Accessibility links

site logo site logo

რა გვიჯდება ვაქცინაცია - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 ივნისს


„სრულიად საიდუმლოდ“ - ვაქცინები, შემოტანის ვადები, ღირებულებები

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 22 პაციენტი. ქვეყანაში 27-ს აღწევს ე.წ. დელტა (ე.წ. ინდური) შტამით დაინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ვირუსის ყველაზე სწრაფად გავრცელებად ვარიანტად ითვლება. ამის ფონზე საქართველოში 29 ივნისის მონაცემებით, ერთჯერადად აცრილია 257 974 ადამიანი. სრულად, ანუ ორჯერადად, ვაქცინირებული კი 96 975 ადამიანია, რაც მოსახლეობის 3 %-ზე ნაკლებია.

ქვეყანაში ბოლოს ვაქცინის მარაგი 6 მაისს შეივსო. ხელისუფლების მტკიცებით, პირველი ივლისიდან შემოდგომამდე ეტაპობრივად, სამ მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა უნდა შემოვიდეს. მათ შორის კოვაქს-პლატფორმის გავლით ელოდება საქართველო „ასტრაზენეკას“ დარჩენილ, 43 000 დოზა ვაქცინას, რომელიც 22 ივნისს უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, მისი შემოტანა, როგორც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ახსნეს, მწარმოებლის მხარეს არსებული შეფერხების გამო გადაიდო. ამ შეფერხების შესახებ ქართული მხარისთვის გვიან გახდა ცნობილი და შეფერხდა „ასტრაზენეკაზე“ დარეგისტრირებული მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესი.

საქართველომ COVAX-პლატფორმაზე ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გადარიცხა 700 ათასი ადამიანის ასაცრელი ვაქცინისათვის საჭირო თანხის ნაწილი, უფრო ზუსტად კი, პირველადი შენატანი, 4 მილიონი ამერიკული დოლარი. ჯამში, მილიონ 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად (სწორედ ამდენი დოზა ვაქცინაა საჭირო 700 ათასი ადამიანის ასაცრელად), ქვეყანას COVAX-ისათვის 17 მილიონამდე ამერიკული დოლარი უნდა გადაეხადა. უცნობია, გადაიხადა თუ არა მთავრობამ ეს თანხა.

ვაქცინებისთვის ბიუჯეტიდან უკვე გადახდილი თანხის და სხვადასხვა წარმოების ვაქცინების ღირებულების შესახებ 29 ივნისს, ჯანდაცვის უწყებაში გაგზავნილ კითხვებზე პასუხად, ჯანდაცვის უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას მოუწოდა, ამ საკითხზე სტატია „არ დაეწერა“, რადგან ამით, შესაძლოა, საფრთხე შეგვექმნა ქვეყანაში ვაქცინაციის წარმართვის პროცესისთვის და მიზეზი ასე ახსნა: „ხელშეკრულებები კონფიდენციალურია, ქვეყანას გაუთქმელობის ხელშეკრულებებზე აქვს ხელი მოწერილი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას ვერ გავცემთ“.

რა უჯდება ქვეყნის ბიუჯეტს ვაქცინაციის პროცესი? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ნინოწმინდის პანსიონის საკითხზე საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა

საპატრიარქოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული მდგომარეობის შესახებ შეხვედრა გაიმართა. მასში საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ „შეჯამდა წინა შეხვედრის შემდეგ არსებული მდგომარეობა და ითქვა, რომ მეუფე იაკობი ძალიან ეფექტურად შეუდგა საქმეს“.

ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვაზე და მცირე ზომის სახლების მშენებლობის ვადებზე ჯერჯერობით საუბარი არ არის, „პირიქით, საუბარი იმაზე იყო, რომ არაფრით არ შეიძლება ამ პროცესების ხელოვნურად დაჩქარება და არავინ არავის სადმე წასვლას არ დააძალებს, ან უკან დაბრუნებას“, აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ და რამდენიმეთვიანი ბრძოლის შედეგად, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 28 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შევიდა. სახალხო დამცველი გაესაუბრა ბავშვებს და თქვა, რომ მათში გაუცხოება არსებობს, ამიტომ პირველ შეხვედრაზე ჯერ ვერ მოხერხდა მათთან გახსნილი საუბარი. კიდევ რა დახვდა პანსიონში შესულ ნინო ლომჯარიას, გაიგე ვრცლად ინტერვიუდან, რომელიც ეკა ქევანიშვილმა ჩაწერა.

დაარღვია თუ არა "ლელომ" "შარლ მიშელის შეთანხმება"

საქართველოს პარლამენტმა 28 ივლისს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებულ კანონპროექტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 3-მა დეპუტატმა მისცა. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ფრაქციებმა „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ და „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“. მათგან „ლელო საქართველოსთვის“ „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმომწერი პოლიტიკური სუბიექტია და, შესაბამისად, საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით კი მმართველი პარტიის შეფასებებში გაჩნდა პირდაპირი ბრალდება იმის შესახებ, რომ პარტიამ შეთანხმება დაარღვია. ამ ბრალდების საწინააღმდეგო ერთ-ერთ არგუმენტად პარტიაში ასახელებენ იმას, რომ საპარლამენტო ფრაქციას „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, რაც ერთგვარი პოლიტიკური ჟესტი იყო. ანუ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, თუმცა არც მის წინააღმდეგ მიუციათ ხმა.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელო საქართველოსთვის“ მიერ კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმას, გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი. ამერიკის ელჩის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავების პროცესი ინკლუზიურად წარიმართა და მასში ჩართულები იყვნენ როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მისი თქმით, ბუნებრივი პროცესია ის, რომ კანონპროექტს დაემატა საკითხები, რომლებიც ასახული არ ყოფილა „შარლ მიშელის დოკუმენტში“.

რატომ არ დაუჭირა „ლელომ“ მხარი კანონპროექტს და დაარღვია თუ არა ამით „შარლ მიშელის შეთანხმება“? წაიკითხე ნონა მჭედლიშვილის სტატიაში.

კომენდანტის საათი უქმდება

დღეს, 23:00 საათიდან საქართველოში კომენდანტის საათი უქმდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება 22 ივნისს მიიღო.

მიუხედავად ამისა, 00:00 საათამდე მუშაობის საშუალება ექნებათ რესტორნებსა და გასართობ ცენტრებს.

​საქართველოში კომენდანტის საათი 6 თვეზე მეტია მოქმედებს. მოქალაქეებს 23:00 საათიდან 04:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალული ჰქონდათ. წესის დარღვევისთვის 2000-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული.

მამუკა ხაზარაძის აზრით, თემურ ჭყონია იქნება თბილისის მერობის კარგი კანდიდატი

პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „TV პირველის“ ეთერში დაასახელა თბილისის მერობის მისთვის სასურველი კანდიდატი. როგორც ხაზარაძე ამბობს, ბიზნესმენი თემურ ჭყონია კარგი კანდიდატი იქნებოდა.

„თემურ ჭყონია იქნება, ჩემი აზრით, ძალიან კარგი კანდიდატი, უპარტიო. მე ვფიქრობ, რომ ხალხი, რაც უფრო მეტი მოვა [პოლიტიკაში], რომელსაც არ აქვს არანაირი პარტიული მიკერძოება, არის თავისუფალი და სულ კრიტიკულად გამოთქვამს [აზრს]...“ - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

წაიკითხე მეტი.

აშშ-ის ელჩი გამოთქვამს იმედს, რომ პრაიდი მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდება

1-5 ივლისს დაგეგმილ პრაიდის კვირეულსა და დაანონსებულ კონტრაქციებს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა:

„საქართველო ადამიანის უფლებების დასაცავად ასწლეულების განმავლობაში იბრძოდა. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება, რათა საქართველოს მოქალაქეებს ხელი შეუშალონ მათი ფუნდამენტური თავისუფლებების - შეკრების და გამოხატვის უფლებების განხორციელებაში.

ეს ქმნის სერიოზულ პრობლემას სამართალდამცველებისთვის, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეების მიერ ამ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა. ვიმედოვნებთ, რომ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით ისარგებლონ მშვიდობიან გარემოში, ძალადობის გარეშე”,
- განაცხადა კელი დეგნანმა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მაგივრად სკოლა აშენდა და ისიც ინგრევა

2019 წლის 18 იანვარს საქართველოს ხელისუფლებამ და თბილისის მთავრობამ დიდ დიღომში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის პროექტი წარუდგინეს საზოგადოებას, დიდი ღონისძიება გამართეს და სიმბოლურად საძირკველში კაფსულაც ჩადეს. პროექტის პრეზენტაციიდან ორი წლის შემდეგ, კომპლექსში შემავალი სკოლის შენობას ბზარები აქვს, საძირკველში წყალი ჩადის და ნაგებობა ნგრევის საფრთხის წინაშე დგას.

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის ბიუჯეტად თავიდან 20 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული, თუმცა მისი აშენება საბოლოოდ უფრო ძვირი დაჯდა. სკოლაში 1300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. სკოლის ყოფილი დირექტორი კი სასამართლოში ცდილობს დაამტკიცოს, რომ კანონის დარღვევით გაათავისუფლეს თანამდებობიდან იმის გამო, რომ მშენებლობის დროს არსებულ ხარვეზებზე ხმამაღლა საუბრობდა.

2021 წლის 23 ივნისს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 186-ე სკოლის შენობის ინსპექტირებისას, განათლებისა და მეცნიერების ქალაქში რამდენიმე ათას ბავშვზე გათვლილ ახლად აშენებულ ნაგებობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და პრობლემების გრძელი სია ასე გამოიყურება:

  • გაბზარული კედლები;
  • შენობაში ჩადის წყალი;
  • არასწორად დამონტაჟებული ფანჯრები.

ხარვეზების სია დიდია. ვინ შეასრულა სამუშაოები? როგორ დამტკიცდა პროექტი და რას ჰყვება სკოლის ყოფილი დირექტორი? წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG