Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის „ლომბარდია“: რატომ მოიცვა კორონავირუსმა რუმინეთის პატარა რეგიონი


მას რუმინეთის „ლომბარდიას“ უწოდებენ, იტალიაში კორონავირუსის კრიზისის ეპიცენტრის სახელს. პატარა რეგიონ სუჩავაში რუმინეთის მოსახლეობის მხოლოდ სამი პროცენტი ცხოვრობს, თუმცა მას COVID-19-ის შემთხვევების და ასევე დაღუპულების მაღალი მაჩვენებელი აქვს. ინფიცირებულია ჯანდაცვის სფეროს 200-მდე მუშაკი. სუჩავაში შექმნილ კრიზისში ბევრი არასწორ მენეჯმენტს ადანაშაულებს.

როცა რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი, ოქტომბერში ჩრდილოეთის ქალაქ სუჩავაში ახალ, წმინდა იოანეს საავადმყოფოს ეწვია, მან ქებით ილაპარაკა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე.

„აქ რუმინეთის ჯანდაცვის სისტემის კარგი პრაქტიკის მაგალითი გვაქვს“ - ამბობდა იოჰანისი, რომელსაც გვერდს ქალაქის მესვეურები და საავადმყოფოს მუშაკები უმშვენებდნენ. „ჩვენ გვსურს ასეთი მაგალითები მთელ ქვეყანაში გვქონდეს“.

ახლა ასე აღარაა.

ხუთი თვის შემდეგ ევროკავშირის ფულით აღდგენილი საავადმყოფოს ქება მკაცრმა კრიტიკამ შეცვალა.

საავადმყოფო, რომელიც მეთოთხმეტე საუკუნის რუმინელი წმინდანის სახელს ატარებს, დეზინფექციოდ დაიხურა მას შემდეგ, რაც მთელ ობიექტზე კორონავირუსი გავრცელდა და სულ მცირე 181 მუშაკს, მათ შორის 43 ექიმს შეეყარა.

საავადმყოფოს მენეჯერებს და ჯანდაცვის სფეროს ადგილობრივ მესვეურებს აკრიტიკებენ არასწორი მენეჯმენტის, არაკომპეტენტურობისა და უყურადღებობის გამო, რამაც მასობრივი ინფიცირება მოიტანა.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ვითარების გაუარესება, ამავე დროს, მკვეთრად პოლიტიზებული ადგილობრივი ადმინისტრაციის ბრალია.

საავადმყოფოში და მის გარშემო ვირუსის მასობრივი გავრცელების გამო სუჩავას რეგიონს ადარებენ ლომბარდიას - იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრს. ევროკავშირის ქვეყნებს შორის იტალია კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა.

„ეს რუმინეთის იტალიაა, ეს [ჩვენი] ლომბარდიაა“, - უთხრა პოლიტიკის ანალიტიკოსმა, სორინ იონიტამ, რადიო თავისუფლებას. „სუჩავა გაფრთხილებაა, თუ რა შეიძლება რუმინეთში მოხდეს“.

სუჩავას მხარეში 600,000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რაც რუმინეთის მთელი მოსახლეობის, 19 მილიონამდე ადამიანის, დაახლოებით, 3 პროცენტს შეადგენს.

მაგრამ, 31 მარტის მონაცემებით, ამ რეგიონზე მოდიოდა რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირებული 2,200-მდე ადამიანის 25 პროცენტზე მეტი, სწორედ საავადმყოფოში მომხდარი ფაქტის გამო. ამავე რეგიონზე მოდის რუმინეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 78 ადამიანის, დაახლოებით, მესამედი.

ვარაუდობენ, რომ ინფიცირების შემთხვევები რეგიონში კიდევ გაიზრდება, რადგან ახლა იქ 124 პაციენტის კორონავირუსზე ტესტის შედეგებს ელიან.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარჩელ ველამ, გამოაცხადა, რომ ქალაქი სუჩავა, სადაც 100,000-მდე ადამიანი ცხოვრობს, და მისი შემოგარენი 31 მარტიდან ჩაიკეტება, რათა ვირუსი კიდევ უფრო მეტად არ გავრცელდეს.

სუჩავა რუმინეთის პირველი ქალაქია, სადაც აპრილის შუა პერიოდამდე მკაცრი კარანტინი გამოცხადდა და იქ მხოლოდ სატვირთო მანქანებს შეუშვებენ აუცილებელი პროდუქტებით.

ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება თითქმის ერთი კვირით აიკრძალა.

31 მარტს, პირდაპირ ეთერში გამოსვლისას, პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა სუჩავას მცხოვრებნი დაარწმუნა, რომ მათ არ მოაკლდებათ საჭირო საკვები და მედიკამენტები.

ვირუსის გავრცელების მასშტაბის გამო პოსტებიდან დაითხოვეს საავადმყოფოს მენეჯერი და სამედიცინო დირექტორი, ისევე როგორც სუჩავას რეგიონის ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელი.

რუმინეთის ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, ნელუ ტატარუმ, გასულ კვირაში სუჩავაში სამი დღე დაყო საავადმყოფოში არსებული ვითარების შესასწავლად. მან რუმინეთის მედიას უთხრა, რომ შექმნილი ვითარება „უამრავმა დარღვევამ“ გამოიწვია.

ნელუ ტატარუ
ნელუ ტატარუ

ტატარუ, რომელიც კორონავირუსის კრიზისის დროს სამინისტროს საჯარო სახე გახდა, ჯანდაცვის მინისტრად სწორედ სუჩავაში ყოფნისას დაასახელეს. მისი წინამორბედი, ვიქტორ კოსტაჩე, იძულებული გახდა 26 მარტს გადამდგარიყო, კორონავირუსის კრიზისთან არაეფექტიანი ბრძოლის გამო.

მინისტრად დასახელების შემდეგ, ტატარუმ განაცხადა, დარწმუნებული ვარ საავადმყოფო მალე გაიხსნებაო, თუმცა იქ პრობლემას შექმნის სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა, რადგან ათობით ინფიცირებული ექიმი და მედდა კარანტინში რჩება.

ტატარუ მმართველი ლიბერალური პარტიის წევრია. როგორც მან რუმინეთის მედიას უთხრა, კრიზისს ბევრი მიზეზი ჰქონდა: „ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ ვერ გამოავლინა [კორონავირუსის] რამდენიმე შემთხვევა, სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული იყო და მათი იზოლირება ძალიან გვიან მოხდა, დამცავი აღჭურვილობა არ იყო სწორად გამოყენებული და კრიზისის მართვა არასწორად განვითარდა“.

და მაინც, როგორ გავრცელდა კორონავირუსი ასე მასშტაბურად ჩრდილოეთ რუმინეთის რეგიონალურ საავადმყოფოში?

28 თებერვალს 71 წლი მამაკაცი ჩრდილოეთ იტალიის ლომბარდიის რეგიონიდან შინ, სუჩავაში, ავტობუსით დაბრუნდა. როგორც ბევრი რუმინელი, 1989 წელს კომუნისტური რეჟიმის დანგრევის შემდეგ, ეს კაცი ეკონომიკურად გაჭირვებული რუმინეთიდან იტალიაში წავიდა უკეთესი სამუშაოს საძებნელად.

სამი დღის შემდეგ მამაკაცი წმინდა იოანეს საავადმყოფოში მოხვდა მაღალი სიცხით, ხველებით და ყელის ტკივილით.

მალე მას „პაციენტი 6“ ეწოდა, ანუ მეექვსე ადამიანი რუმინეთში, რომელსაც ტესტმა COVID-19 დაუდასტურა.

ინფექცია სწრაფად მოედო საავადმყოფოს, რომელსაც უმოქმედობაში ადანაშაულებენ ვირუსის შესაკავებლად.

საინფორმაციო სააგენტო Mediafax-ი 25 მარტს იუწყებოდა, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგ ერთი მედდა რეგულარულად უვლიდა 25 პაციენტს, ყოველგვარი დამცავი ტანისამოსის გარეშე. სხვა მედდა ამბობს, რომ ბევრმა ექიმმა შემოწმება არ გაიარა და მუშაობას განაგრძობდა, რა დროსაც ვირუსი სხვებსაც გადასცა, მათი ოჯახის წევრების ჩათვლით.

ასეთი მოშვებული სტანდარტები და ჰიგიენის არასაკმარისი დაცვა, სავარაუდოდ, გახდა კიდეც საავადმყოფოს კრიზისის მიზეზი. თუმცა ბოლო წლებში ამ საავადმყოფოს ბრიუსელისგან მიღებული ჰქონდა მილიონობით ევრო, რითიც მოდერნიზაცია განიცადა და ჩრდილოეთ რუმინეთში ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკად იყო ცნობილი.

„[საავადმყოფოს] სისტემა შექმნილი იყო ნორმალურდროს და არა კრიზისში ფუნქციონირებისთვის“, - ამბობს იონიტა. „კარგი აღჭურვილობა ვერ გადაგარჩენს, თუ ადამიანური რესურსები და მენეჯმენტი არ გყოფნის“.

რუმინეთი ჯანდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 5,5 პროცენტს ხარჯავს - ევროკავშირის საშუალო მონაცემის, დაახლოებით, ნახევარს. რუმინეთის ბევრი საუკეთესო ექიმი და მედდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადადის სამუშაოდ და საცხოვრებლად, იქ არსებული უკეთესი პირობების გამო.

ბევრი მედიკოსი სამსახურიდან წავიდა, არასაკმარისი სამედიცინო აღჭურვილობის თუ კრიზისით გამოწვეული გადაღლილობის მიზეზით.

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი მობილურ სამხედრო ჰოსპიტალში, 28 მარტი
რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი მობილურ სამხედრო ჰოსპიტალში, 28 მარტი

იოჰანისი პირობას დებს, რომ ჯანდაცვის სექტორს დაფინანსებას გაუზრდის კორონავირუსის კრიზისის ჩაცხრომის შემდეგ. პანდემიასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობამ უკვე მიმართა დამატებითი თანხები ჯანდაცვაში.

წმინდა იოანეს საავადმყოფოს ექიმებისა და პაციენტების უმრავლესობა თავს იკავებს მედიასთან საუბრისგან.

თუმცა რუმინეთის მედიასთან ილაპარაკა კაცმა, რომლის 70 წლის ცოლი საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა: „სუჩავაში ვითარება მწარედ ირონიულია. კორონავირუსი მას თავად შეყარეს და ერთ კვირაში კუბოში ჩააწვინეს“.

მამაკაცი, რომლის სახელი არ გასაჯაროებულა, ცოლის გარდაცვალებაში ექიმების უყურადღებობას და სიზარმაცეს ადანაშაულებს.

იონიტა უფრო მკაფიოდ ლაპარაკობს პრობლემაზე. „საავადმყოფოს მენეჯერები პოლიტიკურად არიან დამოკიდებული და, რაც კიდევ უარესია, ჯანდაცვის სფეროს ადგილობრივი მესვეურები, რომლებიც, თეორიულად, ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლს უნდა ექვემდებარებოდნენ, პოლიტიკურმა პარტიებმა შეარჩიეს და თავიანთ თანამდებობებზე დასაძინებლად დანიშნეს“, - უთხრა ანალიტიკოსმა რადიო თავისუფლებას.

იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც საავადმყოფოში კორონავირუსი შეეყარათ, არის ღეორღე ფლუტური, სუჩავას მხარის საბჭოს ხელმძღვანელი და რუმინეთის ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი.

„ეს შეიძლებოდა რუმინეთში ყველგან მომხდარიყო - დამბოვიტაში, კონსტანტაში. არ გაუმართლა სუჩავას, რადგან ეს პირველად აქ მოხდა“, - ამბობს იონიტა.

ექსპერტთა ვარაუდით, პანდემია, რომელიც რუმინეთში შედარებით გვიან დაიწყო, აპრილში გაუარესდება, თუმცა ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ პიკი ამის შემდეგ მალე გადაივლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG