Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მტკიცებულებებით მოიგო საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ საქმე - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 იანვარს


რუსეთის მეორედ დამარცხება სტრასბურგში - რა დაადგინა სასამართლომ აგვისტოს ომზე?

მრავალწლიანი განხილვის შემდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელის ძირითადი პუნქტები 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დავა რუსეთმა წააგო.

საქართველოს საჩივრის თანახმად, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რუსეთის ფედერაციამ:

  • დაარღვია ადამიანების სიცოცხლის უფლება.
  • აწამა, არაადამიანურად მოეპყრო და ღირსება შეულახა ადამიანებს.
  • შელახა საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.
  • მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.

ჩამონათვალი ამით არ სრულდება.

ქართულმა მხარემ ამ წლების განმავლობაში საქმეზე 700 მტკიცებულება წარადგინა. დაჭრილების, გარდაცვლილებისა და საკუთარი სახლებიდან დევნილი ადამიანების ისტორიების გარდა, სტრასბურგში ისკანდერის ტიპის რაკეტების ნარჩენებიც წარადგინეს.

ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც საქმის შესწავლის ფარგლებში სტრასბურგში გამართულ მოსმენაზეც გამოიკითხა, სოფელ თამარაშენის მკვიდრი დათო ძაძამიაა. დედასთან, ვალია აიდარაშვილთან ერთად, მან 2008 წლის აგვისტოში, ცხინვალის იზოლატორის სარდაფში, როგორც თავად ამბობს, „არაერთი ტანჯვით აღსავსე დღე გაატარა“.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დათო და დედამისი 12 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ.

„რუსეთის საერთაშორისო ზეწოლაზე კი იძახდნენ, მაგრამ ფაქტია - საბოლოოდ დადგა ის ვერდიქტი, რაც უნდა დამდგარიყო. სიხარულის გრძნობა ნამდვილად მაქვს და ახლა უფრო მჯერა, რომ მოვიგებთ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ ინდივიდუალურ საჩივრებსაც... მე ვიტყოდი, რომ სამართლიანობამ გაიმარჯვა“, - გვითხრა ძაძამიამ.

წაიკითხე მეტი კონვენციის ყველა იმ მუხლის შესახებ, რაშიც საქართველომ რუსეთს მოუგო და ასევე გაეცანი რეაქციებს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ლელა კუნჭულიას სტატიაში.

პროკურატურამ ივერი მელაშვილის კაბინეტში გაკეთებული ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. ვინ უკეთ გამოიყენებს ამ მტკიცებულებას?

„კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულ ივერი მელაშვილს დაპატიმრებამდე თავის სამუშაო ოთახში პროკურატურა უსმენდა. ეს ფარული აუდიო-ვიდეო ერთ-ერთი მთავარი სამხილი გახდა გახმაურებულ საქმეში, რომლითაც ახლა პროკურატურა ცდილობს დაკავებულებს ბრალი დაუმტკიცოს. უწყება განმარტავს, რომ ჩანაწერები სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაკეთდა.

20-წუთიანი საუბრის ფრაგმენტი, რომელიც ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაცვის მხარეს, პროკურატურამ 21 იანვარს ისე გაასაჯაროვა, რომ მათი არსებობის შესახებ წინა დღეს არაფერი უთქვამს ბრალდებულებისთვის ბრალის მოტივის დაზუსტებისას და არც წინასწარ პატიმრობაში მყოფი კარტოგრაფების ადვოკატებისთვის ჰქონდა გადაცემული. ვიდეო საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში 2020 წლის 28 სექტემბერს არის გადაღებული, ანუ ერთი დღით ადრე, სანამ პროკურატურა საჯაროდ იტყოდა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთები საქართველოს საზიანოდ არის შეთანხმებული. ამ მომენტისთვის „კარტოგრაფების საქმის” გამოძიება უკვე დაწყებულია, დავით ხიდაშელის მიერ რუსეთის არქივებში ნაპოვნი რუკებიც უკვე საქართველოშია და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილიც დაკითხულია.

რატომ არ ასაჯაროებდა გამოძიება აქამდე საქმეში არსებულ ჩანაწერებს და რას ამბობენ დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატები? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

გუშინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1137-ით გაიზარდა. ვირუსის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. განახლებული ინფორმაცია ინფიცირებულების შესახებ დღეს გახდება ცნობილი.

გუშინ ცნობილი გახდა ის გეგმა, რომლითაც დაიწყება მოსახლეობის ვაქცინაცია. გეგმის მიხედვითმ 2021 წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ქვეყნის მოსახლეობის 60%, 18 წელს ზევით მოქალაქეები უნდა აიცრან.

იმუნიზაციის გეგმა დაიყო სამიზნე ჯგუფებად, კვარტალებად, კვირებად. მთავრობამ დაითვალა ასაცრელი მოსახლეობის რაოდენობაც, ჯამში, 1,691,214 ადამიანი. მეტიც, დაითვალა თითოეულ სამიზნე ჯგუფში მყოფი ადამიანების რაოდენობაც, მაგრამ გეგმაში არ ჩაწერა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონენტი, როდის დაიწყება ვაქცინაცია? თებერვლის დასაწყისში, თებერვლის ბოლოს? მარტში? ზოგადად გაზაფხულზე, თუ როდის? ანუ, როდიდან უნდა დავიწყოთ იმ კვარტალებისა და კვირების ათვლა, რომელთა ილუსტრაციასაც ვაქცინაციის გეგმა გვთავაზობს.

წაიკითხე მეტი.

სალომე ზურაბიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გუშინ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. დღეს ის ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ისინი ერთობლივ განცხადებას ონლაინ გააკეთებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის განცხადებით, პრეზიდენტის ვიზიტი უმაღლეს დონეზე დაფარავს ევროკავშირის სამივე მიმართულებას - საბჭოს, კომისიასა და პარლამენტს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბრიუსელისგან მოითხოვს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის შეჩერებას

ევროპის პარლამენტმა 21 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის ევროკავშირისგან მოითხოვს, შეაჩეროს თითქმის დასრულებული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა, რომლითაც რუსეთიდან ბუნებრივი აირი უნდა მიეწოდოს გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით.

ევროპის პარლამენტის წევრები გამოდიან მოწოდებით, გაფართოვდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ბერლინიდან დაბრუნებისთანავე დაკავების გამო. ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა ზაფხულში ნერვული მომწამვლელი ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ. ის 18 იანვარს დააკავეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

წაიკითხე მეტი.

ვინ არის ომარ ხიზანიშვილი? - ქუჩები უცნობთა სახელებით

თბილისში სამასზე მეტი ქუჩაა და ბევრ მათგანს ისეთი ადამიანის სახელი აქვს მინიჭებული, რომელიც ბევრისთვის უცნობია. ინფორმაცია ამ პიროვნებებისა და მათი ღვაწლის შესახებ არსად არის განთავსებული.

გლდანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასივია, ის რვა მიკრორაიონსა და სოფელ გლდანს აერთიანებს. მოსახლეობა 150 ათას ადამიანს აჭარბებს. გლდანს ორი ცენტრალური ქუჩა აქვს. აქედან ერთი, რომელიც ოთხ მიკრორაიონს გასდევს, ომარ ხიზანიშვილის სახელს ატარებს. მაგრამ ვინ არის ომარ ხიზანიშვილი?

ინტერნეტის ეპოქაში, როცა იქ ბავშვსაც კი საკუთარი სოციალური პლატფორმა აქვს, შეუძლებელი აღმოჩნდა გაგვერკვია, ვინ იყო პიროვნება, რომლის სახელი დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ჰქვია. ის, უბრალოდ, „არ იგუგლება“. არაფერი იციან თავად გლდანელებმაც. კითხვაზე, ვინ იყო ომარ ხიზანიშვილი, მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა გვიპასუხა, რომ ის გლდანის რაიკომის მდივანი იყო, თუმცა ვერც ამ ფაქტის გადამოწმება ხერხდება.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი თეა თოფურია შეეცადა იმის გარკვევას, თუ ვის სახელებს ატარებს ქუჩები თბილისში. წაიკითხე სტატია აქ.

თბილისში ძაღლებში ჭირის ვირუსის აფეთქებაა - ვეტერინარები, მეპატრონეები და აქტივისტები ამბობენ, რომ მომაკვდინებელი ინფექციური დაავადება სწრაფად ვრცელდება ძაღლებში.

ასევე წაიკითხე სტატია აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG