როგორ ებრძოდა КГБ ფარაჯანოვს

9 იანვარს სერგო ფარაჯანოვს 95 წელი შეუსრულდებოდა. ის 1924 წელს თბილისში დაიბადა. საბჭოთა წყობისთვის მიუღებელი რეჟისორი ხშირად არის მოხსენიებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) დოკუმენტებში, რომლებსაც უკრაინის უშიშროების არქივი ინახავს.

„ჩეკისტების“ ყურადღება ფარაჯანოვმა პირველად 1950 წელს მიიპყრო, სარეჟისორო კარიერის საწყის ეტაპზე, თბილისიდან კიევში გადასახლების შემდეგ.

მას ჰქონდა ცილისმწამებლური მოსაზრებები „შემოქმედებითი თავისუფლების შევიწროვებისა“ და „ხელოვნებაში პარტიული შეკვეთების“ შესახებ, - მოგვიანებით წერდნენ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

1965 წელს გამოსულმა ფილმმა „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ ფარაჯანოვს აღიარება მოუტანა როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. პარალელურად, გამძაფრდა ხელისუფალთა ინტერესი ავტორისადმი, რომლის განსხვავებულობა დიდ კონტრასტს ქმნიდა საბჭოთა რეალობასთან.

რუსულენოვანი ტიტრების გარეშე გამოსული ფილმის ავტორს ადანაშაულებდნენ „გადაჭარბებულ ეთნოგრაფიზმსა“ და უკრაინული ნაციონალიზმისადმი სიმპატიებში.

10 წლის განმავლობაში, ვიდრე ფარაჯანოვი უკრაინაში ცხოვრობდა, მისი სახელი დროდადრო მოიხსენიებოდა რესპუბლიკის КГБ-ს ხელმძღვანელთა განცხადებებში, რომელთა ადრესატიც იყო უკრაინის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი, საბჭოთა რესპუბლიკის ხელმძღვანელი (თავიდან - პეტრ შელესტი, მოგვიანებით - ვლადიმირ შჩერბიცკი)

„წითელი კომისრები“ და კომუნისტური პარტია

„ჩეკისტების“ მტკიცებით, სწორედ „აჩრდილების“ ტრიუმფის შემდეგ იქცეოდა რეჟისორი „უფრო შეუბოჭავად“ და არაერთხელ თქვა, რომ „მისი ხელოვნების რეალური დაფასება შეუძლიათ მხოლოდ დასავლეთში და არა საბჭოთა კავშირში“.

„მე პირველმა აღვმართე მახვილი, რათა კინემატოგრაფიდან განმედევნა წითელი კომისრები, რომლებსაც „კრასნაია მოსკვას“ სუნი ასდიოდათ“, „ჩემი ფილმებით მე პირველმა გავუთხარე სამარე სოცრეალიზმს“ - ეს ფარაჯანოვის სიტყვებია, რომლითაც ის ოფიციალური კულტურული პოლიტიკის მიმართ ზიზღს გამოხატავს. მისი სიტყვები არ რჩებოდა შინაურთა წრეში.

აღიარებული რეჟისორი მთელ კომპარტიასაც უტევდა. „როგორ ხარ, ბიჭო? მე შენ გიყიდი ხმალს, გინდა? დიდ ხმალს გაჩუქებ და შენ დახოცავ კომუნისტებს!“ – „ჩეკისტებს“ არ გამოჰპარვიათ, რომ 1966 წელს ასე მიმართა მან ნაცნობის ვაჟს.

ფარაჯანოვს არ ადარდებდა, რომ მის თამამ გამონათქვამებს მიიტანდნენ „სადაც საჭიროა“. პირიქით, ის ხშირად საგანგებოდ ცდილობდა ამას. 1968 წელს მან „საბჭოთა ენციკლოპედიის“ გამომცემლობას წერილით მიმართა. ტექსტში ეწერა: „შეატყობინეთ თქვენს მკითხველებს, რომ მე მოვკვდი 1968 წელს, საბჭოთა ხელისუფლების გენოციდური პოლიტიკის შედეგად“.

უშიშროების კომიტეტის მიერ შეგროვილ „ცოდვებში“ ირიცხება ფარაჯანოვის ხელმოწერები კოლექტიურ წერილებზე, რომლებიც არა მხოლოდ უკრაინელი პოლიტპატიმრების დაცვას ისახავდა მიზნად. ზოგჯერ ის იმასაც მოითხოვდა, რომ მისი ხელმოწერა რიგში პირველი ყოფილიყო.

ცალმხრივი ბილეთი

უშიშროების კომიტეტს არანაკლებ აღელვებდა ფარაჯანოვის ურთიერთობა უცხოელებთან, რომლებსაც „ის აწვდიდა ტენდენციურ ინფორმაციას საბჭოთა ხელოვნებაზე“. მაგალითად, გადასაღებ მოედანზე რეჟისორმა იუგოსლაველ სტუმრებს უჩვენა ბორკილები და განუმარტა: „ეს არის ის, რასაც ჩვენში არჩევნების დროს იყენებენ“.

გერმანელები კი, ფარაჯანოვმა გააოცა განცხადებით: „მაო ძედუნი მივიდა ნეოფაშიზმამდე! ჩვენ მივედით ნეოფაშიზმამდე!... მე - ფაშისტური თეორიის შედეგი ვარ ხელოვნებაში“. საქმის მასალებში ეს სიტყვები თავდაპირველად ფაშიზმის ქებად იყო შეფასებული, თუმცა უფრო გვიანდელ დოკუმენტებში, პირიქით, იმას ამტკიცებენ, რომ რეჟისორი საკუთარ თავს ფაშისტური საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლად მოიხსენიებდა.

1965 წელს, „აჩრდილების“ გამოსვლის შემდეგ, როდესაც სტუდიაში განიხილებოდა გადამღები ჯგუფის პარიზში გამგზავრების საკითხი, ფარაჯანოვმა მხოლოდ ცალმხრივი ბილეთი მოითხოვა.

უკრაინის უშიშროების კომიტეტის მასალებში აღირიცხა ის ფაქტიც, რომ ფარაჯანოვმა ფიქტიური ქორწინება შესთავაზა ფრანგ ქალს, თავიდან - საფრანგეთში (პარიზში), ხოლო შემდეგ ბელგიაში გამგზავრების მიზნით. ფარაჯანოვმა ქალს განუმარტა, რომ კომუნისტებთან არაფერი აქვს საერთო.

კინოსტუდიის თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი ვარაუდობდა (და ამ მოსაზრებებს ავრცელებდა კიდეც), რომ ფარაჯანოვის ანტისაბჭოთა შინაარსის გამონათქვამები გამოვლინება იყო პოლიტიკური უმეცრების, თავქარიანობისა და იმის მცდელობისა, რომ ნებისმიერ ფასად მიეღწია პოპულარობისთვის.

კომიტეტის ვარაუდით, ფარაჯანოვის არაორდინარული ქმედებები შესაძლოა ასევე ყოფილიყო მისი ფსიქიკური პრობლემების შედეგი.

ვინც კიევში, ფარაჯანოვის სახლში იყო ნამყოფი,მას ის ახსოვს როგორც წარმოუდგენლად გულითადი მასპინძელი. ნაცნობები იხსენებენ, რომ მეზობლები არ აპროტესტებდნენ ასობით სტუმარს, პირდაპირ სადარბაზოში გაშლილ ხალიჩებსა და ღვინის მდინარეებს. მაგრამ არის სხვა ხედვაც: „სტუდიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი მას ახასიათებს როგორც მორალურად გახრწნილ პიროვნებას, რომელმაც თავისი სახლი გადააქცია თავშეყრის ადგილად ათასი ჯურის საეჭვო პირთათვის, რომლებიც დაკავებული იყვნენ ლოთობით, გარყვნილებით, სპეკულიანტობით, პოლიტიკურად მავნებელი და ზოგჯერ -ანტისაბჭოთა საუბრებით“.

ფარაჯანოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალს ადევნებდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი.1971 წლის დეკემბერში ერთ-ერთ ცნობაში ის იტყობინებოდა, რომ რეჟისორი ვენერიული დაავადების მიზეზით მკურნალობდა.

ფოტოები საქმიდან

ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებულ ცნობებში ინახება ფარაჯანოვის ორი ფოტო (ორიგინალიდან გადაღებული სავარაუდოდ თავად „ჩეკისტების“ მიერ).

რეჟისორის შემოქმედების მკვლევარი ელენა ოგანესიანი განმარტავს, რომ პირველი ფოტოს თავისი ისტორია აქვს: რეჟისორის მამა გარდაიცვალა საწოლში, ახალგაზრდა ქალთან მყოფი. როდესაც დედამ გაიგო ქმრის ღალატის შესახებ, დახია მისი ფოტო. ფარაჯანოვმა კი აიღო ფოტოს ნაწილი, მიიფარა სახეზე მამასთან მსგავსების საჩვენებლად და ასე გადაიღო ფოტო დედასთან.

აი, მეორე ფოტო კი, რომელზეც ფარაჯანოვი ქალის სამოსშია გამოწყობილი, მისი ნაცნობებიდან ადრე არავის ჰქონდა ნანახი.

„ასეთი ფოტო არ იდებოდა გამოსაჩენ ადგილას. ამ ფოტოს ასლის გადაღება შეეძლო მხოლოდ მას, ვისაც ფარაჯანოვი უსაზღვროდ ენდობოდა. ჩვენს დროშიც კი ასეთ ფოტოს ყველგან ვერ გამოაჩენ“, - ამბობს ელენა ოგანესიანი.

ფარაჯანოვის ტყვეობა

„1964 წლიდან დღემდე ფარაჯანოვს დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის ბაზაზე არცერთი ფილმი არ გადაუღია“, - იტყობინებოდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი. თუმცა არ აზუსტებდა, რომ ფარაჯანოვმა, „აჩრდილების“ შემდეგ, უკრაინაში ფილმის გადაღება უბრალოდ ვეღარ შეძლო, დევნისა და შევიწროვების გამო.

1973 წლის დეკემბერში, როცა ის კიევში ავადმყოფი შვილის სანახავად ჩავიდა, რეჟისორი დააკავეს. თუმცა ბრალდება არ იყო ანტისაბჭოთა საქმიანობა, რასაც კომიტეტი წლების განმავლობაში უქმნიდა შესაბამის საფუძველს. ბრალად მას მამათმავლობა წაუყენეს. ფარაჯანოვი მართლაც იყო ბისექსუალი. რეჟისორს ბრალი სხვა მუხლებითაც ედებოდა, თუმცა განაჩენში საბოლოოდ დარჩა მხოლოდ ორი ბრალდება: მამათმავლობა (მათ შორის - ძალის გამოყენებით) და პორნოგრაფიის გავრცელება (ნაცნობებისთვის პორნოჟურნალისა და ბანქოს ჩვენება). საქმის გამოძიებას მილიცია უძღვებოდა.

მკვლევართათვის უცნაურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საერთოდ არ ახსენებს ფარაჯანოვის ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს, მაშინ, როცა მასალებში დეტალურად არის აღწერილი რეჟისორის პირადი ცხოვრება. კომიტეტი არც ფარაჯანოვის პირველ პატიმრობას მოიხსენიებს (1948 წელს ის ასევე მამათმავლობისთვის იყო გასამართლებული).

რეჟისორთან დაახლოებულ პირებს ეჭვიც კი არ ეპარებოდათ, რომ მამათმავლობა გამოყენებული იყო მხოლოდ საბაბად, რომ ფარაჯანოვი დაეპატიმრებინათ.

„ჩეკისტები“ საბჭოთა უკრაინის ხელმძღვანელს ატყობინებდნენ, რომ ფარაჯანოვის დაკავებამ გამოიწვია ვარაუდები და ეჭვები, „თითქოსდა ის დააკავეს უარის გამო, მოეწერა ხელი საბჭოთა უკრაინის ხელოვნების მოღვაწეთა ჯგუფის განცხადებაზე, რომელიც დაკავშირებული იყო სახაროვისა და სოლჟენიცინის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობასთან“.

ჯერ კიდევ სასამართლო პროცესების მიმდინარეობის პარალელურად, დაიწყო მასშტაბური კამპანია მისი გათავისუფლების მოთხოვნით. კოლეგას მხარი დაუჭირეს როგორც საბჭოთა, ასევე მსოფლიო კინოს მასშტაბურმა ფიგურებმა, მათ შორის იყვნენ ფელინი და გოდარი. პროცესში ჩაერთო საერთაშორისო მედიაც. უშიშროების კომიტეტმა პროტესტის შეჩერება ვერ შეძლო და საბოლოოდ, ხელისუფლებამ უკან დაიხია - 1977 წელს ფარაჯანოვი გაათავისუფლეს. კიევიდან ფარაჯანოვი მშობლიურ თბილისში ჩავიდა.

რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი 1990 წლის ივლისში, ერევანში, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.

მომზადებულია ედუარდ ანდრიუშენკოს მიხედვით