Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაჭის ამბებზე...


ავტორი: ირაკლი ავალიანი, მხატვარი-სცენოგრაფი (სოფ. ბუგეული, ამრბოლაურის რაიონი. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი)

ფრანგი მწერლის, რომენ გარის წიგნში „ცის ფესვები“, რომელიც ერთ-ერთ პირველ ეკოლოგიურ რომანად ითვლება, სიუჟეტი აფრიკის პოსტკოლონიალური უახლესი ისტორიის ფონზე ვითარდება.

აფრიკა სულ ახლად გათავისუფლებულა კოლონიალიზმისგან და შენებას იწყებს. სპილოებზე ნადირობა გახშირებულა. მათ უმოწყალოდ ხოცავენ, რადგან ისინი ანადგურებენ მოსავალს, თელავენ მინდვრებს, აფრთხობენ მისიონერებს. საშიშროებას უქმნიან ახლად გაყვანილ გზებსა და ინფრასტრუქტურას. რაც მთავარია მათ ხოცავენ მათი ძვირფასი ეშვებისათვის, რომლის რეალიზაციაც, დამშეული აფრიკელების შემოსავლის დიდი წყაროა.

ამ გარემოებაში, იდეალისტი ფრანგი აქტივისტი - გვარად მორელი, ტყეშია გახიზნული და პარტიზანულად, ამაოდ ებრძვის სპილოზე მონადირე მდიდარ ბრაკონიერებსა და ევროპელ თუ ადგილობრივ პლანტატორებს. მათი რიცხვი კი ულევია. ერთხელ მას ახალგაზრდა აფრიკელი რევოლუციონერი უსეაყვედურებს: „რაში გვჭირდება სპილოები? მათ არაფერი სარგებელი მოაქვთ, ჩვენ მათ ნაცვლად ტრაქტორები გვესაჭიროება !“.

სულ ეს ეპიზოდი მახსენდება, როდესაც ყურში ჩამესმის საქართველოში მინი-ჰესების მშენებლობის ენთუზიასტების სიტყვები, ხშირად სავსე დამაჯერებელი არგუმენტებით:

"ჩვენ ჰესები გვჭირდება ენერგო-დამოუკიდებლობისთვის. აბა რუსეთზე ხომ არ ვიქნებით სულ მიბმულები (პატრიოტიზმი) ?! გვაქვს წყალი ოხრად და არ უნდა გამოვიყენოთ (პრაგმატიზმი) ?! ეს ხომ განახლებადი უვნებელი ენერგიაა (სიმდიდრე) ?! რისი გეშინიათ ? რა ეშმაკისეული სურათებით ხატავთ ამ მინი პატარა ჰესებს (რეალიზმი) ? ეს ხომ მხოლოდ მცირე მილებია, წყალი შევა, დაატრიალებს ტურბინას, მერე გამოვა და ისევ მდინარეს დაუბრუნდება (ტექნიკური ცნობიერება). ნახეთ, შვეიცარიაში, საფრანგეთში, ყველგან სადაც მთები და მდინარეებია, ეს რესურსი ათვისებულია (მისაბაძი მაგალითი). ჩვენი მოხმარება იზრდება (პრობლემა)!"

როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მკვიდრს, რომელიც ხშირად აუყვება ალპანა-ონის გზას და სიამაყით ივსება ჩვენი სამშობლოს ხელუხლებელი სილამაზით, ძალიან მიჭირს ამ არგუმენტების უმტკივნეულოდ მოსმენა.

პირველი იმიტომ, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ნაცრისფერი ტონებით სავსე საკითხია. არ ვარ ენერგეტიკის სპეციალისტი, მხატვარი ვარ. მაგრამ ელემენტალური ლოგიკით მესმის, რომ თუ მოხმარება იზრდება, ეს იმ დიდი მოთხოვნის ხარჯზე, დიდ საწარმოებს რომ აქვთ. აბა ჩემი პატარა სახელოსნო სულ არ საჭიროებს ამდენ ენერგიას. არც ჩვეულებრივი მოსახლეების ნათურები და ტელევიზორები ითხოვენ იმხელა ხარჯს რომ ყველა წყაროსა და რუზე ტურბინა ჩავაგდოთ. სრულიად ნათელია რომ ის კაპიტალი რაც ამ ჰესს აშენებს, ისევ საკუთარი დიდი სასტუმროს, ქარხნისა თუ ბიტკოინების სერვერების საკვებად აკეთებს ამას.

წარმოვიდგინოთ რომ ყველა სოფლის სახლი დამოუკიდებლად ნათდებოდეს. ეს ხომ საგრძნობლად შეამცირებდა ელექტრობის მოთხოვნას და განტვირთავდა დიდ სადგურებს.

ინტერნეტი სავსეა კრამიტებით და გადახურვის ახალი ტექნოლოგიებით, მზის ენერგიით რომ იკვებება. თუმცა ასეთი გზით პრობლემის გადაწყვეტა, ნიშნავს ყველა სახლისთვის ინდივიდუალური რესურსის შექმნას. ეს რა თქმა უნდა არ აწყობთ ვიგინდარა კომპანიებს, ბეტონის ფილებით და მილებით რომ აპირებენ საქართველოს მდინარეების ჩახერგვას. მერე და მარტო ჰესი ხომ არ არის? ბოძები, კაბელები.. ეს აბსოლუტური სიმახინჯე. რა ვქნათ, მოგების ამარა ხომ არ დავტოვებთ თაღლითებს, საქართველოს ყველა მდინარე პოტენციურ ფულის მანქანად რომ მონიშნეს წითელი წერტილებით (იხილეთ პოტენციური ჰესების რუკა ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე) მეორე იმიტომ, რომ ევროპის მაგალითი ასეთივე ნამღერი არგუმენტია.

როგორც საფრანგეთის მოქალაქე, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ევროპასა და ამერიკაში გაატარა, თამამად ვიტყვი, რომ ევროპის ყველაზე დიდი ტრაგედია მისი ველური ბუნების დაკარგვაა. აქ აღარ დარჩა გარეული გარემოს ნატამალიც კი. პირენეების ულამაზეს მთებს ისე ვერ გაივლით, რომ არ შეგხვდეთ ელექტრო ბოძები, მილები და ასფალტის გზები. ცხოველი ხომ იქ აღარ ბინადრობს. ალპები სავსეა სოსისის გამყიდველი მაღაზიებით და ბავარიის მთებში ლუდის სუნი დგას. ველური ბუნება, ყველაზე დიდი სიმდიდრეა დღევანდელ სამყაროში. როდესაც სვანეთის მთებში მხვდებიან ევროპელები, ყველა იმ დაკარგულ სამოთხეს მისტირის, ევროპა რომ იყო ინდუსტრიულ „ცივილიზაციამდე“ - და შურთ ჩვენი სვანეთის, თუშეთისა და ხევსურეთის, რაჭისა და ლეჩხუმის ხელუხლებლობის. ხელუხლებელი ბუნება, ორგანული საკვები და ღვინო, სისუფთავე, ველური გარემო, ძლიერი ადამიანები - ეს ყველაზე ძვირფასი "ქონებაა" დღევანდელ სამყაროში, ელიტარული სიმდიდრეც, ეკონომიკური უპირატესობაცა და უნიკალური ფუფუნებაცა - ერთდროულად. ეს კი ძნელი ასახსნელია "საბჭოთა ცეხავიკის" მენტალიტეტის ადამიანისთვის.

მერე და ევროპული მშენებლობის კულტურა და ქართული მშენებლობის კულტურებს შორის განსხვავება ნათლად ჩანს თბილისის იერ სახეზე. თუ რა უყო დედაქალაქს "ექსპერტ-გეოლოგების", "ხელოვნებათმცოდნეების" და "ვაი-არქიტექტორების" დასკვნა-პროექტებმა, განსჯა თქვენთვის მომინდია.

მესამე იმიტომ, რომ არ მჯერა არგუმენტის: თუ რაიმე გაქვს - ის აუცილებლად უნდა გამოიყენო. მაგალითისთვის, ხეები რომ გაქვს ეზოში, არ არის აუცილებელი დაჩეხო და სკამებად აქციო. შეგძლია მათ დიდებულ ჩრდილშიც მოკალათდე მიწაზე. ეს ცხოვრების ხარისხიცაა (quality of life) და კულტურის მაჩვენებელიც. ეკონომიკურადაც და სულიერადაც.

დავუბრუნდები მორელს, „ცის ფესვები“-ს მთავარ გმირს. ის ასე პასუხობს მის ოპონენტ აფრიკელ ახალგაზრდას საყვედურს:

„ადამიანის ამპარტავნების დრო ამოიწურა. თუ გვსურს რომ ადამიანის სახელს ვატარებდეთ, (...) ჩვენივე თავებს უნდა ვაჯობოთ რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ძალგვიძს ვიცხოვროთ ისე ღირსეულად, რომ გადაშენებას ვიხსნათ სპილო, ეს უკანასკნელი ბოთე და დიდებული თავისუფლების სიმბოლო.“

'ბოთე და დიდებული სპილო' რა თქმა უნდა ბუნების ერთგვარი ალეგორიაა. ის ბოთეა და მისი უკიდეგანო ზომა ხშირად მართლაც რომ ფეხებში ებლანდება ჩვენს ვიწრო მისწრაფებებს. მაგრამ ამასთანავე ის დიდებულია. დიდებული კი უკომპრომისო და ხელშეუხებელია.

ასეთია რაჭის მთები და მათი სისხლი რიონიც.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG