Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 ოქტომბერს


პასუხი პრემიერს რუსთავის ციხიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ასი პროცენტით ადასტურებს“, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინას არ გადასცემენ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მედიასთან კომენტარში მან ასევე დაამატა, რომ ექსპრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი არწმუნებდა. გარდა ამისა, ისიც აღნიშნა, რომ სააკაშვილის თანაგუნდელსა და ენმ-ის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას „ყველაზე მეტად გაუხარდა“ მისი დაჭერა.

პრემიერის განცხადებებს მედიასთან ციხიდან მალევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. მესამე პრეზიდენტმა წერილის საშუალებით ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა:

ბინძური მოშეს ახალი მესიჯბოქსია, რომმელიას გაუხარდა მიშას დაჭერა“. სწორედ, მელია და მე ვიქნებით, ქართველ ხალხთან ერთად, რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან. უმოკლეს დროში ვიხსნით ქვეყანას ერთად, მე და მელია“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

როგორია პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, სისხლის ქრონიკული დაავადების ფონზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად დამძიმების რისკის მიუხედავად.

მსჯავრდებულის პირადმა ექიმმა 10 ოქტომბერს თქვა, რომ მისი პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა 11 ოქტომბერს ციხიდან ადვოკატებმა გამოიტანეს ამბავი, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმავეს ამბობს სპეციალური პენიტენციური სამსახურიც, იუსტიციის მინისტრი კი აცხადებს, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების უფლებას არავის მისცემს.

ჰემატოლოგებმა განუმარტეს რადიო თავისუფლებას, რომ თალასემიის (სისხლის ქრონიკული დაავადება) ფონზე შიმშილობამ შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს და მდგომარეობა სწრაფად დამძიმდეს. თავად სააკაშვილი მანამდე აცხადებდა, რომ უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე იმ შემთხვევაშიც, თუკი გონებას დაკარგავს.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საქართველოში 4 000-ც კი არ არის ვაქცინაციის ბოლო, დღიური მაჩვენებელი

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 874 845 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 000 785 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35.2%. სრულად ვაქცინირებულია 874 060 - მოზრდილი მოსახლეობის 30.6%.

10 ოქტომბერს, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 3 442 ადამიანი. სპეციალისტების შეფასებით, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი ოპტიმიზმის საფუძველს ვერ იძლევა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამ კუთხით ქვეყანაში რთული ვითარებაა.

„თუ ჩვენ ასეთი აბსურდის თეატრი გავაგრძელეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ცენტრები, ავტობუსები, ბინაზე ვაქცინის შეთავაზება და ამ პირობებში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი. ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე“, - თქვა ცერცვაძემ.

სიახლეები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ წაიკითხე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ევროკავშირმა კიდევ 8 რუს მოხელეს დაუწესა სანქციები უკრაინის გამო

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის კიდევ 8 მოქალაქეს დაუწესა შეზღუდვები იმ პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.

ადრე არსებულ სანქცირებულ პირთა სიას დაემატა სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები: მოსამართლეები, პროკურორები და სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში საოკუპაციო რეჟიმის დამყარებაში.

წაიკითხე მეტი.

აშშ-მა განაცხადა, რომ თალიბანთან მოლაპარაკება „გულახდილი და პროფესიონალური“ იყო

აშშ-მა პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა თალიბანის წარმომადგენლებთან თავისი დელეგაციის შეხვედრის შემდეგ, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, დენ პრაისის თანახმად, შეხვედრა „გულახდილი და პროფესიონალური“ იყო და მიეძღვნა უსაფრთხოების, ტერორიზმის და სხვა საკვანძო საკითხებს, რომლებიც ავღანეთს უკავშირდება. პრაისის თანახმად, „აშშ-ის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების და ტერორიზმის პრობლემებზე, ასევე აშშ-ის, სხვა უცხო სახელმწიფოების და ჩვენი ავღანელი პარტნიორების უსაფრთხო მოძრაობაზე“. პრაისმა ასევე თქვა, რომ მოლაპარაკებისას შეეხნენ „ადამიანის უფლებებს“, სხვათა შორის, ავღანეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალებისა და გოგონების მონაწილეობას. მხარეებმა განიხილეს აშშ-ის მიერ ავღანელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხიც.

წაიკითხე მეტი.

როდემდე მოახერხებენ მოსწავლეები სწავლის კლასებში გაგრძელებას?

„თუკი მასწავლებელი დაინახავს, რომ რომელიმე მოსწავლეს ნიღაბი აქვს ჩამოწეული - ცხვირი უჩანს, ან, მაგალითად, ნიკაპზე უკეთია ნიღაბი - მაშინვე შენიშვნას გვაძლევს“, - გვეუბნება მეთორმეტეკლასელი სალი, რომელმაც სწავლების დასწრებული მეთოდი აირჩია და უკვე ერთი კვირაა, თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გაკვეთილებს კლასში ესწრება. სალიმ არ იცის, როგორ და რა სიხშირით ხდება მისი საკლასო ოთახის დასუფთავება-დეზინფექცია. მას ეს პროცესი არ დაუნახავს: შეიძლება, სანამ მივალთ, მანამდე ასუფთავებენ. შესვენებებზე, კლასის დასალაგებლად არავინ შემოსულა“.

სალის მეექვსეკლასელი ძმა, სანდრო, ონლაინრეჟიმში აგრძელებს სწავლას. დღეში სამი გაკვეთილი უტარდება. თითო გაკვეთილი ნახევარ საათს გრძელდება. სანდროს მშობლები წუხან, რომ გაკვეთილები ან ცდება, ან მასწავლებლები დაგვიანებით შედიან და ისედაც მოკლე დროში, ახალი მასალის ახსნა და ბავშვების გამოკითხვა ვეღარ ესწრება.

უკანასკნელი დღეებია მზარდია COVID-19-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა. მზარდია დადებითობის დღიური მაჩვენებელიც. 11 ოქტომბერს ეს მაჩვენებელი თითქმის 9 %-მდე ავიდა. იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო დაწესებულებებში სწავლის განახლების პირობად დასახელებული იყო ვირუსის დადებითობის 4%-იანი მაჩვენებელი, არ არის გამორიცხული, რომ მზარდი სტატისტიკის ფონზე, საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილებას გადახედოს და მოსწავლეებსა და ბაღის აღსაზრდელებს კვლავ სრულად დისტანციურ სწავლებაზე მოუწიოთ გადასვლა.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

თქვენ გადასახადებს იხდით, ისინი არა. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება ამხელს ასეულობით გავლენიანი ადამიანის საიდუმლო ანგარიშებს. მათ შორისაა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც. რა იმალება ოფშორებში?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG