რა მოხდა 30 წლის წინ, როცა ევროპაში კომუნიზმი დაემხო

2019 წლის 23 სექტემბერი
ტატიანა იარმოშჩუკი, მიხაილ აგეევი

30 წლის წინ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში მოხდა რევოლუციები, რომლებიც ევროპაში კომუნისტური რეჟიმის კრახით დასრულდა. ეს პროცესი სსრკ-ის დაშლის მომასწავებელი იყო. ამ პროექტში ვიხსენებთ ბერლინის კედლის დაცემას, ჩეხოსლოვაკიის ხავერდოვან რევოლუციას და რუმინეთში ჩაუშესკუს რეჟიმის ჩამოგდებას. აი, როგორ მოხდა ეს. (Current Time-ის პროექტი)

პოლონეთი

1980 წლის 1 ივლისი

პოლონეთში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები. ამის მიზეზი გახდა ხორცის ფასების ზრდა, რაც პოლონეთის სახალხო რესპუბლიკაში 70-იან წლებში დაწყებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის შედეგი იყო.

14 აგვისტო

გდანსკის გემთმშენებელ ქარხანაში დაიწყო საყოველთაო გაფიცვა. საგაფიცვო კომიტეტს სათავეში ჩაუდგა 37 წლის ელექტრიკოსი ლეხ ვალენსა, რომელიც პროფკავშირების კრიტიკისა და საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობისთვის გაათავისუფლეს სამსახურიდან.

16 აგვისტო

16-ში ღამით გდანსკის, სოპოტისა და გდინიის 28 საგაფიცვო კომიტეტებიდან შეიქმნა ქარხანათაშორისი საგაფიცვო კომიტეტი ვალენსას მეთაურობით. კომიტეტის 21 მოთხოვნას შორის პირველები იყო დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნის უფლება, გაფიცვის უფლების გარანტიები, სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელფასების გაზრდა. ანალოგიური საგაფიცვო კომიტეტები გაჩნდა სხვა ქალაქებშიც.

17 სექტემბერი

დამოუკიდებელი პროფკავშირების 36 რეგიონალური განყოფილების წარმომადგენლები გდინიაში შეიკრიბნენ და ჩამოაყალიბეს ერთიანი ორგანიზაცია სახელწოდებით „სოლიდარობა“, რომლის თავმჯდომარეც გახდა ლეხ ვალენსა. ნოემბრის შუა რიცხვებში მან გააერთიანა პოლონეთის ზოგიერთი სამრეწველო რეგიონის 7 მილიონზე მეტი მაღაროელი, მეტალურგი, ტრანსპორტსა, მანქანათმშენებლობასა და გემთმშენებლობაში დასაქმებულები. „სოლიდარობას“ ასევე შეუერთდნენ ინტელიგენციისა და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები. 1981 წლის შუაში ორგანიზაციაში შედიოდა 10 მილიონამდე ადამიანი - პოლონეთის შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი.

1982 წლის 14 სექტემბერი

ეროვნული თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცეს ქვეყანაში პირდაპირი სამხედრო მმართველობის შემოღების შესაძლებლობა, რაც პოლონეთის სახალხო რესპუბლიკაში „მკაცრი ხელის“ მომხრეთა ლობირებით მოხდა.

18 ოქტომბერი

პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის პირველი მდივნის პოსტზე ზომიერი ორიენტაციის სტანისლავ კანია შეცვალა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალმა ვოიცეხ იარუზელსკიმ.

1981 წლის 13 დეკემბერი

ვოიცეხ იარუზელსკიმ, რომელსაც ეშინოდა გაფიცვების მორიგი ტალღისა და სსრკ-ის შესაძლო ინტერვენციის, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. ის 1983 წლის შუამდე გაგრძელდა. ლეხ ვალენსა დააპატიმრეს. ამ პერიოდის განმავლობაში დაიღუპა პოლონეთის ოპოზიციის 115 აქტივისტი. ოპოზიციის სტრუქტურები მთლიანად დაიშალა. ლეონიდ ბრეჟნევის სიკვდილის შემდეგ იარუზელსკიმ სამხედრო რეჟიმის შერბილების კურსი დაიწყო და ბოლოს უარი თქვა „სოლიდარობის“ ათი ლიდერის გასამართლებაზე.

1986 წლის 17 ივლისი

პოლონეთის მთავრობამ მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც გამოიყენა ანტისამთავრობო გამოსვლების 1200-მა მონაწილემ (225 მათგანი ციხეში იმყოფებოდა).

1987 წლის 20 თებერვალი

აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გამოაცხადა ვარშავის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება. ეს სანქციები პოლონეთის ეკონომიკას 15 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

1989 წლის თებერვალი

თებერვალ-აპრილში ვარშავაში გაიმართა „მრგვალი მაგიდების“ სხდომები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს მმართველი „პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მხარეები შეთანხმდნენ ორპალატიანი პარლამენტის შექმნაზე, სეიმის ნაწილობრივ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე. სეიმში ოპოზიციის წარმომადგენლებს არ შეეძლოთ ჰქონოდათ მანდატების 35%-ზე მეტი. ასევე გადაწყდა ახალშექმნილი სენატის - პარლამენტის ზედა პალატის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.

1989 წლის 17 აპრილი

მოხდა „სოლიდარობის“ საქმიანობის ლეგალიზაცია.

1989 წლის ივნისი

4 და 18 ივნისს იმართება სეიმისა და სენატის არჩევნები. სეიმში „სოლიდარობა“ იკავებს ადგილების ყველა ნებადართულ 35%-ს და სენატის 100 ადგილიდან 99-ს.

1989 წლის სექტემბერი

ხელისუფლებაში მოვიდა არაკომუნისტური მთავრობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ტადეუშ მაზოვეცკი. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც უკანასკნელმა კომუნისტმა პრემიერ-მინისტრმა ჩესლავ კიშჩაკმა ვერ მოახერხა მთავრობის ფორმირება და გადადგა.

1989 წლის 9 დეკემბერი

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა ლეხ ვალენსამ.

1991 წლის ოქტომბერი

პოლონეთში გაიმართა პირველი სრულიად თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები.

რუმინეთი

1987 წლის 15 ნოემბერი

ბრაშოვში, სატვირთო მანქანების ქარხანა „წითელ დროშაში“ შრომითი კონფლიქტი წარმოიშვა მუშებსა და ხელმძღვანელობას შორის. კონფლიქტის მიზეზი იყო ხელფასების მკვეთრი შემცირება. ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო გაფიცვა, 300-მდე დემონსტრანტი დააპატიმრეს. იმ პერიოდში რუმინეთი რთული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე იდგა. საგარეო ვალების გასასტუმრებლად აგრარული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე მიდიოდა. ქვეყანაში არ იყო საკმარისი სურსათი, ელექტროენერგია და გათბობა ხალხს გრაფიკით მიეწოდებოდა.

1989 წლის 24 ნოემბერი

რუმინეთის კომპარტიის XIV-მა ყრილობამ მორიგი ხუთწლიანი ვადით აირჩია 71 წლის ნიკოლაე ჩაუშესკუ.

15 დეკემბერი

ტიმიშოარაში, სადაც უნგრული უმცირესობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობდა, მიტინგი დაიწყო. ხალხი აპროტესტებდა გადაწყვეტილებას ეთნიკური უნგრელი პასტორის, ლასლო ტეკეშის ქვეყნიდან დეპორტაციის თაობაზე. მალე დემონსტრანტებმა ეკონომიკური მოთხოვნების წამოყენება დაიწყეს, არეულობა გადაედო ბუქარესტს, სადაც ოპერის მოედანზე გაიხსნა უვადო მიტინგი ჩაუშესკუს გადადგომის მოთხოვნით.

19 დეკემბერი

ტიმიშოარაში სპეცსამსახურებმა დემონსტრატებს ცეცხლი გაუხსნეს.

20 დეკემბერი

ნიკოლაე ჩაუშესკუმ შეწყვიტა ირანში ვიზიტი. იმავე დღეს მან რადიოთი და ტელევიზიით გააკეთა განცხადება, რომ „ტიმიშოარაში მოხულიგნო ელემენტების მოქმედებები ორგანიზებული იყო უცხოეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ“.

21 დეკემბერი

ჩაუშესკუს მითითებით ბუქარესტში მოწვეულ იქნა მიტინგი „სოციალიზმის მონაპოვრის დასაცავად“. ის სიტყვით გამოვიდა, მაგრამ მას შეწყვეტა მოუხდა მას მერე, რაც ხალხში აფეთქება მოხდა. დაიწყო პანიკა, მიტინგი გადაიქცა ანტისამთავრობო გამოსვლებში და პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეტაკებებში.

22 დეკემბერი

რადიოთი გამოაცხადეს, რომ თავდაცვის მინისტრმა ვასილე მილიამ თავი მოიკლა, მაგრამ მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მოკლეს, ვინაიდან უარი თქვა დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნაზე. ამან რისხვის ტალღა გამოიწვია გენერლებს შორის, არმია საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მხარეზე გადავიდა.

ჯარებმა დემონსტრანტებთან ერთად დაიკავეს ბუქარესტი და გამოაცხადეს, რომ „დიქტატურა დაეცა“. ჩაუშესკუ და მისი ცოლი ქვეყნის დატოვებას შეეცადნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს.

25 დეკემბერი

სამხედრო ტრიბუნალის განაჩენით, ტირგოვიშტეს სამხედრო ბაზაზე სამხედრო სიკვდილით დასაჯეს ნიკოლაე ჩაუშესკუ და მისი მეუღლე ელენა. პროკურორმა ჯიკუ პოპამ ჩაუშესკუს ბრალი დასდო „გენოციდში, რომელმაც გამოიწვია 60 ათასი ადამიანის სიკვდილი, სახელმწიფო ძალაუფლებისთვის ძირის გამოთხრაში, ქალაქებში აფეთქებების მოწყობაში, ეროვნული ეკონომიკის მოშლასა და ქვეყნიდან გაქცევის მცდელობაში. რევოლუციის დროს ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

უნგრეთი

1988 წლის მაისი

უნგრეთის სოციალისტური მუშათა პარტიის ყრილობაზე გააკრიტიკეს ხელმძღვანელობის მუშაობა. იანოშ კადარი გადადგა უნგრეთის სოციალისტური მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის თანამდებობიდან. მისი ადგილი დაიკავა ცენტრისტმა კაროი კროსმა. ყრილობაზე მიიღეს ეკონომიკის სტაბილიზაციისა და საგარეო დავალიანების შემცირების პროგრამა. ქვეყანაში ვრცელდებოდა საჯაროობა, დაიწყო ახალი პარტიებისა და მოძრაობების გაჩენა.

1988 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში მოქმედებდა 40-ზე მეტი პოლიტიკური პარტია და მოძრაობა, მათ შორის უნგრეთის დეომკრატიული ფორუმი, თავისუფალ დემოკრატთა კავშირი, უნგრეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, მცირე მეპატრონეთა და ფერმერთა დამოუკიდებელი პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია.

1989 წლის ოქტომბერი

უნგრეთის სოციალისტურ მუშათა პარტიას სახელი შეეცვალა და დაერქვა უნგრეთის სოციალისტური პარტია. პარტიამ სოციალ-დემოკრატიის სასარგებლოდ თქვა უარი მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიაზე.

1989 წლის 17-18 დეკემბერი

პარტიაში ცვლილებების მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც მარქსისტულ-ლენინისტური იდეოლოგიის ერთგულნი დარჩნენ, შექმნეს ახალი პარტია ძველი სახელწოდებით - უნგრეთის სოციალისტური მუშათა პარტია. მის თავმჯდომარედ აირჩიეს დიულა ტიურმერი.

1990 წლის მარტი-აპრილი

უნგრეთის პირველი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები 1947 წლის შემდეგ. გაიმარჯვა „უნგრეთის დემოკრატიულმა ფორუმმა“, რომლის ლიდერი იოჟეფ ანტალი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. მთავრობაში ასევე შევიდნენ სახალხო ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიისა და მცირე მეპატრონეთა და ფერმერთა დამოუკიდებელი პარტიის წარმომადგენლები.

1990 წლის 4 აგვისტო

პრეზიდენტად არჩეულ იქნა თავისუფალი დემოკრატების წევრი არპად გენცი, რომელიც 2000 წლამდე დარჩა ამ პოსტზე.

ბულგარეთი

1989 წლის 10 ნოემბერი

გადაყენებულ იქნა ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ტოდორ ჟივკოვი, რომელიც 1954 წლიდან მართავდა ქვეყანას. პეტრ მლადენოვით ქვეყნის სტაჟიანი ხელმძღვანელის შეცვლას მოჰყვა ლიბერალიზაცია, მასობრივი მიტინგები და ახალი პოლიტიკური ძალების წარმოქმნა. ეს იყო ქვეყანაში ე.წ. „ნაზი რევოლუციის“ დასაწყისი.

7 დეკემბერი

13 ოპოზიციური ორგანიზაცია გაერთიანდა კოალიცია დემოკრატიულ ძალთა კავშირში. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ჟელიუ ჟელევი.

1990 წლის თებერვალი

ბულგარეთის კომუნისტურმა პარტიამ უარი თქვა ხელისუფლების მონოპოლიასა და მარქსისტულ-ლენინურ იდეოლოგიაზე, რამდენიმე თვის შემდეგ კი მას ბულგარეთის სოციალისტური პარტია დაერქვა.

1990 წლის ივნისი

ქვეყანაში 1931 წლის შემდეგ პირველად გაიმართა თავისუფალი არჩევნები. მასში გაიმარჯვა ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ, რომელმაც 400 ადგილიდან 211 მოიპოვა, მაგრამ ეს პიროსის გამარჯვება იყო. დემოკრატიულ ძალთა კავშირმა მეორე ადგილი მოიპოვა და მან დიდ ქალაქებში გაიმარჯვა. ოპოზიციის მომხრეებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია წამოიწყეს.

6 ივლისი

პეტრ მლადენოვი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა.

1 აგვისტო

პარლამენტმა პრეზიდენტად აირჩია ჟელიუ ჟელევი.

29 ნოემბერი

მთავრობა, რომელსაც ანდრეი ლუკანოვი ედგა სათავეში, გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთის სოციალისტურ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ჰქონდა. ეს მოხდა ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებისა და სასურსათო ტალონების შემოღების ფონზე.

1990 წლის დეკემბერი

დემოკრატიულ ძალთა კავშირმა, ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ და ბულგარეთის ფერმერთა კავშირმა ჩამოაყალიბეს კოალიციური მთავრობა, პრემიერ-მინისტრი კი გახდა უპარტიო იურისტი დიმიტრ პოპოვი.

1991 წლის 1 თებერვალი

ეკონომიკური რეფორმების დაწყება ფასების ლიბერალიზაციითა და ვალუტის დევალვაციით.

ჩეხოსლოვაკია

1989 წლის 16 ნოემბერი

ბრატისლავაში დაიწყო სტუდენტების საპროტესტო გამოსვლა უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ.

17 ნოემბერი

პრაღაში სტუდენტთა მასობრივი დემონსტრაცია გაიმართა. ის მიეძღვნა ჩეხ სტუდენტს, იან ოპლეტალს, რომელიც 1939 წელს დაიღუპა ნაცისტური ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებისას. თავიდან დემონსტრაცია სტუდენტური ლოზუნგებით მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ პოლიტიკური მოთხოვნებიც გაისმა. პოლიციამ სასტიკად დაარბია დემონსტრაცია, რამაც ჩეხოსლოვაკიაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

18 ნოემბერი

სტუდენტთა აქციებს შეუერთდა შემოქმედებითი ინტელიგენცია თეატრებიდან.

23 ნოემბერი

პრაღაში, ვაცლავის მოედანზე გაიმართა მუშათა მრავალათასიანი დემონსტრაცია სტუდენტების მხარდასაჭერად.

24 ნოემბერი

დემონსტრანტების ზეწოლით, რომელთაც სათავეში ედგა რამდენიმე ოპოზიციური ორგანიზაციისგან შემდგარი „სამოქალაქო ფორუმი“, გადადგა კომპარტიის ხელმძღვანელობა მილოშ იაკეშის მეთაურობით, ოპოზიციას კი მთავრობაში ადგილების მეოთხედი შესთავაზეს.

26 ნოემბერი

პრაღაში გაიმართა მიტინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 700 ათასმა ადამიანმა.

27 ნოემბერი

ჩეხოსლოვაკიაში გაიმართა საერთო-ეროვნული გაფიცვა. საპროტესტო აქციის მონაწილენი ითხოვდნენ, გაუქმებულიყო კონსტიტუციური ნორმა კომპარტიის ხელმძღვანელი როლის შესახებ, ასევე პარტიისა და მთავრობის კომპრომეტირებულ წევრთა გადადგომას, 17 ნოემბრის დემონსტრაციის დაშლის გარემოებათა გამორკვევას და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.

29 ნოემბერი

პარლამენტმა გააუქმა მუხლი კომპარტიის წამყვანი როლის შესახებ.

10 დეკემბერი

ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის უკანასკნელმა პრეზიდენტმა გუსტავ ჰუსაკმა პრემიერ-მინისტრს დაავალა 1948 წლის შემდეგ პირველი არაკომუნისტური მთავრობის ფორმირება.

20 დეკემბერი

გაიმართა ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის საგანგებო ყრილობა. ჩეხოსლოვაკიის კომპარტიამ უარი თქვა პარტიის ადრე არსებულ მოდელზე, გააუქმა პარტიის წესდება და მიიღო დროებითი დემოკრატიული რეგლამენტი. შემცირდა პარტიის აპარატი, დაიშალა პარტიული შეიარაღებული ფორმირებები, გადახედულ იქნა 1968-1969 წლების მოვლენების შეფასება. ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის რამდენიმე ყოფილი ხელმძღვანელი პარტიიდან გარიცხეს, ხოლო პრაღის ქალაქკომის ცეკას პირველი მდივანი მიროსლავ შტეპანი, რომელიც საპროტესტო გამოსვლების ჩახშობას ემხრობოდა, დააპატიმრეს და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის გაასამართლეს.

29 დეკემბერი

პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე აირჩია „სამოქალაქო ფორუმის ხელმძღვანელი ვაცლავ ჰაველი, „პრაღის გაზაფხულის“ ლიდერი ალექსანდერ დუბჩეკი კი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.

1993 წლის 1 იანვარი

ჩეხოსლოვაკიამ არსებობა შეწყვიტა. მის ადგილზე გაჩნდნენ ჩეხეთი და სლოვაკეთი.

გერმანია

1989 წლის 11 სექტემბერი

უნგრეთისა და ავსტრიის საზღვარი მთლიანად გაიხსნა მოქალაქეთა გადაადგილებისთვის. მათ შორის სასაზღვრო რეჟიმის გამარტივება ჯერ კიდევ მაისში დაიწყო. ზაფხულის განმავლობაში უნგრეთის გავლით გფრ-ში გადავიდა გდრ-ის 10 ათასამდე მოქალაქე.

1989 წლის 7 ოქტომბერი

აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობა გდრ-ის შექმნის 40 წლისთავის მასშტაბურად აღნიშვნას გეგმავდა. ამასთან დაკავშირებით პროსაბჭოთა გერმანიის სოციალისტური ერთიანი პარტიის წევრებმა მიტინგები მოაწყვეს. მაგრამ მრავალ ქალაქში სტიქიურად დაიწყო საპროტესტო გამოსვლები მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ.

18 ოქტომბერი

გერმანიის სოციალისტური ერთიანი პარტიის გენერალურმა მდივანმა ერიხ ჰონეკერმა ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმის დაცემის შესახებ გამოაცხადა და უფლებამოსილებები მოიხსნა. პარტიის გენერალური მდივანი გახდა ეგონ კრენცი, რომელმაც გააცალკევა პარტია და მთავრობა.

4 ნოემბერი

ბერლინში, ალექსანდერპლაცზე 400 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. ისინი მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, სიტყვის თავისუფლებას და თავისუფალ არჩევნებს. მთელს გდრ-ში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები.

9 ნოემბერი

ცხადდება გფრ-ის ვიზების გაფორმებისთვის საჭირო ფორმალობების მინიმუმამდე დაყვანის შესახებ. მრავალი აღმოსავლეთგერმანელი მიდის ბერლინის კედელთან. მესაზღვრეებმა ჯერ არ იცოდნენ საზღვრის საზღვრის გადაკვეთის ახალი წესები და თავმოყრილთა უკუგდებას ცდილობდნენ. მაგრამ მალე იძულებული გახდნენ, გასასვლელები გაეხსნათ.

1990 წლის მარტი

გდრ-ში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. დიდი უპირატესობით იმარჯვებენ აღმოსავლეთგერმანელი ქრისტიან-დემოკრატები. მათი ლიდერი ლოთარ დე მეზიე გდრ-ის მთავრობის თავმჯდომარე ხდება.

1990 წლის მაისი

გფრ-ის კანცლერი ჰელმუტ კოლი და ლოთარ დე მეზიე ხელს აწერენ ხელშეკრულებას ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის თაობაზე.

ბონში იწყება მოლაპარაკებები ფორმულით „2 პლუს 4“ - გდრ-ისა და გფრ-ის, სსრკ-ის, აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით. ყველაზე მეტ დავას იწვევს მომავალი ერთიანი გერმანიის სამხედრო ბლოკებში შესვლის საკითხი.

16 ივლისი

ჰელმუტ კოლი და მიხაილ გორბაჩოვი ყველა სადავო საკითხზე თანხმდებიან. სსრკ დათანხმდა გაერთიანებული გერმანიის ნატოში შესვლას, განისაზღვრა გდრ-ის ტერიტორიიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის ვადები, გფრ კისრულობს ვალდებულებებს სსრკ-თან ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში.

1990 წლის 3 ოქტომბერი

გდრ უერთდება გფრ-ის ძირითადი კანონის მოქმედების ზონას, გერმანია ერთიანი ქვეყანა ხდება.