Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გაიგეს საქართველოში დასავლეთის გზავნილები - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 ივლისს


სანქციები, დახმარების შესაძლო შეჩერება - როგორ ესმით საქართველოში ახალი გზავნილები ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან

ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან ისმის მკაფიო და მკაცრი განცხადებები საქართველოში 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების არშესრულების შეფასებისას.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს, 5 ივლისს სასტიკად ნაცემ ლექსო ლაშქარავას, საერთაშორისო პარტნიორები ძალადობრივი მოვლენების მსხვერპლად მოიხსენიებენ და არა თუ მხოლოდ შემსრულებლების, არამედ - წამქეზებლების დასჯასაც მოითხოვენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში თავს არ არიდებენ კითხვას შესაძლო პერსონალური სანქციების შესახებ.

პარალელურად, ბრიუსელში ლაპარაკობენ ხელისუფლების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტის, „შარლ მიშელის შეთანხმების“ დარღვევაზე. იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი არ შეჩერდა, საქართველო შესაძლოა ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარების მორიგი ტრანშის, 75 მილიონი ევროს გარეშე დარჩეს.

საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები სხვაგვარად ესმით საქართველოში. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ პროცესები კანონის ფარგლებში, ანუ სწორედ მიმდინარეობს; მოძალადეებსაც იჭერენ და შესაბამისად, სანქციების დაწესება გამორიცხულია.

ვარწმუნებ ყველას, რომ საქართველოს სანქციებს არავინ დაუწესებს. საქართველო მოწინავე ქვეყანაა არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით... სანქციების დაწესება არის გამორიცხული“ - აცხადებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე.

აქვს თუ არა ხელისუფლებას სიმშვიდის საფუძველი? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ზაზა გახელაძე თავისუფალია

ერთწლიანი ტყვეობის შემდეგ ზაზა გახელაძე უკვე ოჯახთან არის. ცხინვალის ციხე მან დე ფაქტო პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ დატოვა, რომლის შესახებაც გუშინ გახდა ცნობილი. ოკუპანტების ყოფილი ტყვე სახლში პრემიერ-მინისტრთა ერთად დაბრუნდა.

"კარგად ვარ, არ ველოდებოდი [გათავისუფლებას] ნამდვილად“ - უთხრა ზაზა გახელაძემ ჟურნალისტებს. მისი გათავისუფლება მოულოდნელი იყო ოჯახისთვისაც.

„ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდში დგომით, კარგად ვარ... დღეს კარგად არის ყველაფერი... [ოჯახს] მივესალმე აქედან... [როგორ მოხდა დაკავება] რომ გავიხსენო ყველაფერი, ერთი თვე აქ დგომა მოგვიწევს და დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილები მიყურებენ - მოდი, ხვალ, ზეგ და და მაზეგ არსად წასვლას არ ვაპირებ. არც აქ წამოვედი ჩემი ნებით", - თქვა გახელაძემ.

გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც: "მადლობა ზაზას, ამ გმირ კაცს. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, პატრიარქის უშუალო ჩართულობით, პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოვეთ და ზაზა თავისუფალია," - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა არ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რის სანაცვლოდ გაათავისუფლა დე ფაქტო რეჟიმმა ზაზა გახელაძე. სააგენტო "რეს"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა გახელაძე ქართულმა მხარემ "სამხრეთის ოსეთის მოქალაქე" გობოზოვში გაცვალა, რომელიც ერთი დღით ადრე გადავიდა ცხინვალში.

წაიკითხე მეტი.

Pfizer-ზე ასაცრელად ყველა ადგილი დაკავებულია

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებისთვის რეგისტრაციის პლატფორმაზე, რომელიც 14 ივლისს რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო ან შეფერხებებით მუშაობდა, pfizer-ის ვაქცინაზე რეგისტრაცია უკვე შეუძლებელია. სისტემა წერს, რომ ყველა ჯავშანი თბილისში და რეგიონებში გაკეთებულია და თავისუფალი ადგილი აღარ არის.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შეფერხება რეგისტრაციის პროცესში დიდმა მიმართვიანობამ გამოიწვია.

Pfizer-ის ვაქცინის 28 ათასი დოზა დღეს საქართველოში ჩამოვიდა. აცრა 18 წელს მიღწეული პირებისთვის კი 16 ივლისიდან იწყება.

საქართველოში ამ დროისთვის სულ აცრილია - 317 537 ადამიანი. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო დაგეგმილი. ვაქცინების დეფიციტი ამ მიზნის მიღწევას შეუძლებელს ხდის.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის გამოცდა იგეგმება

სააგენტო Reuters-ის ცნობით, საქართველოში ისრაელში წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, BriLife-ის დასკვნითი, მესამე ფაზის ცდები ჩატარდება. ცდებს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია NRx Pharmaceuticals ჩაატარებს.

რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ დაუდასტურა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კი გაიხსენა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, "დაახლოებით ერთი თვის წინ".

"იყო ერთი შეხვედრა მხოლოდ მათ წარმომადგენლებთან და ავუხსენით ამ საკითხთან დაკავშირებული რეგულაციები როგორია ქვეყანაში. ეს ეხება [წამლის] რეგულირების სააგენტოს. გადავამისამართეთ. მას შემდეგ ინფორმაცია არ მაქვს და დამატებით ვერაფერს გეტყვით" - მოგვწერა მან.

წაიკითხე მეტი.

საია: უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები კლანისა და ხელისუფლების გარიგების შედეგად დაინიშნნენ

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის ფაქტის შეფასებისას აღნიშნავს, რომ თანამდებობაზე გამწესდნენ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის - კლანისადმი ლოიალური პირები და მათი ლიდერები. საია-ს თანახმად, გადაწყვეტილება არ დაეფუძნა პარტიათა შორის ფართო კონსენსუსს, რაც მომავალში უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე:

„მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, პარტნიორების მოწოდებები და ექსპერტული შეფასებები, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასამართლოს დამოუკიდებლობას, გაამყარა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, კლანის პოზიციები უზენაეს სასამართლოში და კიდევ უფრო დააშორა მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღების პერსპექტივას“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების თანახმად, ანალოგიურად მოიქცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როდესაც სასამართლოს მიმართ ნდობის კრიზისის პირობებში დაიწყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები და პარლამენტს კანდიდატურები წარუდგინა.

წაიკითხე მეტი.

აზერბაიჯანის საზღვართან სროლას ემსხვერპლა სომეხი ჯარისკაცი

ოფიციალური პირების განცხადებით, აზერბაიჯანის საზღვართან სროლას ემსხვერპლა სომეხი ჯარისკაცი, აზერბაიჯანის მხარემ კი "დანაკარგი" განიცადა. მხარეებს შორის დაძაბულობა მაღალი რჩება, სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო შარშანდელი ომის შემდეგ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სროლა იყო 14 ივლისს, დილით აზერბაიჯანის ძალებმა სომხების "პროვოცირება" მოახდინეს, როცა თავიანთი ძალების შეყვანა სცადეს სომხეთის ტერიტორიაზე, სომხეთის და აზერბაიჯანის ნახიჩევანის ექსკლავის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე.

წაიკითხე მეტი.

ბავშვები - პანდემიის მეოთხე ტალღის სამიზნე? - რას ჰყვება ინფიცირებული ბავშვის დედა

14 წლის ანდრია მეექვსე დღეა, თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკური საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით წევს. დედას იმედი ჰქონდა, რომ ანდრიას 14 ივლისს გამოწერდნენ, თუმცა სისხლის ანალიზში კვლავ ცვლილებებია და მან კლინიკაში უნდა გააგრძელოს მკურნალობა. ანა ჯავახიშვილი, ანდრიას დედა გვეუბნება, რომ საავადმყოფოში ყოველდღიურად 5-6 ახალი პაციენტი შეყავთ. ყველაზე პატარა პაციენტების ასაკი ერთი თვიდან იწყება. მისი თქმით, ამ ექვს დღეში კლინიკამ ინფიცირებული ბავშვებისთვის დამატებითი პალატები გახსნა.

ანამ არ იცის, კორონავირუსის რომელი შტამითაა მისი შვილი ინფიცირებული. სავარაუდოდ, არ ჩათვალეს საჭიროდ ამის გამორკვევა, გვეუბნება ის. ახლა ანა იმაზე წუხს, რომ ბოლო ორი დღეა, ანდრიას ფსიქოლოგიური მდგომარეობა გართულდა:

„ჩაიკეტა, ვატყობ, რომ აღარც ჩემთან უნდა ურთიერთობა. გუშინ მითხრა, რომ საერთოდ ვერ ვგრძნობ ძალასო. არადა, ფიზიკურად დიდი ბავშვია, ენერგიასაც არასდროს უჩივის. კლინიკაში ყოფნის პერიოდი რომ იწელება, სავარაუდოდ, ესეცაა მიზეზი“.

ანდრია საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მაღალი სიცხით გადაიყვანა. დედის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმედ შეფასდა, რადგან სამი დღის განმავლობაში ჰქონდა მაღალი სიცხე. სერიოზული ცვლილებები დაფიქსირდა სისხლშიც.

არიან თუ არა ბავშვები პანდემიის მეოთხე ტალღის სამიზნეები? წაიკითხე ნინო თარხნიშვილის ინტერვიუ კოვიდინფიცირებული მოზარდის დედასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG