Accessibility links

რატომ ქრება საქართველოში მმართველი პარტიები ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ?


ავტორი: სანდრო ჯიბლაძე

კონსოლიდირებული დემოკრატიის დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური პარტიული სისტემის არსებობა. სწორედ პარტიების მეშვეობით მოქალაქეები სახელმწიფოს უკავშირდებიან. საქართველოში პარტიული სისტემის არამდგრადობაზე მეტყველებს ყოფილი მმართველი პარტიების პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა. შიდაპარტიული ორგანიზაციის სისუსტის მიზეზია პარტიებსა და მოქალაქეებს შორის სუსტი კავშირი. მიუხედავ იმისა, რომ საქართველომ დემოკრატიის განვითარების მხრივ გარკვეულ პროგრესს მიაღწია,პარტიათა სუსტი ინსტიტუციონალიზაცია საგრძნობია, რაც პოლიტიკურ პროცესებს არაპროგნოზირებადს ხდის. ეს საკითხი აქტუალობას იძენს მოქმედი მმართველი პარტიის წევრების მიერ მისი რიგების დატოვების გათვალისწინებით. ძნელია ვარაუდის გაკეთება, თუ ქართულ ოცნებას მოუწევს ხელისუფლების დათმობა, იარსებებს ის თუ არა როგორც დამოუკიდებელი პარტია.

საქართველოში პარტიების სისუსტის უმნიშვნელოვანესი მიზეზია მათი ძლიერი დამოკიდებულება ლიდერთან. წამყვან პარტიებს გავლენიანი ფიგურები ქმნიან. ლიდერის ქარიზმატულობას შეიძლება გამოხატავდეს მისი პოლიტიკური გამოცდილება, წარმატებული ბიზნესი ან საზღვარგარეთ მიღებული განათლება. არაპოპულარული მმართველობის დამხობა უფრო მეტად ქარიზმატული ლიდერის დამსახურებად ითვლება, ვიდრე მთავარი ოპოზიციური პარტიისა. ამგვარი პარტიის ხელისუფლების მოპოვების შემდეგაც პარტიის ლიდერის, როგორც მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირის როლი არ მცირდება. ამიტომაც საქართველოში ლიდერზე დამოკიდებული პარტიები ინსტიტუციონალიზებულ პარტიებად ვერ გარდაიქმნა. ლიდერის პოლიტიკიდან ჩამოშორების შემდეგ ვერ მოხერხდა პარტიების - „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ და „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ შენარჩუნება. ლიდერის გარეშე დარჩენილი დასუსტებული ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წევრები არ ცდილობდნენ პარტიის რეორგანიზაციას და ახალი პრინციპების დამკვიდრებას. ისინი მოკლევადიანი ფინანსური და პოლიტიკური ინტერესების გამო უერთდებოდნენ ახლად აღორძინებულ პოლიტიკურ ძალებს და ამით ინარჩუნებდნენ პოლიტიკური წარმატების შანსებს.

საზოგადოებაში არსებობს ქარიზმატული ლიდერისადმი მოთხოვნა. მოქალაქეები არ ენდობიან პარტიებს. ლიდერისადმი მათ თავდაპირველად ძლიერი ნდობა აქვთ, თუმცა ქართველი ამომრჩეველი ლიდერისგან გადაჭარბებული მოლოდინის გამო სწრაფად იცვლის განწყობას. შესაძლოა ქარიზმატული ხელმძღვანელის არსებობა სასარგებლო იყოს პარტიისათვის ხელისუფლების მოპოვებისას, თუმცა პოლიტიკური ინსტიტუტის ფუნქციონირება მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. მოსახლეობის მხრიდან გადაჭარბებული მოლოდინს შეგვიძლია დავუკავშიროთ დომინანტური პოლიტიკური სისტემის პრაქტიკის ჩამოყალიბება და პრეზიდენტების დიდი ლეგიტიმაცია. ასეთი ნდობის პირობებში მმართველი პარტიები აღარ ფიქრობენ სხვა პარტიებთან და ორგანიზაციებთან თანაშრომლობაზე. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის მიერ არჩევნებში 97%-ით გამარჯვება გადაჭარბებული მოლოდინების დამადასტურებელია, რადგანაც ხელისუფლების მოპოვებიდან მალევე დაიწყო მასობრივი პროტესტები. ასევე დიდი უპირატესობით გამარჯვებული ზვიად გამსასხურდია პოლიტიკიდან იძულებით ჩამოაშორეს.

პარტიები შეიძლება შენარჩუნდნენ ქარიზმატული ლიდერის არსებობის შემთხვევაში, თუმცა ის ვერ შეძლებს საკუთარი თავის გადარჩენას თუ ვერ მოახერხა სახელმწიფო ინსტიტუტების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გარკვეულ დონეზე განვითარება. თუ შევადარებთ ე. შევარდნაძის და მ. სააკაშვილის მმართველობას, პირველ შემთხვევაში სახელმწიფოს არ შეეძლო მის სტრუქტურებში დასაქმებული მოქალაქეების შენახვა, სახლმწიფო ინსტიტუტები ვერ ასრულებდნენ საკუთარ ფუნქციებს, რამაც „საქართველოს მოქალაქეთა კავშირს“ საყრდენი გამოაცალა, მან ვერ შეინარჩუნა სახელმწიფო რესურსები. სახელმწიფოს ინსტიტუტებთან ერთად შიდაპარტიულმა ფინანსურმა არადგრადობამ ხელი შეუწყო მმართველი პარტიის დაშლას და მის გაქრობას.„ერთაინი ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა მუდმივი მხარდამჭერების სახელმწიფო უწყებებში შენარჩუნება. დასაქმებულებს ხელფასები გაეზარდათ; სახელმწიფო ინსტიტუტებმა დაიწყო ფუნქციონირება; კავშირი დამყარდა სამოქალაქო საზოგადოების ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან, როგორებიცაა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. ზემოთ აღნიშნულმა ფაქტორებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი შეუწყო მიეღწია არჩევნებამდე, რომელშიც ლეგიტიმურად დამარცხდა.

საქართველოში პარტიულ სისტემას ახასიათებს ფრაგმენტაციის მაღალი ხარისხი. რამდენიმე მსხვილი პარტიის ნაცვლად არსებობს ბევრი სუსტად ორგანიზებული პარტია, რაც აფერხებს დემოკრატიის განვითარებას. ამომრჩეველთა განწყობა ცვალებადია. ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში გამარჯვებული იღებს დიდ უპირატესობას. სახელისუფლებლო პარტია უფრო მეტად სარგებლობს სახელმწიფო და კერძო ფინანსური რესურსებით. ოპოზიციური პარტიებს კი პოლიტიკაში რეალური გავლენა არ გააჩნიათ. აქ იკვეთება პრობლემა, თუ რატომ არ ცდილობენ ხელისუფლებას ჩამოშორებული პარტიები საკუთარი ორგანიზაციის შენარჩუნებას. მმართველი პარტიის ლიდერებს უმძიმთ ხელისუფლების დათმობა და არ სურთ იყვნენ ოპოზიციაში, რა დროსაც მათი გავლენა მკვეთრად შემცირებულია. ეს არ დადასტურდა პარტია „ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში“, თუმცა ეს პარტია გამუდმებით აპელირებს მის მიერ ძალაუფლების დაბრუნების პერსპექტივაზე.

ქართულ პარტიებს არ აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული გამმიჯნავი ხაზები. შეიძლება ისინი საკუთარ თავს მოიაზრებდნენ რომელიმე იდეოლოგიასთან, თუმცა განსხვავებული პროგრამები ჰქონდეთ და რეალობაში სხვანაირ პოლიტიკას ატარებდნენ. ამის გამო ყველა პარტიის პროგრამა ერთმანეთს უახლოვდება, მოსახლეობას ურთულდება პარტიებს შორის იდეოლოგიური სხვაობის დანახვა. ქართულ რეალობაში განსაკუთრებით მტკივნეულია წამყვანი პოლიტიკურ პარტიების ბუნდოვანი იდეოლოგია. იდეოლოგიაზე ორიენტირებული პარტიები კი არაპოპულარულია. გამომდინარე აქედან, პროგრამაზე მეტად ლიდერზე ორიენტირებულ პარტიებს უადვილდებათ ძალაუფლების მოპოვება, ხოლო მათ ხელისუფლების ხანგრძლივად შენარჩუნება უჭირთ. ამომრჩეველი ვერ აიგივებს თავს რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან. ეს პრობლემა დაკავშირებულია გამმიჯნავი ხაზების არარსებობასთან. სხვანაირად, რომ ვთქვათ, პარტია არის არა რომელიმე სოციალური ჯგუფის ინტერესების გამომხატველი, არამედ კონკრეტული პიროვნებების და ელიტების დაწინაურების საშუალება. როდესაც საზოგადოების იმედგაცრუება ლიდერის მიმართ მკვეთრად იზრდება, პარტიებს კი არ ახასიათებთ გამოკვეთილი იდეოლოგია და სტაბილური ორგანიზაცია, რომ შეინარჩუნონ გავლენა საზოგადოებაში, ამ შემთხვევაში ერთადერთი იარაღი რჩება წინა ხელისუფლების დისკრედიტაცია.შესაბამისად კავშირი პარტიასა და ამომრჩეველს შორის სუსტია ან ატარებს იძულებით ხასიათს.

როგორც ვხედავთ, პარტიული სტაბილურობა კომპლექსურ საკითხებთან არის დაკავშირებული, პარტიები უნდა იყოს შინაგანად ძლიერი, ჰქონდეთ კავშირი როგორც საზოგადოებასთან, ასევე სხვა არაპოლიტიკურ ორგანიზაციებთან და გააჩნდეთ მყარი ფინანსური დასაყრდენი. მნიშვნელოვანია შემცირდეს ლიდერის როლი ქართულ პოლიტიკაში. ამ ფაქტორების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მათ გაურთულდებათ პოლიტიკურ სისტემაში გავლენიან ძალებადდარჩენა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG