Accessibility links

logo-print logo-print

როგორ აისახა შეზღუდვები ეპიდსიტუაციაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 იანვარს


ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა

შემსუბუქდება თუ არა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ქვეყანაში? თუ შემსუბუქდება, როდის და რა დონეზე? - ეს ყველაფერი საკოორდინაციო საბჭომ არსებული სიტუაციის და შეზღუდვების შედეგების შეფასების მერე უნდა მიიღოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხებს შეეხება სხდომა ორშაბათიდან გამართულ ყოველდღიურ შეხვედრებზე.

ამირან გამყრელიძის შეფასებით, კორონავირუსის გავრცელების პიკი საქართველოში ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში დაფიქსირდა, თუმცა არც ამჟამინდელი ვითარება იძლევა დამშვიდების საფუძველს. „ინფექცია მაინც სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში“, - უთხრა ამირან გამყრელიძემ „პირველ არხს“.

რაც შეეხება საერთო ეპიდემიოლოგიურ სურათს, კვირას ქვეყანაში 1143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

"ქართულ ოცნებას" დეკემბერში 4-მა კომპანიამ 100-100 ათასი ლარი შესწირა

4-მა კომპანიამ არჩევნების შემდეგ მმართველ პარტიას 100-100 ათასი ლარი შესწირა; 2 კომპანიაში აცხადებენ, რომ „ოცნებას“ ამ შემოწირულებებით „პანდემიასთან ბრძოლაში“ ეხმარებიან.

პოლიტიკურმა პარტიებმა 2020 წლის დეკემბერში 1,6 მლნ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს, საიდანაც თანხის 96%-ზე მეტი მმართველ პარტიაზე მოდის. ოპოზიციურ პარტიებში ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო“ ლიდერობს 31 000 ლარით.

„ქართულმა ოცნებამ“ მაშინ, როცა პანდემიის საწინააღმდეგო „წერტილოვანმა შეზღუდვებმა“ მრავალი ბიზნესი გააჩერა და ათიათასობით მოქალაქე უმუშევარი დატოვა, ჯამში, 1,5 მილიონ ლარზე მეტის შემოწირულება მიიღო.

რას ამბობენ კომპანიები პარტიისთვის გაკეთებულ შემოწირულებაზე, წაიკითხე ვრცლად გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.

დღეს ვლადიმირ პუტინი ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ხვდება

დღეს, მოსკოვში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სამმხრივ შეხვედრაზე შეხვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეები ყურადღებას გაამახვილებენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომ ვითარებაზე, სავაჭრო კავშირის აღდგენასა და ომით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე. პუტინი ორი ქვეყნის ლიდერებს ცალ-ცალკეც შეხვდება.

2020 წლის ნოემბრის შეთანხმებით, რომელიც აზერბაიჯანის არმიის წარმატებას მოჰყვა და მან ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე კონტროლი დაამყარა, რეგიონში განთავსდა რუსეთის სამშვიდობო ძალა.

წაიკითხე მეტი.

წვიმამ ვერ შეაჩერა ხანძარი გაგრაში

გაგრის დე ფაქტო სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელის, დავიდ ბგანბას ცნობით, გაგრის რაიონში მოსულმა წვიმამ ხანძარი ვერ შეაჩერა. „ცეცხლი კვლავინდებურად ვრცელდება. ამის მიუხედავად, საცხოვრებელ სექტორს არაფერი ემუქრება. ადგილზე მორიგეობენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეხანძრეები“, - განუცხადა ბგანბამ „აფსნიპრესს“.

სამი დღის წინ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ხანძრის ქრობაში რამდენიმე მიმართულებით დახმარება შესთავაზა, თუმცა პასუხად უარი მიიღო.

წაიკითხე მეტი.

დაბლოკილი პრეზიდენტი და მისი პასუხი - სიტყვის თავისუფლება თუ ქაოსი?

წინა კვირა აშშ-ის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ქაოსური და მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა. ამ მოვლენებში მთავარი ფიგურა დონალდ ტრამპია, დღეს უკვე სოციალურ ქსელებში მისი გამოსვლების გამო დაბლოკილი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი. ის არეულობამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდა, რომ 6 იანვარი ერთგვარი „განკითხვის დღე“ იქნებოდა. მოუწოდებდა მომხრეებს, ამ დღეს ვაშინგტონში შეკრებილიყვნენ და კონგრესისთვის ძალა ეჩვენებინათ. ტრამპი მოწოდებებს ძირითადად ტვიტერზე აკეთებდა, რომელიც პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში მისი მთავარი ტრიბუნა იყო.

9 იანვარს ტვიტერმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ @realDonaldTrump-ის ანგარიში სამუდამოდ აიკრძალა „ძალადობის წახალისების რისკის გამო“. ამას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა და გააჩინა კითხვა იმის შესახებ, სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და საჯარო ინტერესებს შორის. ტრამპის დაბლოკვა ბევრმა გააკრიტიკა. არგუმენტები და კონტრარგუმენტები წაიკითხე აქ.

  • რა საფრთხეებს უქმნის ბავშვებს უკონტროლოდ მოქმედი რელიგიური სკოლა-პანსიონები?
  • სახელმწიფოს შერჩევითი მიდგომა მუსლიმური და მართლმადიდებლური სკოლა-პანსიონების მიმართ.
  • რატომ არ სრულდება კანონი, რომელიც ულიცენზიო სკოლა-პანსიონების არსებობას კრძალავს?
  • „თავისუფლების მონიტორის“ ახალი ჟურნალისტური გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG