Accessibility links

რეზო გაბრიაძის ქართული ბავშვობა „ოსკარისთვის“ რუსეთის სახელით იბრძვის


ბევრის აზრით, საქართველოში სულ სხვა სიხარული იქნებოდა, მწერლის, დრამატურგის, რეჟისორისა და მხატვრის - რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმი „ოსკარისთვის“ არა რუსეთის, არამედ საქართველოს სახელით რომ იბრძოდეს. თუმცა თვითონ ფილმის შინაარსსა და ღირებულებას ეს ფაქტი ვერ აკნინებს.

ანიმაციური ფილმი ინგლისური სათაურით - „REZO“, რუსულად - „Знаешь, мама, где я был?“, ხოლო ქართულად - „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ რეზო გაბრიაძის შვილის, რუსეთში მოღვაწე ლევან (ლეო) გაბრიაძის გადაღებულია. ანიმაციური ფილმი ჯერჯერობით „ოსკარზე“ წარდგენილთა ვრცელ სიაშია. მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

კრიტიკოს დავით ბუხრიკიძეს, ისევე, როგორც ბევრს საქართველოში, გული წყდება, რომ რეზო გაბრიაძის მოთხრობებისა და მოგონებების მიხედვით შექმნილი ანიმაცია „ოსკარზე“ რუსეთის სახელით არის წარდგენილი. ანიმაციური ფილმისა თუ მისი ტრეილერის ინტერნეტსივრცეში განთავსებული ვერსიები იწყება წარწერით, რომ ფილმს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ.

„ვვარაუდობ, რომ ეს შესანიშნავი ანიმაციური ფილმი, რომლის კინოგაქირავებამ საოცარი შედეგი აჩვენა, თავიდანვე „ოსკარზე“ წარსადგენად იყო გამიზნული...

იდეის კონვერტაციასა და შემდეგ უკვე მთელ პროცესს შესანიშნავად გაართვა თავი პროდიუსერმა ტიმურ ბეკმამბეტოვმა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ჰოლივუდთანაც და ალღოც შესანიშნავი აქვს...

საქართველოს კი, მსგავსი მასშტაბის პროექტებისთვის არც ფული აქვს, არც სტრატეგიული ხედვა და არც იდეის კონვერტაციის უნარი, სამწუხაროდ. რუსეთი მშვენივრად შეირგებს და გამოიყენებს ახლა ამ წარმატებას“, - ეუბნება ბუხრიკიძე რადიო თავისუფლებას.

  • „რეზო“ „ოსკარზე“ წარდგენილი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების ვრცელ სიაშია;
  • ამ ვრცელ სიაში სულ 32 ანიმაციური ფილმია;
  • მოკლე სია 2020 წლის იანვარში გახდება ცნობილი.

„საბჭოთა ფილმების ქართველი სცენარისტი, მხატვარი, მოქანდაკე და თეატრის დირექტორი გვთავაზობს თავისი ბავშვობის ძალიან პერსონალურ ხელახალ ნაკრებს - როგორ დაუმეგობრდა ლენინსა და სტალინს, როგორ ესაუბრებოდა ბაყაყს, როგორ ინელებდა ლიტერატურას ვირთხასთან ერთად, როგორ დაეხმარა ურჩხულს ქუთაისში და როგორ დაამარცხა ჰიტლერი... ახალ ფილმში „რეზო“, - ისმის ხმა Bazelevs-ის მიერ მომზადებულ ტრეილერში.

ამ ჩამონათვალში კიდევ ბევრი რამის ჩამატება შეიძლება. ანიმაციურ ფილმში თავს იყრის ახალი დეტალებიც და ძველი ამბებიც, რაც მკითხველს რეზო გაბრიაძის მოთხრობებიდან უყვარს. ფილმში თავად რეზო გაბრიაძე გვიყვება თავის ბავშვობაზე: როგორ გაურბოდა თავში წამორტყმას, რაც პატარა ბიჭს ყოველ ნაბიჯზე ემუქრებოდა; როგორ განსხვავდებოდა თეთრი ხიდიდან გადაფურთხების გემო სიყმაწვილეში და მერე - ზრდასრულ ასაკში; როგორ შეიტანა ოჯახისთვის მიბარებულმა ტყვე გერმანელმა (მეტი კომფორტისთვის) საპირფარეშო ბებია-ბაბუის სოფლის სახლში; როგორ აბანინებდა თავს ბაბუა ბებიას და ბაბუის გარდაცვალების შემდეგ - როგორ ტკბილად იგონებდა ამას ბებია...

  • ანიმაციური ფილმი 2017 წელს არის გადაღებული;
  • ფილმის პრემიერა რეზო გაბრიაძის მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში გაიმართა - 2018 წლის მაისში;
  • ფილმის მსოფლიო პრემიერა კი, (IDFA-ის ფარგლებში) ამსტერდამში გაიმართა - 2018 წლის ნოემბერში.

„ეს არის საოცრად ემოციური ანიმაციური ფილმი - მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ასახვა ბავშვური აღქმების პრიზმაში - გულისამაჩუყებელი, სევდიანი, პოეტური, ადამიანური... თავად რეზო გაბრიაძის საოცარი ნახატებითა და საოცარი მონათხრობით“, - ამბობს დავით ბუხრიკიძე, რომელმაც ფილმი სწორედ ქუთაისში ნახა და დღემდე ახსოვს ის ემოცია. კრიტიკოსის ვარაუდით, ფილმი სათანადოდ დაფასდება მომავალშიც.

ლევან გაბრიაძისთვის „REZO“ მესამე ფილმია

თუკი რუსული წყაროები და მედია რეზო გაბრიაძეს ​საბჭოთა და ქართველ მწერლად, სცენარისტად მოიხსენიებენ, მისი ვაჟი - ლევან (ლეო) გაბრიაძე ქართული წარმომავლობის რუს რეჟისორად (Российский режиссер) არის ცნობილი. ამ სტატუსს ის თავადაც ადასტურებს ერთ-ერთ ინტერვიუში და ასევე ამბობს, რომ რუსეთის სარეკლამო და კინემატოგრაფიულ სამყაროში ის სწორედ გაბრიაძეების ოჯახის დიდი ხნის მეგობარმა და ახლა უკვე მისთვისაც ძალიან ახლო მეგობარმა, ტიმურ ბეკმამბეტოვმა შეიყვანა. ისინი დიდი ხანია ერთად და ნაყოფიერად თანამშრომლობენ სტუდია Bazelevs-ში, რომელმაც შექმნა ანიმაციური ფილმი „REZO“.

წარმოშობით ყაზახი რეჟისორი და პროდიუსერი თემურ ბეკმამბეტოვი რუსეთის კინოსა და სარეკლამო ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის წარმატებულია ჰოლივუდშიც.

  • ლევან (ლეო) გაბრიაძეს განათლება ამერიკაში აქვს მიღებული;
  • „რეზო“ („ჰარი-ჰარალე, დედაო!”) მისი მესამე ფილმია;
  • მისი პირველი ფილმია «Выкрутасы» (2010 წელი) - ასევე რეზო გაბრიაძის სცენარითა და ტიმურ ბეკმამბეტოვის პროდიუსერობით;
  • მისი მეორე ფილმია ამერიკელებთან ერთად გადაღებული „Unfriended“ (2014 წელი) - პროდიუსერი კვლავ ტიმურ ბეკმამბეტოვი;
  • 1969 წელს დაბადებულ ლევან გაბრიაძეს 14-15 წლის ასაკში აქვს შესრულებული ერთ-ერთი მთავარი როლი (მევიოლინე) გიორგი დანელიას ფილმში „ქინ-ძა-ძა“.

„მე დიდ წარმატებას ვუსურვებ ნიჭიერ და წარმატებულ რეჟისორს, ლევან გაბრიაძესა და მის ანიმაციურ ფილმს... ამ მასშტაბის შესაძლებლობების მქონე პირი შემოქმედებით მოღვაწეობას საქართველოს ვიწრო ბაზარზე რომ არ ეწევა, სულ არ არის გასაკვირი... ვინც საქართველოში ეწევა შემოქმედებით მოღვაწეობას, იმათ რა ხეირი აქვთ - დაფინანსებისა თუ მაყურებლების რესურსის თვალსაზრისით?!“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კინორეჟისორი ლევან კიტია.

ესმის, რომ ოკუპაციის გამო, საქართველოში აბსოლუტურად განსხვავებული განწყობებია რუსეთის მიმართ, მაგრამ „რეზოს“ მთლიანად საქართველოსთან დაკავშირებული შინაარსის გამო, ლევან კიტია გულის დაწყვეტის საფუძველს მაინც ვერ ხედავს.

ის ასევე იხსენებს, რომ სხვადასხვა დროს გვქონდა არაერთი მაგალითი, როცა ერთობლივი პროდუქცია სხვა ქვეყნის სახელით იყო წარდგენილი (მაგალითად, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ესტონეთის სახელით წარდგა ზაზა ურუშაძის „მანდარინები“, ხოლო მომავალ წელს გამარჯვებისთვის შვედეთის სახელით იბრძოლებს ქართულ-შვედური And Then We Danced).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG