Accessibility links

რუსეთის პატრიარქს ბრილიანტებიანი საათი უპოვეს


რუსეთის პატრიარქი, კირილე, რომელმაც თავის ძვირად ღირებულ უცხოურ საათებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ პირობაც კი დადო, რომ „მხოლოდ რუსული იაფი საათით“ ივლიდა, კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მის მაჯაზე ისევ რამდენიმეათასდოლარიანი საათი შენიშნეს.

როგორც საგამოძიებო პროექტი „ღია მედია“ («Открытые медиа») წერს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავარი ატარებს ფირმა Ulysse Nardin-ის წარმოების საათს, რომლის ღირებულება სულ მცირე 16 ათას დოლარს შეადგენს.

ზნეობრივი ფასეულობები და ბრილიანტის თვლები

ძალზე ნიშანდობლივია, რომ ამ მოდელის საათით, როგორც რუსი ჟურნალისტები წერენ, პატრიარქი კირილე მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის საბჭოში 2018 წელს გამართულ ღონისძიებაში, სახელწოდებით „ზნეობრივი ფასეულობები და კაცობრიობის მომავალი“.

Ulysse Nardin Dual Time-ის მოდელი, რომელიც ორი წლის წინ რუსეთის პატრიარქის მაჯას ამშვენებდა, 2005 წელს არის გამოშვებული, მორთულია ბრილიანტებით და აქვს ნიანგის ტყავისაგან დამზადებული სამაჯური.

ასეთი საათი, როგორც ირკვევა, ამჟამად აღარ იწარმოება, თუმცა მისი ყიდვა კვლავაც შეიძლება ინტერნეტის საშუალებით, სადაც მითითებულია ამ მდიდრული ნივთის ღირებულებაც.

უფრო მოკრძალებული, დაახლოებით ათასი დოლარის (55 850 რუბლის) ღირებულების, ფინური Suunto 9 BARO Titanium-ის ფირმის სპორტული საათით მივიდა რუსეთის პატრიარქი 2019 წლის ნოემბერში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ რუსული სიტყვიერების საზოგადოების (Общества русской словесности) მეორე ყრილობაზე,.

საინტერესოა, რატომ აირჩია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ტიტანისაგან გაკეთებული საათი, რომელიც ძირითადად სპორტსმენებისათვისაა განკუთვნილი. ამ მოდელის საათით შეიძლება წყალში 100 მეტრის სიღრმეში ჩაყვინთვა, საათი ზომავს წნევას და შეუძლია მოახლოებული შტორმის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიწოდებაც.

ამ შეკითხვაზე პროექტ „ღია მედიის“ ჟურნალისტებმა რუსეთის საპატრიარქოს პრესცენტრიდან პასუხი ვერ მიიღებს.

„ყუთში შენახული“ Breguet-ის კვალი

კიდევ უფრო ადრე, 2012 წელს, პატრიარქი კირილე „ეპოქალურ სკანდალში“ გაეხვია.

იმხანად ინტერნეტში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც უკრაინაში 2009 წელს მყოფ მღვდელმთავარს 30 ათას დოლარად შეფასებული შვეიცარიული Breguet-ის ფირმის საათი ამშვენებდა.

მაგრამ, როგორც კი ამ ფაქტს დიდი ხმაური მოჰყვა, საპატრიარქოს ოფიციალური ვებსაიტის გვერდზე გამოქვეყნებულ საარქივო ფოტოზე კირილეს მაჯიდან საათი გაქრა. თუმცა, ფოტოს „დამუშავების“ მიუხედავად, მაინც შესამჩნევი იყო მაგიდის პრიალა ზედაპირზე დარჩენილი პატრიარქის საათის ანარეკლი.

ამიტომ რუსეთის საპატრიარქომ, რომელიც თავდაპირველად უარყოფდა პატრიარქის მაჯაზე ძვირად ღირებული საათის არსებობის ფაქტს, შემდეგ ბოდიში მოიხადა ფოტოგრაფის მიერ საარქივო ფოტოს რეტუშირებისათვის.

ეს ისტორია მოგვიანებით კრემლის პროპაგანდის განსახილველ თემად იქცა.

პატრიარქ კირილეს, როგორც ეს საავტორო შოუში განაცხადა კრემლის მომხრე ტელეწამყვანმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა, Breguet-ის ფირმის საათი მართლა ჰქონია, მაგრამ, როგორც ჟურნალისტი ამტკიცებდა, პატრიარქი მას არ იკეთებდა და, სხვა საჩუქრებთან ერთად, ყუთში ჩადებულს, სახლში ინახავდა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის მიერ ნაჩუქარი „რუსულღერბიანი იაფი საათი უკეთიაო“, - აცხადებდა მაშინ ვლადიმირ სოლოვიოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG