Accessibility links

რა პრინციპით ირჩევენ წევრებს პოლიტიკური პარტიები საქართველოში?


ავტორი: ნათია მეგრელიშვილი

პოლიტიკური პარტიისა თუ სხვა პოლიტიკური გაერთიანების შექმნა საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი უპირველესი ფუნქცია კი ისაა, რომ მათ გადამწყვეტი როლი ენიჭებათ კანდიდატების წარდგენის დროს მთავრობის ყველა დონეზე საჯარო სამსახურში. ამდენად, პოლიტიკური პარტიების მიერ წევრების შერჩევა ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია, ვინაიდან, სწორედ ეს კანდიდატები განსაზღვრავენ პარტიის სახეს და მის შემდგომ საქმიანობას.

ქართული პოლიტიკური პარტიები, შეიძლება ითქვას, რომ, გარკვეულწილად, გადახალისების, წევრების შერჩევისას სხვა პრიორიტეტების წინ წამოწევის, პროცესში იმყოფებიან. რაც, თავის მხრივ, ერთმანეთისაგან განასხვავებს წევრობის მსურველთა იმ კატეგორიას, რომელსაც იდეოლოგიური და ღირებულებითი დამოკიდებულება აქვს პარტიის მიმართ და ამის საფუძველზე სურს, მას შეუერთდეს, იყოს აქტიური წევრი და იმ კატეგორიას, რომელსაც ძირითადად პასიური წევრები ქმნიან და შორს არის პარტიის ფასეულობებისაგან.

აქვე, აღსანიშნავია, რომ წევრების მიღებისას სწორი პოლიტიკის გატარება ხელს შეუწყობს თავად პარტიას, გახდეს უფრო მიმზიდველი საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილისათვის და დაეხმარება მას მიზნებისა და შესაბამისი კურსის გატარებაში.

საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, „პარტია, როგორც თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნაწილი, არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში.“

ამდენად, დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებების შესაბამისად, დაუშვებელია პარტიის წევრობის შეზღუდვა პიროვნებისათვის დამახასიათებელი რაიმე ნიშნის საფუძველზე. რა თქმა უნდა, თუკი პოტენციური წევრის სურვილი და განზრახვა არ უკავშირდება „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას, ან შეირაღებული ფორმირების შექმნას“ (საქართველოს ორგანული კანონის თანახმად).

საქართველოში პოლიტიკური პარტიის წევრობისა და, შესაბამისად, მისი შექმნის უფლება აქვს საარჩევო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პარტიის წევრი. ხოლო, რაც შეეხება აკრძალვას, პოლიტიკური პარტიის წევრობა ეკრძალება სამხედრო ძალების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობას, მოსამართლეებს და პროკურორებს.

პარტიის წევრების მიღებისა და გარიცხვის წესებს ძირითადად პოლიტიკური პარტიების წესდება განსაზღვრავს.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრი, პოლიტიკური გაერთიანების წესდების თანახმად, „შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სარგებლობს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანების უფლებით, აღიარებს პარტიის წესდებას და მზად არის მონაწილეობა მიიღოს პარტიის საქმიანობაში.“

რაც შეეხება, უშუალოდ, გაწევრიანების პროცესს, პირმა უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება, პარტიის არანაკლებ ერთი წევრის რეკომენდაციის თნხლებით. განცხადებას განიხილავს პარტიის შესაბამისი საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც 14 დღის ვადაში დადებით ან უარყოფით პასუხს გადასცემს პარტიის სამდივნოს. პარტიის სამდივნო კი, თვის მხრივ, 30 დღის ვადაში განმცხადებელს აცნობებს შესაბამის პასუხს.

საქართველოს ლეიბორისტულ პარტიაში წევრობის საკითხს პოლიტიკური კომიტეტი წყვეტს. წევრობის მსურველი ვალდებულია, დაწეროს განცხადება, რომელსაც შესაბამის ტერიტორიულ ორგანიზაციაში წარადგენს(საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე).

ამ შემთხვევაშიც, მნიშვნელობა ენიჭება და სავალდებულო ხასიათს ატარებს რეკომენდაციის წარდგენა, თუმცა წევრობის მსურველის მხრიდან რეკომენდატორის არ არსებობის შემთხვევაში, პარტიის აქტივისტები თავად შეაგროვებენ მასზე ინფორმაციას(იყო თუ არა სხვა პარტიის წევრი, რა შეიძლება იყოს მისი რეალური მოტივი/მიზეზი პარტიაში გაწევრიანებისა და ა.შ).

პოლიტიკურ მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოში გაწევრიანების მსურველი ვალდებულია პარტიის ტერიტორიულ ორგანიზაციაში წარადგინოს წერილობითი განცხადება. დიდი ყურადღება ექცევა ახალი წევრის პოლიტიკურ წარსულს, პარტიაში შესვლის მოტივაციას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში და ა.შ.

სასურველი ინფორმაციის მიღების შემდეგ ტარდება გასაუბრება, სადაც წყდება წევრის მიღების საკითხი.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გაწევრიანების მსურველი ვალდებულია საბჭოს წინაშე წარადგინოს პირადი განცხადება და, სულ მცირე, სამი რეკომენდაცია. წევრობის პარალელურად, პარტიაში არსებობს აქტივისტთა და მხარდამჭერთა ინსტიტუტი. მხარდამჭერთა რეგისტრაციასა და აღრიცხვას უზრუნველყოფს ცენტრალური სამდივნო, საქალაქო და რაიონული ორგანიზაციები. რაც შეეხება აქტივისტებს, ისინი შეიძლება იყვნენ როგორც პარტიის წევრები, ისე არაწევრებიც.

ამდენად, მიუხედავად მიმისა, რომ საქართველოში თითოეული პოლიტიკური პარტია, საკუთარი წესდებით არეგულირებს წევრების მიღებისა და გარიცხვის საკითხს, წარადგენს მისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილება მომავალი წევრებისათვის სავალდებულოა, უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის გარკვეული ხარისხის კვეთა ნამდვილად არსებობს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან პარტიაში გაწევრიანების მსურველთა უფლებაზე, რომ ამ პროცესს ჰქონდეს ნებაყოფლობითი ხასიათი, არ შეიზღუდონ ისინი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა.

ამჟამად, რიგითი წევრები არჩევნებს შორის პერიოდში ნაკლებად არიან ჩართულნი პარტიის საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მცირე როლს ასრულებენ. ასეთი ვითარება ხელს უშლისწევრთა იდენტიფიცირებას პარტიასთან. გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის, ინიციატივების წამოყენების, პარტიულ თანამდებობაზე არჩევისა და კანდიდატურის წამოყენების მეტი შესაძლებლობა შესაძლოა პარტიის საქმიანობაში ჩასართავად მნიშვნელოვან მოტივად იქცეს და, შესაბამისად, ხელი შეუწყოს პარტიის წევრების რაოდენობის გაზრდასაც.

პოლიტიკურ პარტიებში წევრთა როლის გაზრდა კი ხელს შეუწყობს პარტიის მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გამოკვეთასა და მათ პარტიულ პროგრამაში შეტანას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG