Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაულ ლოლუა: მე არ მეშინია ქართველებთან დაჯდომის, რადგან ჩვენ გამარჯვებულები ვართ


რაულ ლოლუა
რაულ ლოლუა

ავტორი: ვიტალი შარია

22 ნოემბერს მოსკოვში გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით „დსთ-ს ურთიერთმოქმედების როლი“, რომელშიც რუს, აფხაზ, ოს და დნესტრისპირელ დეპუტატებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც. „ეხო კავკაზას“ ცნობით, კონფერენციას მოსკოვში არ ესწრებოდნენ უკრაინისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები, რუსეთის მხრიდან კი ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო სათათბიროს მსხვილი საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელები გენადი ზიუგანოვი, ვლადიმირ ჟირინოვსკი და სერგეი მირონოვი.

“კონფერენციის ორგანიზატორები სიამაყით აღნიშნავდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან პირველად მოხერხდა ჩატარებულიყო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ პარლამენტარები როგორც მოლდავეთიდან, ისე დნესტრისპირეთიდან, აფხაზეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან და საქართველოდან, რაც აფხაზური დელეგაციისათვის მოულოდნელი იყო“, - ამბობს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი რაულ ლოლუა, რომელიც სეპარატისტების დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

მათ არაფერი მოუნანიებიათ

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რომ კონფერენციაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა გიორგი ლომია, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის ხელმძღვანელი, რომელიც, ლოლუას თქმით, კეთილგანწყობით საუბრობდა და მადლობა გადაუხადა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს, მხარს უჭერდა პირდაპირ დიალოგს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან, იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო დუმა იძლევა.

არც ადა მარშანიას, არც ემზარ კვიციანს ან რომელიმე სხვას უთქვამს, “ბოდიშს ვიხდით აფხაზი ხალხის წინაშეო”. ეს ამხანაგი – გიორგი ლომია - “ძმებად” მოგვიხსენიებდა, მაგრამ მაშინ რატომ არ აღიარეს ყველაფერი, რაც აქ [აფხაზეთში] ჩაიდინეს?!
რაულ ლოლუა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის წევრის თანახმად, მან მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, რომ ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა ასევე ადა მარშანია, რომელსაც რაულ ლოლუა “აფხაზი ხალხის მოღალატე ლორიკ მარშანიას ქალიშვილად“ მოიხსენიებს”. ასევე სიურპრიზი აღმოჩნდა ლოლუასა და მისი კოლეგებისთვის ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ემზარ კვიციანის ყოფნა:

“ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გასაკვირი იყო. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ომის შემდეგ მთელი გზა გამოვიარე, დაწყებული კოდორის ხეობიდან და, მართალია, გვქონდა გარკვეული შეთანხმებები სვანებთან, მაგრამ იყო ბევრი ისეთი სიტუაციაც, როცა ხდებოდა პირდაპირი შეტაკებები, იხოცებოდნენ ჩვენი ბიჭები, მათ შორის – სამხედროები...”

„ეხო კავკაზასთან“ საუბარში რაულ ლოლუამ გულისწყრომითა და მწუხარებით აღნიშნა, რომ ფორუმზე მყოფი ქართული დელეგაციის არც ერთ წევრს “არაფერი მოუნანიებია”.

“არც ადა მარშანიას, არც ემზარ კვიციანს ან რომელიმე სხვას უთქვამს, “ბოდიშს ვიხდით აფხაზი ხალხის წინაშეო”. ეს ამხანაგი – გიორგი ლომია - “ძმებად” მოგვიხსენიებდა, მაგრამ მაშინ რატომ არ აღიარეს ყველაფერი, რაც აქ [აფხაზეთში] ჩაიდინეს?! აღიარონ მაშინ! რატომღაც არ გაგვიგია ამ ადამიანების ხმა არც 2008-ში, 1998-ში, 2001-ში”.

ყველა კმაყოფილია თავისი წარმატებით

რაულ ლოლუასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა ქართული დელეგაციის მონაწილეობა ღონისძებაში, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში თანამშრომლობას ეხებოდა. თუმცა ლოლუა აცხადებს, რომ ასეთი მოულოდნელი შეხვედრა ქართველებთან ვერ მოახდენს მისი და მისი კოლეგების კომპრომეტირებას.

„ჩვენ გამარჯვებულები ვართ და, ჩემი აზრით, შეგვიძლია საუბარი, - ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ვერც პირადად ჩემს, ვერც ჩვენი დელეგაციის რომელიმე სხვა წევრის და ვერც მთლიანად დელეგაციის რაიმე სახით კომპრომეტირებას ეს ვერ მოახდენს, რადგან თითოეული ჩვენგანი ჩვენი ქვეყნის, აფხაზეთის, პატრიოტია. ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს აზრს და მივიტანთ მას ქართველებამდე. ჩვენ აღიარებული სახელმწიფო ვართ - აღიარებული უზარმაზარი რუსეთის მიერ და თუ ქართველები ფიქრობენ, რომ მოსკოვში ვოიაჟებით თავის “აფხაზურ საკითხს” მოაგვარებენ, ძალიან ღრმად ცდებიან“, - აღნიშნავს „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ლოლუა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ქართველებს სხვა გზა არ დარჩენიათ და ნელ-ნელა თავადაც იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ „აფხაზეთის აღიარების გარდა“ სხვა გზა არ რჩებათ.

აფხაზი პარლამენტარები კი წარმატებად მივიჩნევთ იმას, რომ, მართალია, აფხაზეთი დსთ-ის წევრი არ არის, მაგრამ შევძელით მონაწილეობა მიგვეღო ესოდენ პრესტიჟულ ღონისძიებაში გაეროს წევრი სახელმწიფოების მხარდამხარ...
რაულ ლოლუა

„აღიარებენ აფხაზეთს – კი ბატონო, დავიწყებთ სამომავლო ურთიერთობებზე მუშაობას… უბრალოდ, მსგავსი დიალოგი იქ (მოსკოვში), სამწუხაროდ, არ ყოფილა. სიამოვნებით შევიდოდი ამ ამხანაგთან [გიორგი ლომიასთან] დისკუსიაში. ვეტყოდი: «გამოდით პარლამენტში, მოუწოდეთ თქვენს ქვეყანას, შეწყვიტოს შეიარაღება. ვინ გესხმით თავს? უარი თქვით ნატოში გაწევრიანებაზე!“, - ამბობს რაულ ლოლუა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ჩვენი სახლი - აფხაზეთის” ხელმძღვანელი. მის გარდა მოსკოვში გამართულ კონფერენციაში სოხუმიდან მონაწილობდნენ დიმა გუნბა, ალმას ჯოპუა და კახა პერტაია.

რაულ ლოლუას აზრით, ეს იყო „ტიპური შემთხვევა“, როდესაც ერთი ღონისძიების მონაწილეები აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც განსხვავებული მიზნები ჰქონდათ და, შესაბამისად, თითოეულმა განსხვავებულადაც წარმოაჩინა თავისი წარმატება.

“ასე, მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე, კომუნისტი ლეონიდ კალაშნიკოვი ამ დღეებში რუსეთის ერთ-ერთი ტელეარხის თოკშოუში იკვეხნიდა, როგორ მოახერხა ერთ მაგიდასთან დაესხა ქართველი, აფხაზი და ოსი დეპუტატები. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” კვლავ განუხრელად სწამს აუხდენელისა და ჰყვება თბილისში, რომ კონფერენციის ფარგლებში „მოლაპარაკებები აწარმოა“ აფხაზებსა და სამხრეთ ოსებთან. აფხაზი პარლამენტარები კი წარმატებად მივიჩნევთ იმას, რომ, მართალია, აფხაზეთი დსთ-ის წევრი არ არის, მაგრამ შევძელით მონაწილეობა მიგვეღო ესოდენ პრესტიჟულ ღონისძიებაში გაეროს წევრი სახელმწიფოების მხარდამხარ”, - განუცხადა რაულ ლოლუამ „ეხო კავკაზას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG