Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაგდა პოპიაშვილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე


მაგდა პოპიაშვილი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:44:50 0:00

“ისევე, როგორც წინა ხელისუფლებებს, მათ ჰგონიათ, რომ ერთ ხელში მოქცეული ძალაუფლება მათ ხელისუფლებაში ყოფნას გაახანგრძლივებს”, - ასე ეხმაურება ვებპორტალ „თვითმმართველობის დროა“-ს რედაქტორი, მაგდა პოპიაშვილი „დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025“-ის დამტკიცებას. დოკუმენტზე მუშაობა 2018 წლის ზაფხულში დაიწყო. მთავრობამ დოკუმენტი 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმასთან ერთად. მაგდა პოპიაშვილი და მისი კოლეგები ჩაერთვნენ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში იმ იმედით, რომ გათვალისწინებული იქნებოდა ის ძირითადი საკითხები, რაც რეალურად სჭირდება დეცენტრალიზაციას: „30 დეკემბერს, შუადღისას დამირეკეს და მითხრეს: გილოცავთ, სტრატეგია დავამტკიცეთ! ....აღმოჩნდა, რომ დოკუმენტი სამუშაო ჯგუფის წევრებისთვისაც არ იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ ის ვნახეთ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა... ეს განზრახულობათა დოკუმენტიც არ არის. არაფერი არ არის, შემიძლია ვთქვა, რადგან არ შეიძლება სტრატეგია ეხებოდეს იმას, რომ ჩაატარებენ კვლევებს. როგორ შეიძლება ყოველ მეორე სიტყვაში ვკითხულობდეთ, რომ ჩაატარებენ კვლევებს და ამ კვლევების საფუძველზე გადაწყვეტენ, რა უფლებამოსილება შეიძლება გადაეცეს თვითმმართველობას და რა - არა. თუ რომელიმე უფლებამოსილებას კვლევა გამოკვეთს, რომ გადასაცემია, შემდეგ იმსჯელებენ უკვე ამის შესაბამისი თანხები არის თუ არა. ასეთი დამოკიდებულების დოკუმენტია სინამდვილეში. ეს არ არის დეცენტრალიზაციის სტრატეგია“. მაგდა პოპიაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს მუნიციპალიტეტებისთვის საკუთარი შემოსავლების, ქონების ფლობის მნიშვნელობაზე, რადგან სხვაგვარად ეფექტიანი დეცენტრალიზაცია წარმოუდგენელია. ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული ალტერნატიული პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებს უნდა გადასცემოდათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება, დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები ავტომატურად უნდა გამოცხადებულიყო მუნიციპალურ საკუთრებად. მაგდა პოპიაშვილი ლაპარაკობს ეფექტიან ფისკალურ დეცენტრალიზაციაზეც: „მუნიციპალიტეტებს უნდა გაუჩნდეთ საკუთარი შემოსავლები. რით? პირველ რიგში იმით, რომ მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც ყველა დასაქმებული ვიხდით, უნდა ქცეულიყო ზიარ გადასახადად, ანუ ჩვენს მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი უნდა დარჩენილიყო იმ მუნიციპალიტეტში, რომელშიც ვცხოვრობთ და სადაც მოვიხმართ სერვისებს“. „დილის საუბრების“ სტუმარი ხელისუფლების დამოკიდებულების საილუსტრაციოდ ერთ ამბავსაც იხსენებს: „როცა პარლამენტში გახარიას პრემიერად დამტკიცების პროცედურები მიდიოდა, მან ერთ-ერთი დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ თვითმმართველობებს უკვე ბევრი უფლებამოსილება გადაეცათ და ახლა მათ კიდევ უფრო მეტად რომ გავუზარდოთ, კორუფციის რისკი გაიზრდებაო. ვინ დაითვალა, რომ მთავრობაში ნაკლები კორუფციის რისკები გვაქვს და ადგილობრივ თვითმმართველობაში მეტი? ეს გვესმის 30 წელია, რაც ეს ქვეყანა დამოუკიდებელია და რაც ამ ქვეყანაში ითხოვენ რეალურ თვითმმართველობას. რომელმა კვლევამ დაადგინა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები და თანამდებობის პირები არიან მეტად მიდრეკილნი კორუფციისკენ, ვიდრე სახელმწიფო ჩინოვნიკები, რომლებიც აგერ თბილისში არიან წამომსხდრები? გახარიას მაშინდელი განცხადების რეალური მიზეზი არის ის, რომ მათ არ სურთ ცვლილებები. ისევე, როგორც წინა ხელისუფლებებს, მათ ჰგონიათ, რომ ერთ ხელში მოქცეული ძალაუფლება მათ ხელისუფლებაში ყოფნას გაახანგრძლივებს, მათ ძალაუფლებას გაახანგრძლივებს. აბა, გაიხსენეთ, ამ განცხაადებას ძალიან მალე მოჰყვა პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა. ჩემთვის ეს სრულებით არ იყო გასაკვირი, როცა აბსოლუტურად არაფრისმომტანი დოკუმენტი დადეს დეცენტრალიზაციაზე, რადგან მთელი ეს პროცესი არის ერთი ჯაჭვი და ამ ჯაჭვს არსად გაწყვეტენ. თუ უნდოდათ რეფორმები, გააკეთებდნენ დეცენტრალიზაციას რეალურს და ამ სტრატეგიის გარეშეც შეუძლიათ დღეს არსებული კოდექსით ძალიან მარტივად იმავე ქონების და ფინანსების გადაცემა, პროპორციულ არჩევნებზე არ იტყოდნენ უარს და ა.შ.. ეს არის ჯაჭვი, რომელიც ერთადერთ რამეს ემსახურება - რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება არსებულმა ხელისუფლებამ. ყველა ხელისუფალს ამ ქვეყანაში ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ეს მოთხოვნა და მხოლოდ ამ მიზეზით არ დაუშვა არც ერთხელ თვითმმართველობის გაძლიერება“.

XS
SM
MD
LG