როგორ მივიდა გამოძიება “ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებამდე”

სოფო დათიშვილი

თბილისში საპროტესტო აქციის დარბევიდან ზუსტად ორი კვირის თავზე პროკურატურამ 20-21 ივნისის ღამეს მომხდარი მოვლენების გამო დაწყებულ გამოძიებას კვალიფიკაცია შეუცვალა. პროკურატურა იძიებს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. როგორ მივიდა საგამოძიებო უწყება აქამდე?

21 ივნისი

საავადმყოფოებში 240-მდე ადამიანია - აქციის მონაწილეები, სამართალდამცავები, ჟურნალისტები. რეზინის ტყვიებით დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მედია უჩვენებს კადრებს სადაც ჩანს სპეცრაზმი როგორ ისვრის ახლო მანძილიდან დამიზნებით და როგორ დასდევს პოლიცია გამთენიისას ქალაქის ქუჩებში მომიტინგეებს. დარბევის მეორე დღეს გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

გამოძიება თითოეული ძალადობრივი ინციდენტის შესწავლას გეგმავდა. შს სამინისტრომ გათენებისთანავე ყურადღბა ორ საკითხზე გაამახვილა:

● დაიწყო გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის (სს კოდექსის 225-ე მუხლი) საქმეზე;

● შსს პირობას დებდა, რომ თუ გამოიკვეთებოდა სამართალდამცველთა მხრიდან “ცალკეული გადაცდომები”, აუცილებლად შეისწავლიდა ამ ფაქტს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელია, ევროპული საქართველოდან გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა მათ ამის შემდეგ უწყება აღარ შეხმიანებია.

ამავე დღეს გახდა ცნობილი, რომ შსს-მ ე.წ “მოლოტოვის კოქტეილის” დამზადების ფაქტზე 70 ლის გიორგი წიქარაძე დააკავა.

22-23 ივნისი

გამოძიება რაიმე ახალ და მნიშვნელოვან დეტალს საქმის შესახებ არ ასაჯაროებს. ამ დროს რუსთაველზე წინა დღეებთან შედარებით კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციებია - ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა.

24 ივნისი

პროკურატურაში გაკეთდა პირველი განცხადება, სადაც თქვეს, რომ აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიებისთვის მოქალაქეებს სთხოვდნენ დახმარებას, ფოტო, ვიდეო და სხვა მტკიცებულებების სახით.

ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

25 ივნისი

ამ დროისთვის მედიაში გავრცელებული კადრებიდან და დაშავებულთა მონათხრობიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე მრავალი კითხვა დაგროვდა:

● რა ტყვიები გამოიყენეს სამართალდამცველებმა?

● ესროდნენ თუ არა მშვიდობიან მოქალაქეებს დამიზნებით და თავის არეში?

● ვინ გასცა ბრძანება?

● რას აკეთებდა აქციის ღამეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე პარლამენტთან?

26 ივნისი

პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 26 ივნისს დეპუტატ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერება მოჰყვა. პარლამენტმა 91 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მას იმუნიტეტი მოუხსნა, რითაც პროკურატურას გზა გაუხსნა საჭიროების შემთხვევაში მისი დაკავებისთვის.

27 ივნისი

საქალაქო სასამართლომ მოულოდნელი განაჩენი მიიღო და დაკავების ნაცვლად ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.

სასამართლომ ნიკა მელიას რამდენიმე აკრძალვა დაუწესა, მათ შორის მიტინგებზე სიტყვით გამოსვლა და საქმეში მომავალ მოწმეებთან ურთიერთობა. ასევე, დაევალა პროკურატურას აცნობოს შინიდან ყოველი გასვლის მიზეზი.

ამავე დღეს, დარბევიდან 1 კვირაში საზოგადოებამ გიორგი გახარიას განმარტებები მოისმინა. ის ტელეჟურნალისტებს შეხვდა, თუმც შსს მინისტრმა პასუხი ნაწილობრივ ან საერთოდ არ გასცა მთავარ კითხვებს.

მან თქვა:

● არც ერთი აკრძალული ან ლეტალური ტყვია გამოყენებული არ ყოფილა

● პოლიციამ გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა

● გახარიას არ გაუცია პასუხი კითხვაზე ვინ გასცა ბრძანება დარბევის შესახებ

● ასევე არაფერი უთქვამს ანზორ ჩუბინიძის როლზე ამ პროცესში

პროკურატურა მედიას 20-21 ივნისის ღამეს გადაღებულ ვიდეო მასალას სთხოვს. სასამართლომ ლეგიტიმურად და პროპორციულად მიიჩინა პროკურატურის ეს თხოვნა, რომელიც გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნითაა ახსნილი.

28 ივნისი

საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. ისინი გამჭვირვალე, სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვდნენ 20 ივნისის მოვლენებზე.

20-21 ივნისის აქციაზე დაშავებულებს პროკურატურა გამოკითხვაზე იბარებს. გამოძიების მიზანი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების დადგენაა. გამოკითხულები ამბობენ, რომ მათ ასევე ეკითხებიან აქციის ორგანიზატორების, გამომსვლელების, შტურმისკენ მოწოდების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განცხადება გააკეთა - ის რაც 20-21 ივნისს მოხდა იყო კრიზისი. „მაგრამ კრიზი და კატასტროფა სახელმწიფოსთვის იქნებოდა ის, რომ მომხდარიყო მათ მიერ ჩაფიქრებული სცენარის რეალიზაცია, რომ ქვეყანა გაეხვიათ ისეთ ქაოსში, როგორიც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ორჯერ გვქონდა, რომელმაც ისეთი ტკივილი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოებრიობას, რომ დღემდე მისი შედეგების მნახველი ვართ თითოეული ჩვენგანი. ეს არის კონკრეტული მოცემულობა და კონკრეტული შეფასება”, - თქვა პრემიერმა.

1 ივლისი

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დეპუატატ ნიკა მელიას GPS ლოკატორის ტარება დაევალა.

3 ივლისი

20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა. ყაყიჩაშვილი დაკავებული თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა, მას უფლებამოსილება დროებით, გამოძიების დასრულებამდე აქვს შეჩერებული.

ჟურნალისტებთან კომენტარისას თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 20-21 ივნისს მომხდარი არ იყო აქციის დაშლა, არამედ “მოგერიება”.

ამავე საღამოს ნიკა მელიას გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს, რომ სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გიგი უგულავას, გია ბარამიძის და ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებითაც.

4 ივლისი

პროკურატურამ ახალი განცხადება გააკეთა გამოძიების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. უწყების თქმით მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, გამოკითხულია 170-მდე პირი, მათ შორის არიან როგორც დაშავებული მოქალაქეები, ისე ადგილზე მყოფი ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები.

შსს-მ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირის დაკავა. მათ ბრალად ედება სამართალდამცველებზე თავდასხმა.