Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში ორი მუშა გადმოვარდა შენობიდან, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა


11 დეკემბერს რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ორი მუშა გადმოვარდა შენობიდან. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

1990 და 1992 წელს დაბადებული მუშები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, პაპუნა ბახტაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ისინი ე.წ. სამშენებლო კალათიდან გადმოვარდნენ.

„ერთ-ერთს მუცლის ღრუში აღენიშნებოდა სისხლდენა, რის გამოც ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. გარდა ამისა, დამტვრეული აქვს მენჯის ძვლები, მიღებული აქვს თავის ტრავმა, თუმცა ტვინი დაზიანებული არ აქვს. ხვალ განმეორებით ჩაუტარდება ტომოგრაფიული გამოკვლევა“, - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ. მისივე თქმით, ოპერაციაგადატანილი ამჟამად მართვით სუნთქვაზეა.

მთავარი ექიმის თქმით, მეორე მუშას მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნება, ამჟამად იმყოფება პირველადი დახმარების განყოფილებაში და არის დაკვირვების ქვეშ.

კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. ცვლიან ფასადებს, აგებენ ახალ ასფალტს, ცვლიან სანიაღვრე და წყალგაყვანილობის სისტემებს.

შს სამინისტროს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია შრომის დაცვის კოდექსის 170-ე მუხლით (შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG