პიკის მოლოდინში - პიკგადავლილი ქვეყანა - მესამე თვე კორონავირუსთან ერთად

27 მაისი, 2020
ავტორი: გელა ბოჩიკაშვილი

საქართველო კორონავირუსს უკვე მესამე თვეა ებრძვის. პიკი, რომლის შესახებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს აფრთხილებდნენ, უკვე გადავლილია. შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების ჩამონათვალი მცირდება; ნელ-ნელა იხსნება მაღაზიები და სხვადასხვა დაწესებულებები. ამ სამი თვის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში პირველად 27 მაისს მივიდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მის ანგარიშს დიდი ხანია ითხოვდნენ.

27 აპრილი

კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენიდან მესამე თვე პიკის მოლოდინითა და ინფიცირების 500-მდე დადასტურებული შემთხვევით იწყება . ამ დღეს მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 3 მლნ-ს სცდება . იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა ისევ პიკის მოლოდინშია, დასაშვები ხდება მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა და იხსნება ღია ბაზრები. გარდა ამისა, სრულად დასაშვები ხდება ონლაინვაჭრობა. დღის ბოლოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ბრიფინგს მართავს და ამბობს, რომ ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს კორონავირუსი დამარცხდა

28 აპრილი

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 14-ით, 511-მდე იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 156-ს უტოლდება. ბოლო 28 დღეში საგანგებო მდგოამრეობის დარღვევისთვის დაჯარიმებულთა რაოდენობა 5,6 ათასს აჭარბებს, ჯარიმების მოცულობა კი 17 მლნ ლარს აჭარბებს . ამ დღეს ცნობილი ხდება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 30 ათასი ე.წ. სწრაფი ტესტის ყიდვაზე აქვს გააფორმებული ხელშეკრულება. რამდენიმე დღეში მომწოდებელი ნიდერლანდური ფირმა და მისი ტესტები სკანდალში ეხვევა, თბილისში კი ირკვევა, რომ სამინისტროს, ტვირთის დაგვიანების საბაბით ხელშეკრულებაა გაეუქმებია. ამ დღეს ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოს მთავრობას ეკონომიკური რეაბილიტაციის დაგეგმვაში დაეხმარება .

29 აპრილი

4 ჩაკეტილი ქალაქის, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ქალაქების რამდენიმე საათით დატოვების უფლებას აძლევენ.

30 აპრილი

მსოფლიოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს, თუმცა ორჯერ მეტია პაციენტი, ვინც ჯერ კიდევ მკურნალობს. საქართველოში პირველად ტესტირების დაწყებიდან, დღეში ყველაზე მეტი, 1 096 ადამიანი იტესტება ვირუსზე. ქვეყნდება სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტების მოცულობა კორონავირუსის გამო მარტში 2,7 პროცენტით შემცირდა.

1 მაისი

საქართველოს თავდაცვის ძალებს კორონავირუსთან ბრძოლისთვის ბრიტანეთის საელჩო 100 ათასი ლარით ეხმარება. მთავრობა ბიზნესკომპანიებს სესხის სუბსიდირების 7-დან 11,5 პროცენტამდე გაზრდას პირდება . შეღავათებზე საუბრისას კვლავ არ ახსნებენ განსაკუთრებით მოწყვლად უმცირესობებს. უკიდურესი გაჭირვებისა და სახელმწიფოსგან უყურადღებოდ დატოვების მიზეზით ტრანსგენდერი ქალი თავის დაწვას ცდილობს . ბოლო 24 საათში კორონავირუსი უდასტურდება 27 პირს, თეთრიწყაროდან კი 85 ადამიანი საკარანტინე სივრცეში გადაჰყავთ . ამ დღეს ვირუსი საქართველოში მეშვიდე ადამიანს კლავს.

2 მაისი

დილა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული მე-8 პაციენტის გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელებით დაიწყო. ამ დღეს კახეთში ინფიცირების პირველი შესაძლო შემთხვევა ვლინდება, მარნეულში კი ვირუსი სასწრაფოს 9 თანამშრომელს უდასტურდება.

3 მაისი

ზედიზედ მესამე დღეა, რაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი იღუპება. რიგით მე-9 გარდაცვლილი 58 წლის ქალია. ამ დღეს ევროპის ქალაქებსა და აშშ-ში პანდემიის პარალელურად იწყებენ შეზღუდვების შემსუბუქებას.

4 მაისი

საქსტატი აქვეყნებს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ხილი ბოლო ერთ წელში 45 პროცენტით გაძვირდა. საერთო ჯამში, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები კი 16 პროცენტით.

5 აპრილი

ჩაკეტილი ოთხი ქალაქიდან ორი - ქუთაისი და ბათუმი იხსნება. გარდა ამისა, მუშაობის უფლებას აძლევენ ყველა სამშენებლო კომპანიას. ქვეყანაში ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 600-ს აჭარბებს, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კი ადასტურებს, რომ ქვეყანაში ზოგიერთმა პაციენტმა ისე გადაიტანა ვირუსი, რომ კლინიკაში არ მოხვედრილა.

6 მაისი

საქართველოში კორონავირუსით განკურნების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება - ბოლო 24 საათში 29 ადამიანი განიკურნა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კი ამბობს, რომ 11 მაისიდან საკარანტინე სივრცეების დატოვებამდე მოქალაქეებს PCR ტესტი ჩაუტარდებათ.

7 მაისი

მთავრობა შეზღუდვების ნაწილის მოხსნას, მათ შორის თბილისისა და რუსთავის გახსნას, სილამაზის სალონების ამოქმედებას, ააანონსებს. 11-მდე იზრდება ცხინვალში ინფიცირებულთა რაოდენობა.

8 მაისი

დილიდან ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში (გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში) შეზღუდვები მოიხსნა. ამ დღეს ვირუსით საქართველოში მეათე პაციენტი გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ვირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 13 მოქალაქეა გარდაცვლილი.

9 მაისი

ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს დასახმარებლად 1,5 მილიარდის მობილიზება მოხდება.

10 მაისი

5-ით იზრდება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კი 9 ახალი შემთხვევა ფიქსირდება - სულ 635.

11 მაისი

დილიდან თბილისში შესვლა-გასვლის აკრძალვა უქმდება. გარდა ამისა, იხსნება ყველა ის მაღაზია, რომელსაც ქუჩიდან შესასვლელი აქვს. დაკეტილი რჩება სავაჭრო ცენტრები. ამ დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-11 პაციენტი იღუპება, თუმცა უკვე გამოჯანმრთელებულთა (317) რაოდენობა “აქტიურ” (311) შემთხვევებს აღემატება.

12 მაისი

ქვეყანაში კორონავირუსით განკურნების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (32) ფიქსირდება, ვირუსი კი მხოლოდ ერთ ადამიანს უდგინდება. სოფლის მეურნეობის მინისტრი იუწყება, რომ ფერმერებს “უფასო ფულის” პროგრამითა და სხვადასხვა სახის შეღავათით დაეხმარება.

13 მაისი

ცნობილი ხდება, რომ შეწყდა კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომლითაც ქვეყანას 30 ათასი ე.წ. სწრაფი ტესტი უნდა ეყიდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მათი დროული ვერმოწოდებაა. დღის ბოლოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ამბობს, რომ სწავლა სექტემბერში განახლდება.

14 მაისი

რუსთავის გახსნით საქართველოში ჩაკეტილი ქალაქები აღარ რჩება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია კი ამბობს, რომ პირველ ტურისტებს საქართველო ისრაელიდან მიიღებს. ტურისტებისთვის ქვეყანა პირველ ივლისს უნდა გაიხსნას. ამ დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-12 პაციენტი იღუპება, ინფიცირებულთა რაოდენობა 652-მდეა გაზრდილი, გამოჯანმრთელებულთა კი 383-მდე. ინფიცირებულთა რაოდენობა 2 ახალი შემთხვევით, 15-მდე იზრდება ოკუპირებულ აფხაზეთსა და 5 ახალი შემთხვევით 30-მდე ცხინვალის რეგიონშიც.

15 მაისი

თვითდასაქმებულთა კომპენსაციების გასაცემად გაკეთებულმა სარეგისტრაციო პორტალმა მუშაობა დაიწყო, თუმცა ჩაშვებიდან რამდენიმე საათში ხალხის ნაკადს ვერ გაუძლო და გაითიშა. გიორგი გახარია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება და მზად არის პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მივიდეს.

16 მაისი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში კორონავირუსი 34 პირს დაუდგინდა.

17 მაისი

ჰომოფობის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე ლგბტ+ ჯგუფის წევრებმა და უფლებადამცველებმა ონლაინშეხვედრით აღნიშნეს, თუმცა ამ დღეს საპატრიარქომ 2014 წელს, ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადებიდან უკვე ტრადიციად ქცეული მსვლელობა, მაინც მოწყო და მღვდელმსახურებმა თბილისის ქუჩებს ნაკურთხი წყალი ასხურეს. თბილისის მერიამ, ასევე ტრადიციულად არ შეასრულა ლგბტ+ აქტივისტების თხოვნა და ანძა ცისარტყელის ფერებად არ გაანათა. “ყველას მიმართ პტივისცემის” ნიშნად ანძა თეთრად განათდა.

18 მაისი

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 700-ს აჭარბებს. ნებადართული ხდება სილამაზის სალონების მუშაობა ღია და დახურულ სივრცეებში 10 კაცამდე შეკრება.

19 მაისი

დილიდან ბოლნისის რაიონის 8 დასახლებაში მკაცრი საკარანტინე წესები უქმდება. 4 ახალი შემთხვევით 24-მდე იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში. ქვეყდნება ახალი სტატისტიკური მონაცემები - ცნობილი ხდება, რომ აპრილში 2019 წელთან შედარებით 43,2%-ით შემცირდა ფულადი გზავნილების რაოდენობა, 2020 წლის პირველ ოთხ თვეში კი ექსპორტის ვარდნა 12 პროცენტია.

20 მაისი

ამ დღეს კიდევ ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი ხდება ცნობილი, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე აისახება, აპრილის თვეში ჩაკეტილი საზღვრების გამო ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა 95 პროცენტით არის შემცირებული. კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში კიდევ უფრო იზარდება და ახლა უკვე 5 მლნ-ს აჭარბებს.

21 მაისი
22 მაისი

პარლამენტმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვიის უფლება მისცა. მდგომარეობის გაუქმების შემდეგ დასაშვები გახდა მანქანით 3 პირზე მეტის გადაადგილება და 21 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში გასვლა. ამ დღეს მედიაში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის კომენტარი ვრცელდება. ის ეჭქვეშ აყენებს საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებლებს, მინისტრს გამყრელიძე-ცერცვაძე პასუხობენ და მის განცხადებებს აკრიტიკებენ.

23 მაისი

მთავრობამ დეტალურად გაწერა ის ჩამონათვალი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად დარჩა ძალაში რჩება. ახალი დადგენილებით, კვლავ აკრძალულია: სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, 10 კაცზე მეტი პირის შეკრება (მათ შორის ქორწილისა და ქელეხის გადახდა). კვლავ სავალდებულოა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება.

24 მაისი

ცნობილი ხდება საგანგებო მდგომარეობის დროს ჯარიმების გამოწერის სტატისტიკური მონაცემები. 31 მარტიდან 22 მაისამდე პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 8 ათასამდე პირი დააჯარიმა. ჯარიმების საერთო მოსულობა კი 24 მლნ ლარს აჭარბებს.

25 მაისი

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა კორონავირუსის გამო დაწესებულ აკრძალვებს აუქმებს. ამ დროის მონაცემებით, ცხინვალში 37 ინფიცირებულია.

26 მაისი

საქართველოში დამოუკიდებლობის დღე კორონავირუსის გამო მასშტაბური ზეიმის გარეშე აღინიშნა . ქვეყანაში ბოლო 24 საათში ინფიცირების 1 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე კორონავირუსი 732 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უმრავლესობა (537) განიკურნა, 12 კი გარდაიცვალა.