Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რით აიხსნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნდობის ნაკლებობა


ავტორი: ცირა გურგენიძე

მოსახლეობის 3% ენდობა საზოგადოებრივ მაუწყებელს - ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგი. ტელეარხების ნდობის რეიტინგში ასევე 3%-იანი მაჩვენებელი აქვს არაქართულენოვან „აზ ტე-ვეს“.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მხოლოდ 3%-იანი ნდობის მაჩვენებელი, რადგან იგი მიკერძოებული და ლოიალურია მმართველი პარტიის მიმართ. ნატა ძველიშვილის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნდობის ვარდნა 2017 წლიდან შეიმჩნევა, რაც მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის მისვლას უკავშირდება.

„არ ვიცი, ადამიანმა რატომ უნდა უყუროს საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რადგან "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" მედიამონიტორინგებიც აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მიკერძოებული მთავრობის მიმართ. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ჰყვება ამბებს. იგი მიჰყვება სხვა მედიასაშუალებებისა თუ პოლიტიკოსების მიერ შეთავაზებულ დღის წესრიგს“, - ამბობს ნატა ძველიშვილი.

ნდობის კუთხით მიმაჩნია, რომ ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს ყველა მაუწყებელს. ტელეკომპანია “იმედის” 32%-იანი ნდობის მაჩვენებელიც დაბალია, რადგან ის მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს...
ნატა ძველიშვილი

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 72 % ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს. მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს ტელეკომპანია „იმედი“ (32%), ხოლო მას 4 %-ით ჩამორჩება „რუსთავი 2“ (28 %).

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მაუწყებლების მიმართ ნდობის ნაწილში კვლევას ახალი არაფერი უთქვამს, რადგან ბოლო პერიოდში მსგავსი მაჩვენებელები იკვეთებოდა.

„ნდობის კუთხით მიმაჩნია, რომ ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს ყველა მაუწყებელს. ტელეკომპანია “იმედის” 32%-იანი ნდობის მაჩვენებელიც დაბალია, რადგან ის მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ კი ინფორმაციის პირველწყაროდ ტელევიზია დაასახელა. მგონია, რომ მიუკერძოებელი მედიასაშუალების პირობებში ეროვნული დაფარვის მაუწყებელს საზოგადოების მხრიდან ბევრად მეტი ნდობა უნდა ჰქონდეს“, - ამბობს ნატა ძველიშვილი.

’იმედსა’ და ‘რუსთავი 2’ - შიც, მე თუ მკითხავთ, მთავარი სიტყვა არის „ტყუილი“, რომ ვიღაცა რაღაცას იტყუება. მაგალითად, თუ ვინმეს უნდა ‘ნაციონალური მოძრაობის’ დისკრედიტაცია, მან აუცილებლად უნდა მოახდინოს ‘რუსთავი 2’-ის დისკრედიატაცია.
ნათია კუპრაშვილი

ეთნიკურ უმცირესობებში საზოგადოებრივი მაუწყებლის არაპოპულარულობის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი სათანადოდ ვერ ასრულებს თავის საკანონმდებლო ვალდებულებას, იმაუწყებლოს ეთნიკური უმცირესობების ენაზე.

„აზ ტე-ვეს“, „არმენია ტე-ვეს“ და რუსულ არხებს იმიტომ მოიხმარს არაქართულენოვანი მოსახლეობა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასრულებს თავის ფუნქციას იმაუწყებლოს ამ ადამიანების ენებზე. შესაძლოა, სადღაც მაუწყებლობს, მაგრამ ეს მაუწყებლობა არ მიდის ამ ადამიანებთან. საკანონმდებლო ვალდებულებას მხოლოდ ფორმალური შესრულება აქვს“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი.

საქართველოში წამყვანი ტელევიზიების მიმართ ნდობის დაბალ მაჩვენებელს ნათია კუპრაშვილი მათი მხრიდან მადისკრედიტირებელ კონტენტზე მუშაობითა და ადამიანების პოლიტიკური სიმპათიებით ხსნის.

„’იმედსა’ და ‘რუსთავი 2’ - შიც, მე თუ მკითხავთ, მთავარი სიტყვა არის „ტყუილი“, რომ ვიღაცა რაღაცას იტყუება. მაგალითად, თუ ვინმეს უნდა ‘ნაციონალური მოძრაობის’ დისკრედიტაცია, მან აუცილებლად უნდა მოახდინოს ‘რუსთავი 2’-ის დისკრედიატაცია. ვისაც უნდა მთავრობის დისკრედიტაცია, მან აუცილებლად უნდა თქვას, რომ „იმედი“ არასწორად აშუქებს მოვლენებს. მადისკრედიტირებელი კონტენტი ადამიანებში იწვევს ნდობის დაკარგვას. ასეთი პოლიტიკური მედიასისტემების არსებობა საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი.

"საქართველოში საზოგადოების განწყობის კვლევა" NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველომ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა.

კვლევა, რომელიც NDI-მ გამოაქვეყნა, 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდს მოიცავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG