Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვიცით ჩინურ ვაქცინაზე, რომელიც მალე შემოვა 


საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო და ამ დრომდე სამედიცინო პერსონალი და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები „ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიებით იცრებოდნენ, მიმდინარე კვირას კი ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ერთ კვირაში საქართველოს 100 000 დოზა ჩინური ვაქცინა ექნება.

რომელი ვაქცინა შემოდის და რამდენად ეფექტიანია?

ვაქცინა, რომელსაც საქართველო დამატებით მიიღებს, ჩინური კომპანია „სინოფარმის“ მიერაა წარმოებული. „სინოფარმის“ 30 დეკემბრის განცხადებით, ვაქცინის გამოცდის სამმა ფაზამ აჩვენა, რომ ის 79 %-ით ეფექტიანია. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, სადაც იანვრის დასაწყისში დაამტკიცეს „სინოფარმის“ ვაქცინა, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინამ 86 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

როგორ მუშაობს ვაქცინა?

„სინოფარმი“ ტრადიციული ხერხითაა დამზადებული. ვირუსის დასუსტებული ვერსია ორგანიზმის იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.

ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით.

როგორი გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს „სინოფარმს“?

„სინოფარმის“ ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ გამოკვლევები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა გვერდით ეფექტზე ლაპარაკობენ ის ქვეყნები, სადაც ვაქცინა გამოიყენეს. მაგალითად, ჩინური მედიის ცნობით, კამბოჯის შემთხვევაში გვერდითი ეფექტი რამდენიმე ადამიანს დაუფიქსირდა და იყო მცირე სიცხე, ქავილი და შეწითლება ვაქცინაციის ადგილას.

რომელ ქვეყნებშია ნებადართული „სინოფარმის“ ვაქცინა?

არაბთა გაერთიანებული საამიროების გარდა, „სინოფარმი“ დამტკიცებულია ბაჰრეინში, პაკისტანში, ეგვიპტეში, სინგაპური, ინდონეზიაში, ტაილანდსა და სხვა აზიურ ქვეყნებში. მათ შორის თურქეთმაც დაამტკიცა ის გადაუდებელი გამოყენებისთვის.

ვაქცინა დაამტკიცა სერბეთმა და უნგრეთმაც. ევროკავშირის ქვეყნების 35 მკაცრი მარეგულირებლიდან მხოლოდ უნგრეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც შეიტანა თავის ქვეყანაში „სინოფარმი“.

ასევე ბევრი ქვეყანა ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას „სინოფარმის“ დამტკიცების თაობაზე, თუმცა ამ დრომდე მას „ჯანმოს“ ავტორიზაცია მინიჭებული არ აქვს.

რით იხელმძღვანელა საქართველომ, როდესაც „სინოფარმის“ შემოტანა გადაწყვიტა?

საქართველო ვაქცინის შემოტანისას სამართლებრივად ეყრდნობა 2 კრიტერიუმს: ვაქცინა შემოდის ქვეყანაში, თუ ის არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის მიერ აკრედიტებული. ამ შემთხვევაში საქართველოსთვის საკმარისი აღმოჩნდა უნგრეთის აკრედიტაცია.

რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი?

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშნელოვანია ის, რომ ვაქცინა დამტკიცებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერ და ასევე კომუნიკაცია აქვთ „ჯანმოსთან“, რომელთან კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტენ, დაელოდონ აკრედიტაციას თუ ექნებათ უფლება, უნგრეთის მსგავსად, დაიწყონ „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესი.

როდის უნდა მიიღოს „სინოფარმმა“ ჯანმოს პასუხი?

„სინოფარმი“ სტატუსის მინიჭების პროცესშია და, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზეა მითითებული, „ჯანმო” მას აპრილის დასაწყისში მიანიჭებს აკრედიტაციას.

„ვაქცინა მიღებული იქნება "ჯანმოს" მიერ გადაუდებელი გამოყენების სიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება ეფექტიანი, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის. ყველა ეს კრიტერიუმი მიესადაგება სხვა ვაქცინებსაც.

"გადაუდებელი გამოყენების" სიაში მოხვედრის შემდეგ "ჯანმო" მიაწვდის სახელმწიფოებს ვაქცინის გამოყენების ინსტრუქციას (ვაქცინის დახასიათებას, დოზირებას, შენახვის წესებს და ა.შ.“, - უპასუხა რადიო თავისუფლებას სილვიუ დომენტემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG