Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება, როცა ქალი ოჯახში ძალადობაზე იწყებს ლაპარაკს - ცნობილი ჩოგბურთელი ბრალდებულის სკამზე


ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი მასზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობაში ადანაშაულებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალადობის ფაქტს უარყოფს. მას შემდეგ, რაც სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 100 000 ლარის ოდენობის გირაო გადაიხადა, სპორტსმენმა თქვა, რომ დისკუსიაში შესვლას არ აპირებს და სასამართლოს დასრულებას დაელოდება. მიმდინარე პროცესში ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ ცოლს და მცირეწლოვან შვილს დაზარალებულის სტატუსი აქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში არასრულწლოვანი მონაწილეობს, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დახურული იქნება სასამართლო სხდომები, ორივე მხარის ადვოკატები კი უარს ამბობენ ფაქტობრივი გარემოებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შინაარსის განხილვაზე.

25 მაისის დღის ბოლოს დაზარალებულის და ბრალდებულის ადვოკატების საჯარო განცხადებების შედეგად ცნობილია რამდენიმე რამ:

  • ნელი დოროყაშვილის ადვოკატების მტკიცებით, ძალადობა იყო დროში განგრძობითი და არაერთჯერადი. ძალადობა ხდებოდა როგორც წყვილის თანაცხოვრებისას, ისე განქორწინების შემდეგ. ძალადობა იყო სხვადასხვაგვარი, მათ შორის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და შესაძლოა, ეკონომიკურიც. იმას, რომ კონფლიქტი ერთჯერადი არ იყო, გარკვეულწილად ადასტურებს ბასილაშვილის ადვოკატიც, რომლის მტკიცებითაც ჩოგბურთელი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ყოფილი ცოლის მხრიდან პროვოკაციას.
  • ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის არც სამართლებრივი დავაა პირველი. ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის მიმართ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი, რისი საფუძველიც მის მიერ შვილიშვილზე განხორციელებული ძალადობა იყო და, როგორც ნელი დოროყაშვილის ადვოკატები ამბობენ, თუკი მამა, როგორც ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, ვერ ახერხებს ბავშვის დაცვას ძალადობის საფრთხისგან, ესეც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. ნიკოლოზ ბასილაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ სასამართლომ უსამართლოდ ცნო ბებიისთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, ნელი დოროყაშვილის ადვოკატები კი განმარტავენ, რომ ორდერი გააუქმა სააპელაციო სასამართლომ, მანამდე კი სამართლიანად მიიჩნია ორი ინსტანციის სასამართლომ და ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ისინი ამ საქმეს ამზადებენ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში განსახილველად, როგორც შემთხვევას, სადაც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ბავშვის დაცვა ძალადობისგან.
  • ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა მასთან მუშაობა სწორედ ბავშვზე ძალადობის შემთხვევის შემდეგ დაიწყეს, შესაბამისად, ისინი ამ პროცესს მანამ იცნობდნენ, სანამ 22 მაისს ნელი დოროყაშვილი ყოფილი ქმრის წინააღმდეგ სამართალდამცველებს მიმართავდა. ადვოკატები ამბობენ, რომ როცა ქალმა მათ მიმართა, მისი მოთხოვნა იყო, არ გახმაურებულიყო ეს საქმე და არ მოხვედრილიყო მედიის ყურადღების ცენტრში, რათა არ დაეზიანებინა შვილის ინტერესები და ყოფილი ქმრის რეპუტაცია.
ანა აბაშიძე, ადვოკატი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:01 0:00

  • ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის დაშორების შემდეგ ურთიერთობას არეგულირებდა სასამართლოს განჩინება, რომლითაც ნიკოლოზ ბასილაშვილს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ევალებოდა თანაცხოვრებისას შეძენილი ქონების გაყოფა ყოფილ მეუღლესთან. განქორწინებისას შედგენილი განჩინების ნაწილია 100 000 $-ის გადახდის ვალდებულება, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილს აქვს ყოფილი ცოლის წინაშე. ორივე მხარე ადასტურებს, რომ ამ თანხიდან გადახდილია მხოლოდ 15 000 $. დოროყაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ განქორწინებისას, ქალი იმაზე ცოტა ქონების მიღებას დათანხმდა, პროცესის მალე დასრულების სანაცვლოდ, ვიდრე ეკუთვნოდა. ბასილაშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ სპორტსმენმა ყოფილ ცოლს ერთად შეძენილი ქონების 70%, მათ შორის, უძრავი ქონება მისცა.
  • ნელი დოროყაშვილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის ქონების განაწილებისას დადებულმა პირობებმა საზოგადოებას ინტერპრეტაციების საშუალება მისცა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს სპორტსმენი ყოფილ ცოლს სოლიდურ თანხას სიჩუმის სანაცვლოდ აძლევდა, რათა მას არ ელაპარაკა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ გასაიდუმლოებულ ამბებზე. დოროყაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ ამგვარი ინტერპრეტაცია მათი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და ქალის მხრიდან შანტაჟზე საუბარი არასერიოზულია. ბასილაშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ თანხას, რომელიც სპეკულაციის მიზეზი გახდა, დოროყაშვილი ვეღარ მიიღებს.
  • „რადგანაც ეს თემა სპეკულაციის საგანი გახდა, თურმე, ბასილაშვილი ყოფილ ცოლს თანხას იმიტომ უხდის, რომ რაღაცაზე დადუმდეს და რაღაცაზე გაჩუმების სანაცვლოდ უხდის, ჩვენ შევწყვიტავთ ყველაფრის გადახდას. თუ ვინმეს რამე სათქმელი აქვს, თუ ვინმეს რამე მტკიცებულება აქვს, წარმოადგინოს“, - ამბობს ირმა ჭკადუა, ბასილაშვილის ადვოკატი, სასამართლო განჩინებით დადგენილი თანხის გადაუხდელ ნაწილზე, რომელიც, მისივე თქმით, ამ თვის ბოლომდე უნდა მიეღო ნელი დოროყაშვილს.
  • კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ნელი დოროყაშვილის დაცვის მხარემ 25 მაისს განმარტა, არის ის, რომ სავარაუდო ძალადობის შემთხვევას წინ უსწრებდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების ოჯახში მისი შვილის მიყვანა სოციალური მუშაკის გარეშე. განქორწინებისას გაფორმებული სასამართლო განჩინების მიხედვით, ბასილაშვილს შვილის ნახვა მხოლოდ ყოფილი მეუღლის თანხმობით შეეძლო, ისე, რომ ეს უნდა სცოდნოდა სოციალურ მუშაკს, რომელიც სასურველია ყოფილიყო მათთან იმ დროის განმავლობაში, როცა მამა და შვილი ერთად იქნებოდნენ. დოროყაშვილის ადვოკატები ადასტურებენ, რომ იმ დღეს ბავშვი მამამ სოციალური მუშაკის გარეშე წაიყვანა, თუმცა ამბობენ, რომ მუშაკი ამ ვიზიტის შესახებ ინფორმირებული იყო.
ნიკოლოზ ბასილაშვილი 25 მაისის სასამართლო სხდომაზე
ნიკოლოზ ბასილაშვილი 25 მაისის სასამართლო სხდომაზე

იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენი მონაწილეობას დისკუსიაში, სოციალურ ქსელებში განხილვა მაინც აქტიურად გრძელდება მას შემდეგ, რაც ბასილაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ამგვარი დისკუსიებია სწორედ ის, რაც ქალების დიდ ნაწილს აიძულებს, საკუთარ უფლებებზე ლაპარაკის ნაცვლად ჩუმად იყვნენ. როგორც სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა 25 მაისს, ქალები თავიანთ ძალადობრივ გამოცდილებაზე საუბრის შემდეგ მეორედ ხდებიან ვიქტიმიზაციის მსხვერპლები.

„როგორც კი ქალი აცხადებს, რომ ის არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, როგორც წესი, მის წინააღმდეგ გორდება ხოლმე ძალიან დიდი აგრესიის ტალღა. გუშინ და დღეს, მე ვფიქრობ, ზუსტად ასეთ ფაქტს აქვს ადგილი, მე ვხედავ, რამხელა აგრესიის ტალღა, როგორი უხამსი და უწმაწური შეფასებები ისმის დაზარალებულის მიმართ. ხშირ შემთხვევაში ქალები ამის გამო ითრგუნებიან და წყვეტენ კიდეც სამართლებრივ დავებს“, - ამბობს სახალხო დამცველი, რომელიც ამ საქმეს სწავლობს და აქტიურად აკვირდება მიმდინარე პროცესს.

დეა გოშხეთელიანი ერთ-ერთია იმ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შორის, რომელსაც სამართლებრივი დავის დაწყებიდანვე მოუწია მის წინააღმდეგ აგორებულ აგრესიულ საინფორმაციო ტალღასთან გამკლავება და რომლის საქმესაც ასევე სწავლობდა სახალხო დამცველი. დღეს დეა რადიო თავისუფლებასთან თავისი ბრძოლის გამოცდილებას იხსენებს, და ამბობს, რომ ბრძოლის მეთოდები ძალადობის მსხვერპლი ქალების წინააღმდეგ ერთმანეთს ჰგავს და, როგორც წესი, კაცი და მისი ოჯახი ქალის მხრიდან ფინანსურ ინტერესზე, ამორალური ცხოვრების წესზე, ბავშვისთვის დათმობილ არასაკმარის დროზე იწყებს ლაპარაკს.

„ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ამ დროს არ დანებდეს ძალადობის მსხვერპლი ქალი, ახლა მიდის მის წინააღმდეგ ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური წნეხი, რომ როგორმე შეაჩერონ, გააჩერონ და აღარ ილაპარაკოს ამ ყველაფრის შესახებ, მაგრამ ზუსტად ახლა უნდა ილაპარაკოს. ყველაზე მეტად ამით გაიმარჯვებს ძალადობის წინააღმდეგ. იყო მომენტები, როცა მიფიქრია, რომ მეტს ვეღარ შევძლებდი, ჩემი ყოფილი ოჯახიც საკმაოდ გავლენიანი ოჯახი იყო, მაგრამ ისევ ჩემი შვილის გამო, სხვა ქალების სოლიდარობით შევძელი, რომ ბოლომდე მიმეყვანა ეს საქმე და დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე“, - იხსენებს დეა გოშხეთელიანი, რომელზეც ყოფილი ქმარი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა როგორც თანაცხოვრებისას, ისე დაშორების შემდეგ. ძალადობის მსხვერპლი გახდა დეას მამაც. დღეს ის ჰყვება, რომ ყოფილი ქმრის ოჯახი, მას შემდეგ, რაც მან სასამართლოს მიმართა, მის წინააღმდეგ ავრცელებდა ღირსების შემლახველ ცრუ ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ დეა იყო ნარკომომხმარებელი, სექსმუშაკი, ცუდი დედა, ოჯახიდან იპარავდა ფულს და სამკაულებს და ა.შ.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბრძოლის სირთულეებზე საუბრობს უფლებადამცველი იდა ბახტურიძეც, რომელიც ამბობს, რომ ნებისმიერი ახალი შემთხვევისას საზოგადოება ძალადობის უპირობოდ დაგმობის ნაცვლად იწყებს ძალადობის მიზეზების ძებნას.

„განსაკუთრებით რთულდება საქმე, და ეს ბოლო შემთხვევამაც აჩვენა, თუკი საქმეში ჩნდება ცნობილი და საზოგადოებისთვის საპატივცემულო კაცი. ასეთი კაცების ცოლებს და პარტნიორებს განსაკუთრებით უჭირთ მტკიცება სწორედ ამ საზოგადოებრივი წნეხის და კაცების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების გამო იმიტომ, რომ წინასწარ იციან, რაც ელით ამ ქალებს“, - ამბობს იდა ბახტურიძე, რომელიც თვლის, რომ სწორი გზა სასამართლოს გადაწყვეტილების დალოდებაა და მანამდე იმ მიზეზების ძებნა, რითიც შეიძლება ქალზე ძალადობა გაამართლო, დაუშვებელია.

„მე მაინც მგონია, რომ ადამიანს, რომელიც ძალადობის დაგმობისას იყენებს სიტყვა “მაგრამ”-ს, არ აქვს გაცნობიერებული არც ძალადობის საფრთხეები და არც მისი აზრი. “მაგრამი” არ არსებობს ძალადობის მიუღებლობაში, ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში არის მიუღებელი, თუმცა ჩვენი საზოგადოების უმეტესობას საკმაოდ გრძელი სია აქვს იმ ფაქტორების, რატომ შეიძლება გასაგები იყოს კაცის მხრიდან ძალადობის ფაქტის ჩადენა და ეს დამოკიდებულება პირდაპირ ახალისებს მოძალადის ქცევას“, - ეუბნება იდა ბახტურიძე რადიო თავისუფლებას და თან შიშს გამოთქვამს, რომ საქართველოში, სადაც არსებობს კითხვები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, შეიძლება ოჯახში ძალადობის იმგვარი შემთხვევების განხილვაზეც, სადაც ცნობილი ადამიანები, გავლენა და ფული ფიგურირებს, სასამართლო ვერ იყოს დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის გავლენასა და გულშემატკივრების რაოდენობაზე გასული 24 საათის განმავლობაში გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები მეტყველებს. მას მხარს უჭერენ მომღერლები, სპორტმენები, სასულიერო პირები და მხარდამჭერი განცხადებების ნაწილი სწორედ სიტყვა „მაგრამ“-ს შეიცავს, მიუხედვად იმისა, რომ ამას წინ უსწრებს ძალადობის დაგმობა.

მაგალითად, ფეხბურთელმა შოთა არველაძემ 24 მაისს დაწერა, რომ ის ძალადობას გმობს, მაგრამ ამ რთულ მომენტში მხარს უჭერს ცნობილ ჩოგბურთელს.

საოპერო მომღერალმა, თამარ ივერმა ასევე ფეისბუკზე თქვა, რომ ქალთა ძალადობის ხმალამოღებული მოწინააღმდეგეა, თუმცა ინტუიცია კარნახობს, რომ ყველაფერი ბასილაშვილის ყოფილი ცოლის მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა.

ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ კი, როგორც საუკეთესო ადამიანს, პროფესიონალ სპორტსმენს და ქვეყნის საამაყო შვილს, შრომისმოყვარე და ძალიან გულიან ადამიანს, ისე გამოუცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე წინ აქვს მოწმეების დაკითხვა, დაცვის მხარეების მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების განხილვა, ბრალდების მხარის არგუმენტების გაცნობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს მოსამართლე, არის თუ არა ბრალდებული ჩოგბურთელი დამნაშავე. ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო დაწესებულება 24 მაისს, გირაოს, 100 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვა. პროკურატურა მის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციას იკავებს. "გარდიანის" მიხედვით სპორტული კარიერის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოების ჯამური თანხა 5,479,761 დოლარს შეადგენს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი 2013 წელს დაქორწინდნენ და 2019 წლამდე იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათი ვაჟი 2015 წელს დაიბადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG