Accessibility links

რა ხდება? რა გვინდა?


ავტორი: ლაშა ხიზანიშვილი

ამ ბლოგს რადიო თავისუფლების თავისუფალ სივრცეში ვწერ და მისი ძირითადი იდეაც თავისუფლებაა, რომელიც პირადად მე ამ მომენტისთვის ბევრად შეზღუდული მაქვს, ვიდრე სულ ცოტა ხნის წინ მქონდა. არც მაშინ იყო მისი ჰორიზონტი თვალუწვდენელი, თუმცა ახლა ძალიან ვიწრო რადიუსზეა მოქცეული, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ მხოლოდ საქართველოში კი არა მსოფლიოს ნახევარზე მეტი ამ მდგომარეობაშია. რა ხდება? ყოველთვის ეს შეკითხვაა სწორად გასააზრებელი, იმისთვის რომ შექმნილი რეალობის გაანალიზება შევძლოთ და ადეკვატური დასკვნები გავაკეთოთ იმ მოვლენებზე, რომლებიც წარსულში მოხდა, ახლა ხდება და მომავალში მოხდება. ამ ყველაფრის სწორად გააზრებით შედარებით უკეთესი რეალობა უნდა მივიღოთ.
დღეს განვითარებული სამყარო და სამყარო რომელსაც განვითარებაზე აქვს პრეტენზია, ცხოვრობს ასე ვთქვათ დემოკრატიულ რესპუბლიკებში. არსებობს სახელმწიფო ხელისუფლება, რომელსაც ხალხი ირჩევს, მაგრამ ამ სისტემათა ისტორიამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ხალხის არჩეულ სუვერენულ ხელისუფლებას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის ლეგალური მონოპოლია ძალის გამოყენებაზე, სჭირდება კონტროლის მექანიზმები, ერთგვარი ჩამკეტი, გამაწონასწორებელი ბერკეტები, რომლებიცძალაუფლების სათავეში მოქცეული ადამიანების ბნელი მხარისგან დაიცავს დანარჩენებს. ეს თეორია უამრავი კვლევითა და ექსპერიმენტებით დასტურდება, მათ შორის ყველაზე ცნობილი ე.წ. ციხის ექსპერიმენტით. ამ კვლევამ გვაჩვენა, რომ ძალაუფლება მიდრეკილია გარყვნილებისკენ. მას შეუძლია ადამიანის ფსიქოლოგიის ბნელი კუთხეებიდან გამოიყვანოს მიდრეკილება ძალადობისა და დიქტატურისკენ. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო სისტემა მის სათავეში მოქცეული ადამიანებით ბუნებრივად მიდრეკილია დიქტატურისკენ, ყოველ შემთხვევაში ამის მოხდენის ალბათობა ძალიან მაღალია. ამის საწინააღმდეგოდ, ბალანსის შესაქმენალად, სისტემაში უნდა გავაჩინოთ ჩამკეტი მექანიზმები. ასეთია კონსტიტუცია, რომელიც უმაღლესი იურიდიული დოკუმენტია. მისი მთავარი ფუნქცია სახელმწიფოს ძალაუფლების შეზღუდვა და ამით ადამიანების თავისუფლების დაცვაა. კონსტიტუციის იდეამ რომ იმუშაოს, ნებისმიერ მდგომარეობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქეთაც ადამიანები ვერ გადააბიჯებენ, ვერც სახელმწიფო, იმიტომ რომ სახელმწიფო დროის მოცემულობაში არაფერია თუ არა კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფი.
რა მოხდა?! გავრცელდა ვირუსი, რომელმაც შეგვაშინა, ამაში მთავრობები და მედიაც ძალიან დაეხმარნენ. შიში არის ის მდგომარეობა, რომელიც მეტ-ნაკლებად უსუსურად აქცევს ხოლმე ადამიანს. ამ დროს ვიღაც უნდა დაგეხმაროს. ერთგვარი ხედვით, შიში არის სწორედ ის მოტივი, რომელმაც დაუდო საფუძველი სოციალურ შეთანხმებას, კონსტიტუციას და ასეთი შემთხვევებისთვის პრევენციულად დაითმო სრული თავისუფლება, მის საპირწონედ შეიქმნა სისტემა და მის სათავეში მოქცეულ ადამიანებს დაევალათ შეშინებულთა დაცვა. რაც უფრო მეტად გეშინია, მით მეტი ძალაუფლება აქვთ შენზე, მას რისი/ვისიც გეშინია და მასაც ვინც უნდა დაგიცვას. ორივე შემთხვევაში შეიძლება ეს ერთი და იგივე ობიექტი იყოს. მოკლედ ვირუსმა ყველა შეგვაშინა. დახმარებისთვის კი სახელმწიფოს მივმართეთ. მან ჩვენგან მორჩილება მოითხოვა. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციით შეზღუდული სახელმწიფოს თავისუფლება იზრდება ანუ დანარჩენების თავისუფლება მცირდება, ასეთია დამოკიდებულება ამ ორ ცვლადს შორის. შეიძლება ვენდობით, ვემორჩილებით, მაგრამ თუ ზღარს გადავლენ? ეს ზღვარი და მის შესაკავებლად არსებული ლეგალური ბერკეტები განსაზღვრავს სისტემის რაობას. უნდა ნიშნავდეს საგანგებო მდგომარეობა დიქტატურას? თუ მაინც უნდა არსებობდეს შემაკავებელი ბერკეტები ან რა უნდა იყოს ეს ბერკეტი? რამდენიმე დღის წინ შტუტგარტში დაანონსდა საპროტესტო აქციები, რაც კანონგარეშე იყო საგანგებო მდგომარეობისას. გერმანიის სასამართლომ მსგავსი შეზღუდვა არაკონსტიტუციურად სცნო და თქვა, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია დაუსაბუთებლად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა და სწრორედ ასეთი უფლებაა გამოხატვის თავისუფლება, უფრო კონკრეტულად კი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე კარგა ხანია იმართება საპროტესტო აქციები ანტისამთავრობო პოლიტიკური გზავნილებით, იქ სახელმწიფო არ/ვერ ახერხებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ამ დონეზე. ისრაელშიც გაიმართა საპროტესტო აქცია. ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ისინი იცავდნენ დისტანცირების შესახებ რეკომენდაციებს. აქცია იყო ანტისამთავრობო. საქართველოშიც რამდენიმე თვეა საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. უამრავი რამაა აკრძალული, მათ შორის არის სწორედ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაც, ამის გამო რამდენიმე ადამიანი დაჯარიმდა ბოლო კვირების განმავლობაში, რამდენიმე დღის წინ კი პოლიტიკური პარტია გირჩის ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად გაშლილ სივრცეში მოაწყო აქცია-სეირნობა, როგორც თვითონ უწოდეს. რეალურად ეს იყო საპროტესტო აქცია, რომლის ყველა მონაწილე პოლიციამ დააჯარიმა, კანონიერად, თუმცა მთავარი კითხვა არის - რამდენად სამართლიანია ეს ყველაფერი? რამდენად შესაფერისია იმ საზოგადოებრივი წყობილებისთვისა და ღირებულებებისთვის, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებს საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობის დიდი ნაწილიც? დემოკრატიულობა და თავისუფლების იდეალები საქართველოში აღიარებულია როგორც სამართლებრივ ისე სიმბოლურ დონეზე. საქართველოს ჰიმნში გაისმის ფრაზა: „დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება.“ არის კი პრაქტიკულად ეს ასე?
გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი ძირითადი ადამიანის უფლება, რომელიც გვაძლევს საშუალებას თავი დავიცვათ დემოკრატიის ბნელი მხარისგან, რაშიც ვგულისხმობ უმრავლესობის იძულებით დიქტატს უმცირესობაზე, ეს შეიძლება პირიქითაც მოხდეს და ამისგანაც გვიცავს გამოხატვის თავისუფლება. ეს არის საშუალება თავისუფლად დავაფიქრსიროთ დომინანტური აზრის საწინააღმდეგო პოზიცია, რის გარეშეც შეუძლებელია სიმართლის დადგენა. იქნებ სულაც არაა სწორი ის ნაბიჯები, რომლის საშუალებითაც ხელისუფლება ცდილობს ამ შემთხვევაში მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს და დაიცვას ადამიანები კორონავირუსის გავრცელებისგან? მთავრობა იყენებს იძულების მექანიზმებს, რომ მისი კონკრეტული მიზნები განახორციელოს, მაგრამ თავისუფლად შეიძლება ეს სტრატეგია მცდარი იყოს. როგორც კი მმართველობა შეზღუდავს საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვის თავისუფლებას, მაშინვე იქცევა დიქტატურად. დღეს კი სწორედ ეს ხდება. დიქტატურა გამოსავალია? სწორი მიდგომაა? გვინდა დიქტატურა?

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG