნაკლებად ინფორმირებული ჯგუფებისათვის ის მაინც საუკეთესო ალტერნატივად რჩება პრობლემებთან ბრძოლის კუთხით. მიუხედავად პრობლემების ისევ და ისევ არსებობისა, მათ თვალში, ხელისუფლებას, როგორც მინიმუმ, ძალაუფლება , ბერკეტები, რესურსი მაინც აქვს პრობლემების მოსაგვარებლად მაშინ , როდესაც ამისთვის ოპოზიციურ პარტიებს არც ჩამოთვლილი უპირატესობები აქვს, და არც მონდომება. სწორედ ამიტომ, განცდა, რომ "ცუდსა და უარესს" შორის უარესი არასახელისუფლებო პარტიები არიან, ინფორმაციის ვაკუუმში მყოფ ეთნიკურ უმცირესობებში განსაკუთრებით გამძაფრებულია .

ენობრივი ბარიერი პირდაპირ გავლენას ახდენს ეთნიკურ უმცირესობათა საარჩევნო პროცესში ეფექტურ ჩართულობაზე . მიუხედავად იმისა , რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მდგომარეობის ამ კუთხით გაუმჯობესებისათვის გადაიდგა სხვადასხვა ნაბიჯი, რაც გულისხმობს , მაგალითად, სხვადასხვა საარჩევნო მასალის (საქართველოში მცხოვრები ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფებისათვის) სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნას, ეს არ არის საკმარისი მათი სრული ინტეგრაციისათვის, რამდენადაც, მხოლოდ ამომრჩეველთა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმირების უზრუნველყოფა შეუძლია, თავად პარტიათა პროგრამებსა და კანდიდატებზე კი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, რადგან პარტიები, როგორც წესი, არ თარგმნიან საკუთარ საარჩევნო პროგრამებს, ქართული ენის არმცოდნეებს კი, მექანიკური, "ბრმა" არჩევანის გაკეთება უწევთ.

მიუხედავად იმისა, რომ ვსაუბრობთ ეთნკური უმცირესობების საარჩევნო ქცევაზე, მრავალი მიზეზი, რაც მას განაპირობებს, შესაძლოა ანალოგიური იყოს თავად ქართულ (არაუმცირესობის წარმომადგენელ) მოსახეობაშიც. მაგალითად, ხშირად მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ დაპირისპირება (თუნდაც არჩევნებში მისი კონკურენტისთვის ხმის მიცემა) გარკვეული უსიამოვნებების მომტანი შეიძლება იყოს. ამიტომაც, ადამიანები მისთვის ლოიალური დამოკიდებულების ჩვენებით ცდილობენ "სიმყუდროვე" შეინარჩუნონ. ეთნიკური უმცირესობებიც, როგორც წესი, პოლიტიკურად პასიური როლის შესრულებას არჩევენ, რითაც, ადგილობრივ თემებში საკუთარი ცხოვრების წესს ერთგვარ იზოლირებულ წრეში ინარჩუნებენ.

მართალია, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, როგორც წესი, იმარჯვებს სახელისუფლებო ძალა, მაგრამ ,შესაძლოა , ეს სულაც არ იყოს ყველა შემთხვევაში თავად მოსახლეობის მიერ გაკეთებული არჩევანი (თუნდაც მექანიკურად ხმის მიცემის დონეზე). ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური აქტივობის დონე არის ძალიან დაბალი - ადგილობრივი მოსახლეობა არ მონაწილეობს პოლიტიკის დაგეგმარების, განხორციელებისა თუ შეფასების პროცესებში. სხვა ფაქტორებთან ერთად, პოლიტიკური მონაწილეობა შესაძლოა შეაფერხოს გულგრილობამ (მეტწილად იმედგაცრუებით გამოწვეულმა) პოლიტიკის მიმართ. იმის შეგრძნება, რომ "ჩემი ხმა მაინც ვერაფერს ცვლის", იწვევს საარჩევნო "აბსენტიზმს" - მოსახლეობის დიდი ნაწილი უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს ზრდის იმის შანსს, რომ მათ მიერ გამოუყენებელი ბიულეტენი გამოყენებულ იქნეს ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ. შესაძლოა, მრავალი ფაქტი სახელისუფლებო პარტიათა საარჩევნო "წარმატებისა", ამითაც აიხსნას.

შეგვიძლია ვთქვათ , რომ ეთნიკური უმცირესობების მმართველი პარტიისადმი მიმხრობა არჩევნებში, არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზით განპირობებული. ზემოთ ჩამოთვლილებთან ერთად, ეს შეიძლება იყოს ძალოვანი უწყებების ზეწოლა სეპარატიზმთან ბრძოლის საბაბით; კოლექტიური მიმხრობა მანიპულირების მეშვეობით როგორც ოჯახის, ასევე თემის დონეზე და ა.შ. თუმცა, ამ ტენდენციის შეცვლა შეიძლება სწორი პოლიტიკის გატარებით: სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამების შემოღებით (რისი პრეცედენტებიც გვაქვს), უმცირესობათა წარმომადგენელთათვის ჯანსაღი გარემოს შექმნით, რათა შეძლონ სრულად ინტეგრირება საზოგადოებაში არა როგორც უმცირესობის წევრებმა, არამედ, როგორც სრულფასოვანმა მოქალაქეებმა. ამ მხრივ, მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება - ეთნიკურ უმცირესობათა ახალგაზრდა თაობას მეტი საშუალება აქვს ისწავლოს ქართული ენა, მიიღოს უმაღლესი განათლება და შესაბამისად, ჰქონდეს დასაქმების , კარიერული წინსვლის, საზოგადოებაში სოციალიზაციის მეტი შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG