Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძის “8 სიმართლე” და “8 ტყუილი”


პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით რომან გოცირიძემ პარლამენტში პრემიერთან კითხვების დასმისას 5 წუთში 8 ტყუილი თქვა, თავად დეპუტატის შეფასებით კი, მან არა 8 ტყუილი, არამედ „8 სიმართლე ესროლა და რვავე შუბლში მოხვდა პრემიერ-მინისტრს“.

„აი, ეს არის 8 სიმართლე, რომელშიც აღწერილია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა კვირიკაშვილის მოხსნისთვის საბაბად გამოიყენა და სადაც ნაჩვენებია, რომ ქვეყანაში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში, ბავშვებში და მთლიანად მოსახლეობაში“, - ამბობს რომან გოცირიძე, რომლის შეფასებითაც, პრემიერ-მინისტრმა ფაქტობრივად არც ერთ კითხვას არ გასცა პასუხი, დაყარა ფარხმალი და ტრიბუნიდან გაიქცა. დეპუტატის თქმით, ქვეყანაში გაზრდილია უმუშევართა რაოდენობა და მწარე სიმართლეა ის, რომ საქართველოში, 2019 წელს, კერძო სექტორში 59 000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი იზრდება სახელმწიფო სექტორში „ნათესავების, მეგობრების და სხვათა ხარჯზე“.

ირაკლი კობახიძე კი თქვა, რომ „რომან გოცირიძის მხრიდან 5 წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვები და ამ 5 წუთში მან 8 ტყუილის თქმა მოასწრო“. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე რომან გოცირიძის გამოსვლას დემაგოგიად აფასებს და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ პარლამენტში მოსვლით პატივი სცა საკანონმდებლო ორგანოს.

„ის მობრძანდა პარლამენტში და პასუხი გასცა თუნდაც ამ დემაგოგიურ კითხვებს, რომლებიც ტყუილებით იყო გაჯერებული. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიიღეს საკადრისი პასუხი პრემიერის მხრიდან. 8-დან ერთ-ერთი ტყუილი იყო, რომ მოსახლეობას სოციალური დახმარება არ მიუღიაო. პრემიერმა რიცხვების დონეზე ჩამოთვალა, რამდენ ადამიანს აქვს მიღებული სხვადასხვა სახის დახმარება. ასიათასობით ადამიანზეა საუბარი, რომელთაც უკვე ჩაერიცხათ დახმარება. 8-დან ერთ-ერთი ტყუილი ეხებოდა სწორედ ამას“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის წესით პასუხობს. რომან გოცირიძის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის წინ მან პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს სთხოვა, დეპუტატებს დაეცვათ რეგლამენტით განსაზღვრული დრო, რათა ხალხზე უკეთ ზრუნვა მოასწრონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG