Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 ნოემბერს


მოწოდებების მიუხედავად, პარლამენტი იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას

25 ნოემბერს პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტში იწყება გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ასარჩევად ოთხი კანდიდატი ჰყავს დასახელებული: გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანოძე და თეა ძიმისტარაშვილი. კანდიდატებთან გასაუბრება დღეს და ხვალ გაიმართება.

ჩანიშნულ გასაუბრებას არასამთავრობო სექტორი ეხმიანება. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ პარლამენტს მოუწოდებს, რომ არ დანიშნოს ახალი მოსამართლეები მანამ, სანამ არ გატარდება მართლმსაჯულების რეფორმა.

განცხადებაში წერია, რომ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, არსებული წესი ვერ უზრუნველყოფს პარტიული გავლენებისგან თავისუფალი მოსამართლეების არჩევას და რომ კანდიდატები არ ფასდებიან კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის შესაბამისად.

„სასამართლო სისტემის არსებითი რეფორმისა და პარლამენტში ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური კონსენსუსით მიღების ვალდებულების გაჩენამდე, უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტება, არ ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს და აჩენს შესაძლებლობას, რომ სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენები კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - წერია განცხადებაში.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

რუსეთი უკრაინას საქართველოს მაგალითით აფრთხილებს

უკვე რამდენიმე კვირაა, სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს ზრდის და, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

21 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამ ოპერაციას დაიწყებს 2022 წლის იანვარში, ან თებერვალში. სააგენტო „ბლუმბერგის“ წყაროების თანახმად, რუსეთმა უკრაინაზე იერიში შესაძლოა დაიწყოს ბელარუსის ტერიტორიიდან, ან ანექსირებული ყირიმიდან, რასაც უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ.

ამ ინფორმაციას რუსეთის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილს უწოდებენ კრემლში და აცხადებენ, რომ ისევე, როგორც 2008 წელს საქართველოს ხელისუფლება, დასავლეთის წაქეზებით უკრაინა საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად თავად ემზადება.

რუსეთის საგარეო დაზვერვაც 2008 წელს იხსენებს და გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ისევე როგორც 13 წლის წინ საქართველოს შემთხვევაში, უკრაინას ზურგს უმყარებს დასავლეთის პროვოკაციული პოლიტიკა რუსეთის მიმართ და მას უჩენს „დაუსჯელობის განცდას“.

სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა საქართველო შემთხვევით არ უხსენებიათ მოსკოვში. რას ნიშნავს ეს პარალელები? წაიკითხე ვრცლად კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის პროცესი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ გორის ჰოსპიტალში სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა-ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილმა ხანგრძლივი სისუსტის შემდეგ პირველად შეძლო 5 წუთით ადგომა და გავლა.

„ჩვენ მივყვებით პროგრამას, ამის საშუალებას გვაძლევს მისი ორგანიზმი. ყველაფერი მიდის გეგმურად, მაგრამ რამდენი დრო დაგვჭირდება, არ ვიცი“, - თქვა ექიმმა.

მესამე პრეზიდენტთან შესული იყო მისი დედა, გიული ალასანიაც. როგორც ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, მიხეილ სააკაშვილი დათრგუნულია.

ექსპრეზიდენტის დედა საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს და შვილის გათავისუფლებას ითხოვს. მისი თქმით, 23 ნოემბერს მან მოისმინა მოსაზრებები, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობამ ოპოზიციური მოძრაობა დააზარალა:

„ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ადამიანი როგორმე გავიყვანოთ თავისუფლებაზე. სხვა გამოსავალი არ არის. გაოგნებული ვარ იმით, რომ გუშინ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვით და ამის 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიციური მოძრაობა. წარმოგიდგენიათ? ეს ვინმეს გაუგია? მე არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს განცხადება, მაგრამ მოვისმინე ეს აზრი. მე ვიცი, რომ მთელი საზოგადოების აქტიურობაა საჭირო. არავითარი შესვენება“.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

რუსეთი დაინტერესდა 3+3-ის მექანიზმის მიმართ ქართული მხარის დამოკიდებულებით

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გაიმართა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა (ონლაინფორმატში) რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გრიგორი კარასინთან.

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, „რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა (3+3) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს“.

ონლაინშეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმა. განიხილეს აბაშიძე-კარასინის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ქონებრივი და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები.

წაიკითხე მეტი.

„ჰიუმან რაითს უოჩი“: ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე მყოფი მიგრანტები სერიოზულ „შეურაცხყოფას“ განიცდიან

ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე მომხდარი დაპირისპირება ორივე ქვეყნის მხრიდან იწვევს იმ მიგრანტებისა და პირების უფლებების „სერიოზულ“ დარღვევას, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ ანგარიშში.

დოკუმენტი შეიცავს თვითმხილველთა არაერთ ჩვენებას, რომლის თანახმად პოლონელი მესაზღვრეები ზოგჯერ მომეტებულ ძალასაც არ ერიდებიან, რათა უკან ბელარუსში გადარეკონ მიგრანტები. ხოლო ბელარუსი მესაზღვრეების მხრიდან ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს მიგრანტთა მიმართ „ძალადობა, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა“.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტოდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ძირითადად, სირიიდან, ერაყიდან და იემენიდან ათასობით ადამიანი გაეშურა მინსკში იმ ტუროპერატორების ხელშეწყობით, რომლებიც ევროკავშირში იოლად გადასვლის თაობაზე ყალბი განცხადებებით იზიდავენ ტურისტებს.

წაიკითხე მეტი.

მესამე ეპოქა პუტინიზმისა

რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებულმა ფონდმა „ლიბერალურმა მისიამ“ გამოაქვეყნა ანგარიში - „ახალი რეალობა: კრემლი და გოლემი“, რომლის მიხედვითაც, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ ანომალიური (ფალსიფიცირებული) ხმებისგან გასუფთავებული საარჩევნო შედეგი არ აღემატება 32%-ს, და ეს მაშინ, როცა მეორე ადგილზე გასული „კომუნისტური პარტიის“ რეალური შედეგი თითქმის 25% გამოდის. ამავე გათვლების მიხედვით, „კომუნისტები“ რუსეთის რეგიონების არანაკლებ მეოთხედში უსწრებენ მმართველ პარტიას. ანგარიშის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ პუტინიზმის მესამე ეპოქის დაწყების წინ რუსეთის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი და პრინციპული ცვლილებები ხდება.

რუსეთის ფედერაციის VIII მოწვევის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 2021 წლის 17-19 სექტემბერს გაიმართა. არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი 5-მა პარტიამ გადალახა, მათ შორის, მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“ ხმების 49,8% მიიღო, „კომუნისტურმა პარტიამ“ კი - 18,9%.

324 მანდატით 450-დან „ერთიანმა რუსეთმა“ შეინარჩუნა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მეორე ადგილზე გასულმა „კომუნისტურმა პარტიამ“ კი 57 მანდატი მოიპოვა, თუმცა, როგორც „ლიბერალური მისიის“ ანგარიშის ავტორები, პოლიტოლოგები კირილ როგოვი და ალექსანდრ კინევი ამტკიცებენ, რომ არა ანომალიური (ფალსიფიცირებული) ხმები, „ერთიანი რუსეთი“, დაახლოებით 30%-იანი მხარდაჭერით, აუცილებლად დაკარგავდა არათუ საკონსტიტუციო, არამედ უბრალო უმრავლესობასაც, მაგრამ ასე არ მოხდა. რა მექანიზმით ინარჩუნებს მმართველი პარტია უმრავლესობას რუსეთში? წაიკითხე ვრცლად ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

იურისტ ლაშა ბექიშვილთან ერთად განვიხილავთ ონლაინკაზინოების სამართლებრივი რეგულირების ასპექტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG