Accessibility links

რონალდუ - ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე იღბლიანი?


ავტორი: ლაშა ჩხაიძე

უკან კიდევ ერთი დრამატული საფეხბურთო სეზონი მოვიტოვეთ. კულმინაციამ ანუ ჩემპიონთა ლიგის ფინალმა გაორებული გრძნობა დაგვიტოვა ყველაზე მასობრივი სპორტის სახეობის, ფეხბურთის გულშემატკივრებს. ალბათ ყველა მეტის მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ამოსუნთქვა და გაანალიზებაც არ დაგვცალდა, ისე მოგვადგა კარს კიდევ უფრო დიდი სპორტული ფორუმი, მსოფლიო ჩემპიონატი, გნებავთ მუნდიალი. ისევ წამოიჭრა ბოლო წლების მარადიული კითხვა: მესი თუ რონალდუ? თუ ვინმე სხვა? დღევანდელი წერილი ამათგან მხოლოდ ერთს ეხება, ადამიანს, რომელიც რომელიც ორ თანაბარ ნაწილად ყოფს ფანატებს, ზოგი მას აღმერთებს, ზოგს კი, შეიძლება ითქვას ეზიზღება იგი. მის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულების მქონე ქომაგს ნაკლებად შეხვდებით. იგი და მისი გულშემატკივრები ხშირ შემთხვევაში გამოდიან გამარჯვებულები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მათი წარმატებები საკამათო ხდება ხოლმე. პორტუგალიელი რონალდუ რომ თანამედროვეობის გამორჩეული ფეხბურთელია, ამას წყალი არ გაუვა. მან უამრავი ჯილდო მოიგო „მანჩესტერ იუნაიტედის“, „რეალის“ და პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ... ყოველთვის არსებობს ერთი მაგრამ. რონალდუს შემთხვევაში კი, შეიძლება მინიმუმ ექვსი მაგრამ არსებობდეს. ამ ბლოგის მკითხველების ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე რა თქმა უნდა მაღალი აზრის გახლავართ და ამიტომ მხოლოდ გაგახსენებთ, რომ რუსეთის იმპერიას ადრე ერთი გამორჩეული სამხედრო მოღვაწე ჰყავდა, ალექსანდრ ვასილიევიჩ სუვოროვი. ის რონალდუსავით პოპულარული არ იყო, მას არ იღებდნენ რეკლამებში, არ ჰქონდა მილიონიანი კონტრაქტები, თუმცა არც ის ყოფილა თურმე ჯაბანი. როგორც ამბობენ, სწორედ სუვოროვის პერსონის გამო უთქვამს ეკატერინე მეორეს ფრთიანი ფრაზა - „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ!“ მოდით, წავიდეთ ამ მყარი არგუმენტის წინააღმდეგ და დღეს რონალდუ, ანუ გამარჯვებული გავასამართლოთ.

ეპიზოდი პირველი:
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით 2008 წელს პირველად მოიგო საკლუბო ფეხბურთის უდიდესი ჯილდო, უეფას ჩემპიონთა ლიგა. აქ აღარ მოვყვები, არც ისე ძლიერმა „ჩელსიმ“, რომელსაც იმ მომენტში საშუალოზე დაბალი დონის სპეციალისტი, ავრაამ გრანტი მოძღვრავდა, თუ როგორ გაარტყა ორჯერ ბურთი ძელს მოსკოვურ ფინალში. პენალტების სერიაში კრიშტიანუმ, რომელსაც ფანები სიყვარულით „პენალდუსაც“ კი ეძახიან, პენალტი(!) გააფუჭა და რომ არა ტერის უიღბლობა და ფეხის დაცდენა, თასი სწორედ ლონდონელებს დარჩებოდათ.

(ტერის უიღბლობა იხილეთ აქ:)

P.S.
2009 წელს რომში ძლიერ „ბარსელონასთან“ რონალდუმ და კომპანიამ უშანსოდ წააგეს ფინალი და იგი რეალში გადავიდა.

ეპიზოდი მეორე:
2014 წლის მიუნხენურ ფინალში ფავორიტი „რეალი“ მთელი თამაში აგებდა თანაქალაქელ კლუბთან.შემდეგ ფორტუნა უღიმის რამოსს და ბოლო წამზე ანგარიშს ათანაბრებს. „პენალდ...“ , უკაცრავად, რონალდუ, დამატებულ დროში თერთმეტმეტრიანს იტანს.

ეპიზოდი მესამე:
2016 წელს მილანურ ფინალში ისევ ფავორიტი „რეალი“ დგას პირისპირ თანაქალაქელ „ატლეტიკოსთან“. როგორც ბოროტი ენები ამბობენ,პორტუგალიელი საშინლად გამოიყურებოდა. „ატლეტიკომ“ უამრავი მომენტი შექმნა მეტოქის კართან, გრიზმანმა თერთმეტმეტრიანი დარტყმაც ვერ გამოიყენა, როცა მისი გუნდი აგებდა. საბოლოოდ, თერთმეტმეტრიანების სერიაში „პენალდ...“, ოჰ, ისევ უკაცრავად, რონალდუმ გადამწყვეტი პენალტი გაიტანა.

(გრიზმანის უიღბლობა იხილეთ აქ: )

ეპიზოდი მეოთხე:
მასპინძელ საფრანგეთთან საფინალო მატჩის საწყისი 25 წუთის შემდეგ კრიშტიანუ ტრავმის გამო შეცვალეს და პორტუგალიამ ლიდერის გარეშე მოიგო თასი.

P.S.
საკუთარ ქვეყანაში ჩატარებულ ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე რონალდუმ და კომპანიამ აუტსაიდერ ბერძნებთან წააგეს ფინალი.

ეპიზოდი მეხუთე:
2017 წლის კარდიფში „მილენიუმ სთედიუმზე“ გამართულ ფინალში ფავორიტი არა „იუვენტუსი“, არამედ ისევ მადრიდული კლუბია. უნდა ითქვას,რომ პორტუგალიელმა სწორედ ამ ფინალში მოახერხა ლიდერის როლის საკუთარ თავზე აღება, რასაც ფეხბურთის გურმანები მუდამ ელოდნენ მისი მონაწილეობით გამართულ ფინალებში. მან ორი გოლი გაიტანა და ამ შემთხვევაში სრულიად დამსახურებულად მოიალაფა კიდევ ერთი ჯილდო.

ეპიზოდი მეექვსე:
2018 წლის კიევის ფინალის შემდეგ დიდი დრო არ გასულა. ყველამ ვნახეთ რამოსის ბინძური ილეთი, სალაჰის ტრამვის შემდეგ არეული „ლივერპული“, იმავე რამოსის უხეშობის შემდეგ ტვინის შერყევით მოთამაშე ლივერპულელთა მეკარის ორი საბედისწერო შეცდომა და ... რონალდუმ ისევ თასი აღმართა.

(კარიუსის უიღბლობები იხილეთ აქ: )


ანუ რა გამოვიდა? ძლიერ „ბარსელონასთან“ რონალდუს გუნდმა ფინალი დათმო, ერთი ფინალი არ უთამაშია და მის გარეშე მოიგო პორტუგალიამ, სუსტ საბერძნეთთან ფინალი წააგო, სუსტი მწვრთვნელის ხელმძღვანელობით მოთამაშე „ჩელსისთან“ იღბალმა გაუღიმა, აუტსაიდერ „ატლეტიკოსთან“ ერთხელ ბოლო წუთზე გადარჩა, მეორედ პენალტების სერიით მოუგო, „ლივერპულთან“ კარიუსმა ორი გოლი აჩუქა მათ.... და „იუვენტუსთან“ დამსახურებულად მოიგო! ერთი სტატიისათვის ზედმეტად ბევრი იღბალი ხომ არ არის? პორტუგალიელი ლიდერი და მისი გუნდები ყველა ტიტულს დამსახურებულად იგებენ, მაგრამ უნდა რჩებოდეს ამდენი კითხვის ნიშანი მისი მორიგი ტრიუმფის შემდეგ? მითუმეტეს, როცა ისტორიაში საუკეთესოობაზე გაქვს პრეტენზია, დამაკმაყოფილებელი შედეგია ჩატარებულ ფინალთაგან უმრავლესობაში ასეთი ინერტული თამაში? ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ყველა მოგებულ ფინალში მისი გუნდი უპირობო ფავორიტი იყო და მთავარი ვარსკვლავის შთამბეჭდავი პერფორმანსის გარეშეც ახერხებდა მადრიდული გრანდი ფინალების მოგებას. მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოს გარშემო, მაგრამ ფეხბურთის ნეიტრალურ ქომაგს უფლება აქვს კითხვა დაებადოს - ნუთუ რონალდუს იღბალი ხშირად უღიმის? ფასდაუდებელია ეკატერინე მეორის სიბრძნე - „გამარჯვებულებს არ ასამართლებენ“... მაგრამ:

კრიშტიანუ, როგორ იქნება პორტუგალიურად ფრაზა:“მადლობა, ქ-ნო ეკატერინე“?

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG