Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა ვნახოთ თბილისის კინოფესტივალზე


თბილისის კინოფესტივალის დროც მოვიდა. წელს დედაქალაქის კულტურული ცხოვრების ეს ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი მოვლენა საიუბილეოა, უკვე მეოცედ ტარდება. შარშანდელთან შედარებით ფესტივალის ხანგრძლივობა გაიზარდა და პროგრამაც უფრო მრავალფეროვანი გახდა. პრაქტიკულად არ დარჩა დიდ საერთაშორისო კინოფესტივალზე ნაჩვენები კარგი სურათი, რომელიც არ მოხვდა თბილისის კინოფორუმის პროგრამებში.

ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების უმრავლესობა ნანახი მაქვს, ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ, გირჩიოთ 10 სურათი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ სიურპრიზები გველის. ბოლოს და ბოლოს, თბილისის კინოფორუმის პროგრამაში ჩვენი კინოს კლასიკოსის, ლანა ღოღობერიძის ახალი ნამუშევარია ჩართული. წლის საუკეთესო სურათებთან ერთად კინოს მოყვარულებს სანახავი აქვთ ძალიან საინტერესო ბრიტანული პროგრამა, რეტროსპექტივა „ამერიკები“, მექსიკელი რეჟისორის კარლოს რეიგადასის ფილმები. მაგრამ თუკი კარგი კინო გიყვართ, ეს 10 სურათი, პირველ რიგში არ უნდა გამოგრჩეთ.

  1. უარყოფითი რიცხვები“ (უტა ბერია, საქართველო)

იშვიათი მაგალითი ქართულ კინოში, როცა ავტორი ახერხებს, „მრავალგმირიან“ ფილმში შექმნას განსხვავებული ხასიათები, დაძლიოს სქემატურობა და ყველანაირი დიდაქტიკა. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა კარგი სცენარით, ცოცხალი დიალოგებით, არაჩვეულებრივი კასტინგით და, რაც განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, მხატვრის, ოპერატორის მართლაც რომ სერიოზული ნამუშევრით. მე პირადად ფილმში უფრო მეტი სევდა, „მეტი პესიმიზმი“ დამაკლდა, ერთ მომენტში ვიფიქრე კიდეც, რომ ავტორი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ჩანაცვლების საშუალებით ახალგაზრდების გათავისუფლება „კრიმინალური ვნებებისგან“, მაგრამ არა - რეფლექსიისთვის აქ ადგილი რჩება და მიუხედავად იმისა, რომ სურათის მოქმედება თითქმის არ სცდება სასჯელაღსრულებითი დაწესებულების საზღვრებს, „უარყოფითი რიცხვები“ თანამედროვე ქართული საზოგადოების სურათს მაინც გამოხატავს.

2. „ღორი“ (გიგა ლიკლიკაძე, საქართველო)

ვარ გულშემატკივარი ამ ფილმისა და ვფიქრობ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა გიგა ლიკლიკაძის დებიუტს დიდ ფესტივალებზე გავუკვალოთ გზა. ვისაც ჩემსავით გჯერათ, რომ კინოხელოვნება - ესაა პირველ რიგში ადამიანის სახე და კამერა, მათი დამოკიდებულება, მათი კონფლიქტი..., ეს სურათი არ უნდა გამოტოვოთ. გამომწვევად მინიმალისტური, მცირებიუჯეტიანი „ღორი“ გაგაკვირვებთ იმით, როგორ ახერხებს ავტორი, გაერთიანოს ზედმიწევნით ნატურალისტური ზედმიწევნით აბსურდულთან, დაიცვას წონასწორობა უხამსსა და ესთეტიკურს შორის, არ წავიდეს არანაირ კომპრომისზე „ქართული კინოს პოეტური ტრადიციების“ სასარგებლოდ და გვიჩვენოს საქართველო, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ არსებობს, მაგრამ რომელსაც გავურბივართ, რომლისაც გვეშინია. ვამბობ ჩვენზე, იმ ხალხზე, ვისაც კინო და წიგნი გვიყვარს. თორემ ფილმის გმირები აბსოლუტურად სხვა რეალობაში ცხოვრობენ. და „ვცხოვრობთო“ სწორედ მათ უნდა თქვან.

3. „ალმოდებული ქალის პორტრეტი“ (სელინ სიამა, საფრანგეთი)

ფილმს ცოტა დააკლდა და წელს, კანის ფესტივალის მთავარი პრიზით აღინიშნებოდა. პრინციპში, ასეთი ესთეტიკის სურათებს კვირაში ერთხელ უჩვენებს ფრანგულ-გერმანული ტელეკომპანია „არტე“ შაბათობით, სატელევიზიო კინოს სეანსზე, მაგრამ მაინც უნდა დავუფასოთ ავტორს სურვილი, ჩასწვდეს დასავლური კულტურის ერთ-ერთ მთავარ საიდუმლოს - რატომ დამალა, გააქრო ისტორიამ მხატვარი ქალები? როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი „ალმოდებული სურათები“, თუკი არ მოუხდებოდათ ცხოვრება და მოღვაწეობა პატრიარქალური კულტურის მარწუხებში. საინტერესოა ფილმში ისიც, თუ როგორაა წარმოდგენილი ორი ქალის ფიზიკური ლტოლვა, შემდეგ კი ძლიერი სიყვარული; კარგა ხნის წინ დამკვიდრებული სტერეოტიპი „აქტიურ“ და „პასიურ“ პარტნიორებზე, „მამაკაცურ“ და „ქალურ“ ლესბოსელებზე, ფილმში ცოტა გამომწვევადაც კი ინგრევა.

4. „გარეული იხვის ტბა“ (დიაო იანი, ჩინეთი)

ძალიან ლამაზი ჩინური ტრილერი, უფრო კონკრეტულად კი „ნუარი“, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ - ფილმის ყველა ღირსება დაიკარგება, თუკი მას კინოთეატრში, დიდ ეკრანზე არ ნახავთ. როგორც ამბობენ, ცენზურა არ აძლევს საშუალებას ამ ჩინელ რეჟისორს, პოლიტიკური აქცენტებით გაამდიდროს თავისი ფილმები. არადა, როგორი ოსტატია! როგორ სანახაობას ქმნის! როგორი არაჩვეულებრივი მსახიობები ჰყავს! მართლა „სუფთა კინოა“, ის შემთხვევაა, როცა ამბავი, რომელსაც ვაკვირდებით ეკრანზე, „ტოტალურ ირეალობად“ იქცევა, ერთგვარ ტკბილ და, ამავე დროს, საშიშ სიზმრად. სადღაა ასეთი კინო? 30-40-იან წლებში ჰქონდათ ამერიკელებს.

5. „უსასრულობის შესახებ“ (როი ანდერსონი, შვედეთი)

ვენეციის „ბიენალეს“ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, შეიძლება ითქვას, ფილმი-სიხარული, რომელიც ცოტა ხნით მაინც გაგაბედნიერებთ თავისი გამომგონებლობით, იუმორით, სიკეთით, სევდით. შვედური კინოს ცოცხალი კლასიკოსი წარმოგვიდგენს რამდენიმე ათეული კადრისგან შეკრულ „თაიგულს“, რომელმაც თანამედროვე შვედური სოციუმი უნდა გაგვაცნოს და თან გაგვახსენოს კინოხელოვნების პიონერები, ძმები ლიუმიერები, მათი ოპერატორები, რომლებიც იღებდნენ ცოცხალ სურათებს, მოძრავ ილუსტრაციებს ისტორიის სახელმძღვანელოსთვის. ფილმის ბოლოს აღმოჩნდება, რომ შეჩერებული, გაყინული სამყარო, რომელსაც ქმნის ანდერსონი, სულაც არ არის უსიცოცხლო, თუკი მას კარგად ჩააცქერდები და მოუსმენ. ასე იქცევა „უსასრულობის შესახებ“ ფილმ-მედიტაციად, რომელმაც დიახაც, სწორედ უსასრულობას უნდა გვაზიაროს.

6. „ღმერთი არსებობს და მისი სახელია პეტრუნია“ (ტეონა მიტევსკა, მაკედონია)

წლევანდელი ბერლინის ფესტივალის უსაშველოდ ცუდი საკონკურსო პროგრამის საუკეთესო ფილმი, რომელიც დემონსტრაციულად არ შეიმჩნია ჟიურიმ. შეიძლება, მოგონილად და ხელოვნურად მოეჩვენათ ფილმში მოთხრობილი ამბავი. ისევე როგორც ძნელია დაიჯერო, მაგალითად, ის, რაც ხდება დღეს ნარიმან მაქარაშვილის (ბერი ნიკოლოზის) გარშემო. არადა, რეალობაა. სასწაულის მოლოდინი ღარიბ და დაღლილ ქვეყანაში, სადაც განვითარება შეჩერებულია, სრული რეალობაა. ტეონა მიტევსკა ეხება ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, გვიამბობს, როგორ მოასწრო რელიგიამ და როგორ დაიკავა ნიშა, რომელიც დაცარიელდა კომუნისტური სისტემის დანგრევის შემდეგ. ფანატიზმი და ირაციონალიზმი პოსტკომუნისტურ იუგოსლავიას ისევე აწუხებს, როგორც რუსეთს, საქართველოს. სურათის ავტორს ზოგჯერ უჭირს, ბოლომდე ჩაჯდეს ჟანრის ჩარჩოებში, არ გასცდეს სატირის საზღვრებს. ხანდახან არ ყოფნის ოსტატობა მთავარი როლის შემსრულებელს, მაგრამ ფილმი სანახავია მაინც, მით უმეტეს, საეჭვოა, სხვა დროს გქონდეთ კიდევ მაკედონური სურათის ნახვის საშულება.

7. „მარტინ იდენი“ (პიეტრო მარჩელო, იტალია)

პიეტრო მარჩელომ კინოში მოღვაწეობა დაიწყო, როგორც დოკუმენტალისტმა, თუმცა ჯეკ ლონდონის ცნობილი რომანის ეს ეკრანიზაცია, პირველ რიგში, დოკუმენტურობასაა მოკლებული: ფილმის ავტორი პრინციპულად ამბობს უარს რეალურ დროზე, ფაქტობრივად არ გვეუბნება, მეოცე საუკუნის რომელ მონაკვეთში ხდება ფილმის მოქმედება. ერთგვარი „ზედროობაა“ ეკრანზე ფილმის პირველი კადრებიდან ფინალამდე. თითქოს, იმის სათქმელად, რომ მარტინ იდენის ცხოვრების ისტორია მეოცე საუკუნის ადამიანის ისტორიაა. ისევე როგორც მეოცე საუკუნის ადამიანის ტიპური ისტორიაა მწერლის ბრძოლა არსებობისთვის და მისი ბრძოლა კარიერისთვის, რომელსაც თავის მხრივ ბევრი რამ ეწირება, პირველ რიგში კი - თავისუფლება. ლუკა მარინელი, იტალიელი მსახიობი, რომელიც მარტინ იდენის როლს ასრულებს, ვენეციის კინოფესტივალის ჟიურიმ საუკეთესო მსახიობად ცნო. რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა იტალიელმა არტისტმა, არც მეტი და არც ნაკლები, ხოაკინ ფენიქსი დაამარცხა „ჯოკერში“ განსახიერებულ როლში.

8. „მოღალატე“ (მარკო ბელოკიო, იტალია)

კინოს მოყვარულები იტალიური ხელოვნების ცოცხალი კლასიკოსის, 80 წლის მარკო ბელოკიოს გესლიან იუმორს თუ აფასებთ (ბელოკიომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოიჩინა თავი, როგორც ავტორმა ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული ფილმისა კინოს ისტორიაში „მუშტები ჯიბეში“), სრულიად ახალი რაკურსიდან დაინახავთ საათივით აწყობილი კოზა ნოსტრას ნგრევის ისტორიას, დარწმუნდებით, რომ მდიდარისა და ღონიერის დასუსტება, ერთი შეხედვით, სრულიად უძლეველზე ქილიკი, სასიამოვნო სანახავია და იმის იმედს იძლევა, რომ ყველა მოძალადეს ბოლოს და ბოლოს კატასტროფული მარცხი ელის. მაგრამ ბელოკიო ბელოკიო არ იქნებოდა, თავისი ცარიელი, ჭკუასთან ცოტა არ იყოს მწყრალი პერსონაჟის მიმართ თანაგრძნობაც რომ არ გამოხატოს. იტალიელი მსახიობი პიერფრანჩესკო ფავინო სრულიად გენიალურია. იგი ასრულებს როლს „ორი სამყაროს ბოსისა“, ტომაზო ბუშეტასი, რომელმაც გაყიდა თავისი „თანამებრძოლები“ და პოლიციის მთავარი აგენტი გახდა მაფიასთან ბრძოლაში. თამაშობს ისე, რომ მაყურებელს ზოგიერთ ეპიზოდში ღიმილი შეიძლება შეაშრეს სახეზე და ცრემლი მოერიოს ბუშეტას საცოდაობისგან.

9. „გუნდერმანი“ (ანდრეას დრეზენი, გერმანია)

თანამედროვე გერმანული კინოს მოყვარული არ ვარ და არც მის ერთ-ერთ ლიდერს ანდრეას დრეზენს მივიჩნევ საინტერესო ავტორად. მაგრამ მისი ახალი ფილმის მთავარი გმირი ნამდვილად ძალიან საინტერესოა - გუდერმანი პოპულარული მომღერალია კომუნისტურ გერმანიაში, რომელსაც თაყვანისმცემლები იცნობენ როგორც სისტემასთან დაპირისპირებულ ახალგაზრდა კაცს, მეამბოხეს და ნონკონფორმისტს. სინამდვილეში, აღმოჩნდება, რომ იგი აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროებაზე მუშაობს, „შტაზის“ ინფორმატორია. ანდრეას დრეზენი დღევანდელი რაკურსიდან გამოხატავს კომუნისტური გერმანიის ეპოქას, უფრო კონკრეტულად კი, კომუნისტური სისტემის ნგრევას და ცდილობს, გასცეს პასუხი კითხვას, რომელიც მრავალ ადამიანს გვაწუხებს - რატომ შეიძლება, დღეს ადამიანებს ნოსტალგია გაუჩნდეთ კომუნისტური წარსულის მიმართ. დიდი იმედი მაქვს, რომ ფესტივალზე ნაჩვენებ სეანსზე მოხერხდება გუნდერმანის სიმღერების ტექსტის თარგმნა, რადგან გუნდერმანი ბარდია, სიტყვა მისი ხელოვნების ნაწილია.

10. „ყმაწვილი აჰმედი“ (ძმები დარდენები, ბელგია)

„აჰმედი“ ჩემთვის 2019 წლის მთავარ ფილმად რჩება. ძმებმა დარდენებმა დაიბრუნეს ის სიმაღლე, რომელიც თავის დროზე აიღეს თავიანთ მთავარ ფილმში „ვაჟიშვილი“. მათ და მხოლოდ მათ შეუძლიათ ბიბლიურ სიღრმეს მიაღწიონ ისტორიაში, რომელიც შეგიძლიათ სულ რამდენიმე სიტყვით მოყვეთ. მხოლოდ დარდენებს შეუძლიათ, ლამის ანტიკური ტრაგედია დადგან აბსოლუტურად განტვირთულ სივრცეში, მხოლოდ ძმები დარდენების კინოს შეუძლია გვიამბოს ძალადობაზე რეალური მოძალადის გარეშე. ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე - „ადამიანი არაა დამნაშავე, დამნაშავე სისტემაა“. მაგრამ საქმეც ისა, რომ დარდენების ამ ფილმში ეს რაღაც აბსტრაქტული „სისტემაც“ არაა დამნაშავე. „ყმაწვილ აჰმედში“ „სისტემა“ - დასავლური კულტურა, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია - ყველაფერს იღონებს, რათა როგორმე „მოაქციოს“ მუსლიმი ყმაწვილი, რომელიც თავისი „ურჯულო“ მასწავლებლის მოკვლაზე ოცნებობს. სიტყვა „მოაქციოს“ თუ არ მოგწონთ, იყოს „აღზარდოს“, „დაეხმაროს“, „იხსნას“. მაგრამ ბოროტებასთან ბრძოლა დღითი დღე რთულდება, არ არსებობს რეცეპტი, რომელიც დამანგრეველი ვნების დამარცხებაში დაგვეხმარება. არ არსებობს ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რატომ შეიძლება სრულიად უმწიკვლო ბავშვს გაუჩნდეს ადამიანის მოკვლის სურვილი. მაგრამ რომ არ არსებობს, იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიფიქროთ; ძმები დარდენების მაგიური კინოკამერა აქ გაარღვევს სასტიკი, უსამართლო რეალობის საზღვრებს და უბრალოდ გვაიძულებს, დავიწყოთ ფიქრი... არა, ფიქრი არა. გვაიძულებს, ვილოცოთ აჰმედის გადარჩენისთვის.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG