Accessibility links

საგანგებო მდგომარეობა


ავტორი: ედუარდ შავაძე

ჩვენ ვიმყოფებით ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთში. თანამედროვე სამყარო გადაჯაჭვული და აბურდულია ერთმანეთში, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს ხლართები არის მოცემულობა და მას გლობალიზაცია ჰქვია. ამ ეპოქის მნიშვნელოვნება იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ კორონავირუსის გამო ვანგრევთ გლობალიზაციას და მთლიანად ვცდილობთ ერთმანეთისგან იზოლირებას და ეს არ არის ჩვენი ნება, არამედ ესაა საგანგებო მდგომარეობის შედეგი. ამასთანავე ჩვენ, როგორც ყოფილმა გლობალურმა მოქალაქეებმა შევიძინეთ თვისება: ვიყოთ ყველაზე სწრაფი და მოხელთებული, ვიდრე იყო ადამიანი კაცობრიობის ნებისმიერი ისტორიულ მონაკვეთში.

ეს სისწრაფე და მოხელთებულობა გადაგვარჩენს თუ არა კრონავირუსისგან არ ვიცი, თუმცა მოხელთებულობას და სისწრაფეს მნიშვნელობა აქვს პოსტ კრიზისული სიტუაციის იმ სცენარში სადაც ჩვენ გადავრჩით, რადგან აღნიშნული თვისებები დაგვეხმარება სწრაფად გავაცნობიეროთ და გავაანალიზოთ თუ რა სამყაროს ვაშენებთ, რადგან კორონამდელი სამყარო მთლიანად ჩამოიშლება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ისევ იმავე სამყაროს არ ავაშენებთ, რაც კორონამდე გვქონდა. თუმცა რისი გაკეთებაც მოგვიწევს ესაა შენება. მოხელთებულობა და სისწრაფე კი არის თვისება, რომლის გამოც მე შემიძლია ოპტიმისტური იმედები მქონდეს იმის, რომ ჩვენ უკეთეს სამყაროს ავაშენებთ.

თუმცა რა არის ის, რაც გვაძლევს იმისი თქმის საშუალებას, რომ სამყარო და ამ სამყაროში იგულისხმება მსოფლიო წესრიგი რომელშიც ვცხოვრობდით, დაინგრევა?

მსოფლიო საგანგებო მდგომარეობაშია მიუხედავად იმისა, რომელიმე ქვეყანამ იურდიულად დაამტკიცა თუ არა საგანგებო მდგომარეობა. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ებრძვის კორონავირუსს და ამ ქვეყნებში არის სიტუაცია, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ საგანგებო მდგომარეობა და ეს მოცემულობა თავის მხრივ გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ მსოფლიო არის საგანგებო მდგომარეობაში.

თანამედროვე დასავლური სამყარო, როგორც ლიბერალურ დემოკრატიული სამყარო წარმოდგენილი იყო, როგორც ტოტალიტარიზმის საპირწონე სისტემა. გარკვეულ ეტაპზე ეს ტოტალიტარული სისტემა იყო ფაშიზმის და ნაციზმის ან კომუნიზმის სახით და ბევრმა მოაზროვნემ მე-2 მსოფლიო ომის შედეგები და 90’-იანებში საბჭოთა კავშირის დანგრევა ჩათვალა ისტორიის დასრულად, სადაც ლიბერალურმა დემოკრატიამ გაიმარჯვა, თუმცა შემდეგში აღნიშნეს რომ ისტორია მთლად დასრულებულიც არ იყო და ლიბერალიზმის გამარჯვებაც არ ჩანდა ისეთ ამაღელვებლად, როგორსაც მოველოდით. ამ ადამიანებმა დაუშვეს შეცდომა, რადგან ბრძოლა ლიბერალურ დემოკრატიას თავის მთავარ მოწინააღმდეგის წინააღმდეგ არ მოუგია. ლიბერალიზმმა შეიძლება გაიმარჯვა ფაშიზმზე, გაიმარჯვა ნაციზმზე, გაიმარჯვა კომუნიზმზე მაგრამ ეს სისტემები არ არიან ლიბერალიზმის მთავარი მოწინააღმდეგენი.

ლიბერალიზმის მთავარი მოწინააღმდეგე არის საგანდგებო მდგომარეობა. პოლუსის ერთ მხარეს თუ ლიბერალური დემოკრატიაა, მეორე მხარეს საგანგებო მდგომარეობაა, თუ ლიბერალური დემოკრატია თავის თავში ათავსებს: კონსერვატიზმს, სოციალ დემოკრატიას ან/და ლიბერტარიანიზმს, სადაც არის სიტუაცია მეტნაკლებად თავისუფალი მდგომარეობის. საგანგებო მდგომარეობაც ამდაგვარად თავის პოლუსზე ათავსებს, კომუნიზმს, ფაშიზმს, ნაციზმს თუ თეოკრატიას, რომლებშიც სოციალურ-პოლიტიკური წესრიგი არის სიტუაცია, სადაც მუდმივი საგანგებო მდგომარეობაა.

რა არის საგანგებო მდგომარეობა?

ტერმინი „საგანგებო მდგომარეობა“ არის საინტერესოდ განხილული კარლ შმიტის თუ აგამბენის წიგნებში, შესაბამისად ვისაც ფილოსოფიური საკითხების ღრმა ანალიზი გაინტერესებთ შეგიძლიათ ამ ფილოსოფოსებს დაუბრუნდეთ, მე კი მსურს გამოვიყენო აგამბენი ჩემთვის გამოსადეგ კონტექსტში.

ჯორჯო აგამბენი თავის წიგნში კარგ მაგალითს განიხილავს საგანგებო მდგომარეობის მრავალფუნქციურობის აღსაწერად: „საგანგებო მდგომარეობის განსაზღვრას ხელს უშლის მისი მჭიდრო კავშირი სამოქალაქო ომთან, აჯანყებასა და წინააღმდეგობასთან. ვინაიდან სამოქალაქო ომი ნორმალური პირობების საპირისპირო ვითარებაა, ის გაურკვეველ მიმართებაშია საგანგებო მდგომარეობასთან – ყველაზე ექსტრემალურ შიდა კონფლიქტებზე სახელმწიფო ძალაუფლების მყისიერ პასუხთან. ამგვარად, მე-20 საუკუნის მანძილზე ჩვენ შევესწარით პარადოქსულ ფენომენს, რომელსაც “კანონიერი სამოქალაქო ომი” ეწოდა (Schnur 1983). მაგალითად, ავიღოთ ნაცისტური სახელმწიფო: როგორც კი ჰიტლერმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლება (ან უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, – როგორც კი მას მიენიჭა ძალაუფლება), 28 თებერვალს, მან გამოსცა დეკრეტი „ხალხისა და სახელმწიფოს დაცვის შესახებ“, რამაც შეაჩერა ვაიმარის კონსტიტუციაში არსებული მუხლების მოქმედება პირადი თავისუფლებების შესახებ. დეკრეტის ანულირება არასდროს მომხდარა. შესაბამისად, იურიდიული თვალსაზრისით, შეგვიძლია მესამე რაიხი განვიხილოთ საგანგებო მდგომარეობად, რომელმაც თორმეტ წელიწადს გასტანა. ამ გაგებით, თანამედროვე ტოტალიტარიზმი შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც საგანგებო მდგომარეობის მეშვეობით „დაკანონებული სამოქალაქო ომის“ რეჟიმი, რომელიც იძლევა არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების, არამედ მოქალაქეთა მთელი იმ ჯგუფების ფიზიკური განადგურების უფლებას, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზით, პოლიტიკურ სისტემაში ინტეგრაციის უუნაროდ მიიჩნევენ. მას შემდეგ, მუდმივი საგანგებო მდგომარეობის შეგნებულად შექმნა (თუნდაც, მისი ფორმალური გამოცხადების გარეშე) თანამედროვე სახელმწიფოების, მათ შორის, ე.წ. დემოკრატიული სახელმწიფოების, ერთ-ერთ არსებით პრაქტიკად იქცა.

საინტერესო ფაქტია, როცა 1811 წლის 24 დეკემბერს ნაპოლეონის მიერ გამოცემულ დეკრეტს. დეკრეტი იმპერატორს უფლებას აძლევდა, გამოეცხადებინა ალყის მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა ქალაქი საფრთხის ან მტრის პირდაპირი თავდასხმის წინაშე.

მსოფლიოს ყველა ქვეყნის კონსტიტუცია განიხილავს საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებაის შესაძლებლობას, შესაბამისად თუ ლიბერალიზმის მთავარი მტერი საგანგებო მდგომარეობაა და ეს საგანგებო მდგომარეობა შესაძლებელია ლიბერალურ ქვეყნებში, ეს შესაძლებლობა ნიშნავს ლიბერალიზმის დამარცხების შესაძლებლობას, არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, თუმცა არის ფაქტი.

იგივე აგამბენი თავის წიგნში მოიხმობს სხვა თეორეტიკოსების (ტინგსტენი) არგუმენტს. ტინგსტენის წიგნი მხოლოდ აღწერს ისტორიაში მომხდარ მრავალ შემთხვევას; თუმცა, დასკვნის სახით, ავტორი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულ კონსტიტუციებთან თეორიულად შეთავსებადია სრული უფლებამოსილებით დროებითი და კონტროლირებადი სარგებლობა, “ამ ინსტიტუციის სისტემატური და რეგულარული გამოყენება იწვევს დემოკრატიის „ლიკვიდაციას“ (330).

არ არსებობს არანაირი ინსტიტუციური დაცვის მექანიზმები, რომლებიც

გააკონტროლებს, რომ განსაკუთრებული უფლებამოსილება ნამდვილად კონსტიტუციის დაცვის მიზნით იყოს გამოყენებული. მხოლოდ ადამიანების ერთობლივი ძალისხმევა განაპირობებს იმას, რომ განსაკუთრებული უფლებამოსილება მართლაც ასე იქნას გამოყენებელი... საბოლოოდ, თანამედროვე კონსტიტუციური სისტემების კვაზი-დიქტატორული რეგულაციები, სამხედრო მმართველობა, ალყის მდგომარეობა თუ კონსტიტუციური განსაკუთრებული უფლებამოსილება, ვერ ახერხებს დროებით კონცენტრირებული ძალაუფლების ეფექტურ კონტროლს. შესაბამისად, ყველა ხსენებული წყობილება, ხელსაყრელი გარემოებების დადგომის შემთხვევაში, შესაძლოა, ტოტალიტარულ სტრუქტურად ტრანსფორმირდეს. (ფრიდრიხი 584 გვ).

შესაბამისად თუ დღეს კორონავირუსის გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო არის საგანგებო მდგომარეობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ არის ლიბერალიზმი, არ ვიცი ეს დროებითია თუ არა, მაგრამ ჩვენ შეგვიძია ვთქვათ რომ ამ მომენტისთვის ისტორია შეჩერდა და ამ ისტორიაში ლიბერალიზმის მთავარმა და ნამდვილმა მტერმა საგანგებო მდგომარეობამ გაიმარჯვა, ის ქვეყანა რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს ამ ცდუნებას და საგანგებო მდგომარეობაზე თქვას უარი, იმ ქვეყანაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიბერალიზმმა გაიმარჯვა.

ეხლა მთავარია ვიყოთ წყნარად, დავრჩეთ სახლში და დაველოდოთ, ლიბერალური მიდგომა იქნება წარმატებული თუ საგანგებო მდგომარეობა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG