Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობის ბოლო დღე - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 მაისს


როგორი ეპიდსიტუაცია უნდა იყოს ქვეყანაში, რომ მთავრობამ კვლავ შეგვზღუდოს?

დადასტურებული შემთხვევა - 721

გარდაცვლილი - 12

გამოჯანმრთელებული - 485

კარანტინში - 3614

სტაციონარში - 316

„23 მაისიდან რა ხდება, მანქანებში სამკაციანი შეზღუდვა უქმდება თუ რჩება?“, „მძღოლის გვერდით ჯდომა ისევ გვეკრძალება?“, „საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რას ამბობენ, 23 მაისიდან აღდგება?“ - ეს არის კითხვების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ შეზღუდვების თაობაზე, რომლებიც მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის პარალელურად დააწესა და აგერ უკვე თითქმის ორი თვეა მოქმედებს. ამ კითხვებს კიდევ ერთი მთავარი კითხვა, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების თარიღი ემატებოდა, მაგრამ 21 მაისს, პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, ანუ 23 მაისიდან, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილების საშუალება საღამოს 9 საათის შემდეგ თავისუფლად შეეძლებათ. ანუ, კომენდანტის საათი 23 მაისიდან უქმდება.

აი, დანარჩენ კითხვებზე, იქნება ეს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებისას სამკაციანი შეზღუდვა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება, მთავრობას პასუხი არ აქვს. უფრო ზუსტად, აქვს ძალიან ზოგადი და ბუნდოვანი პასუხი - გააჩნია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას.

ბუნდოვანებას აწ უკვე დაწესებულ და არ გაუქმებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისიც ართულებს, რომ მთავრობა კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, ცვლილებების შეტანას აპირებს. ამ საკითხზე ოპოზიციას საკმაოდ კრიტიკული პოზიცია აქვს. 21 მაისს, კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა პარლამენტს სახალხო დამცველმაც.

წაიკითხე მეტი.

როგორ იხარჯება სახელმწიფოს ფული საეკლესიო ინფრასტრუქტურაზე?

სახელმწიფო ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს საეკლესიო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ამ მსხვილი რეგიონული პროექტების განხორციელებისას მთავრობის ერთ-ერთი მთავრი ინსტრუმენტი მუნიციპალური განვითარების ფონდია.

ბოლო წლებში ფონდი პროექტების მნიშვნელოვან ნაწილს მართლმადიდებელი ეკლესიების გარშემო გეგმავს.

  • წმინდა ნინოს წყარომდე მისაყვანი გზა ბოდბის ეკლესიამდე;
  • პარკინგები და ტურისტული ცენტრები მონასტრებთან;
  • წყლის რეზერვუარები კაცხის სვეტის ბერებისთვის;
  • ხელნაკეთი სუვენირების მაღაზიების მშენებლობა;
  • გალავნების შეკეთება და საფეხმავლო ბილიკები.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ მსხვილი პროექტებისა, რომლებზეც ფონდი მუშაობს და რომელთა ბიუჯეტი, როგორც წესი, რამდენიმე მილიონია ლარია.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

მერაბიშვილი - სად, ვისთან და რანაირად?

ციხიდან 3 თვის წინ გათავისუფლებულმა ვანო მერაბიშვილმა ბევრჯერ თქვა, რომ აპირებს აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას, მაგრამ ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერის პოლიტიკური მომავალი ჯერ ისევ გაურკვეველია. 20 მაისს მისი საიდუმლო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გასცა - მერაბიშვილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიხილავთო. თუმცა პარტიაში ამ ფაქტს არ ადასტურებენ. ბოლო დღეებში გაჩნდა კიდევ ერთი ვარაუდი - შესაძლოა მერაბიშვილმა მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი.

რა შანსები აქვს ვანო მერაბიშვილს პოლიტიკაში - მძიმე ბრალდებებისა და თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ? რა ვერსიები განიხილება მასთან დაკავშირებით? რას ფიქრობენ მერაბიშვილზე მშობლიურ სამცხე-ჯავახეთში? პასუხები ამ კითხვებზე წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

პარლამენტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მეორე მოსმენა გაიმართება

დღეს პარლამენტის საგანგებო პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენა გაიმართება კანონპროექტისა, რომელიც მთავრობას საკანონმდებლო ორგანოს გარეშე აძლევს საშუალებას შეზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე.

გუშინ პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს (80 მომხრე, 3 წინააღმდეგი). მის მიღებამდე სამი მოსმენა უნდა გაიმართოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განმარტა, რატომ არის საჭირო „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა. მისი თქმით, ცვლილება იმოქმედებს მხოლოდ ეპიდემიის პირობებში და როგორც კი ის დასრულდება, აქტუალობას დაკარგავს ნორმები, რომლებსაც პარლამენტი იღებს. „ჩვენ გვაქვს სამი ვარიანტი - გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, მივუშვათ ვირუსი, მესამე - ამ კანონის მიღება. მოდით მოვუწოდოთ ოპოზიციას აირჩიოს ერთ-ერთი ამ სამიდან, რადგან მეოთხე არ არსებობს“, - თქვა კობახიძემ და ოპოზიციას მოუწოდა, ხვალამდე იფიქროს და რომელიმე აირჩიოს.

წაიკითხე მეტი.

მთავრობა სამშენებლო ბიზნესის მხარდაჭერის გეგმას წარადგენს

დღეს მთავრობა მორიგ პრეზენტაციას გამართავს. ამჯერად იგეგმება სამშენებლო ბიზნესის მხარდაჭერის გეგმის წარდგენა. Bm.ge-ს ინფორმაციით, მთავრობა ამ სექტორში სესხების სუბსიდირებას აპირებს თუმცა უცნობია რა მოცულობის იქნება ის და რა ხანდაზმულობის სესხებზე გავრცელდება.

ამ თვეში მთავრობამ უკვე გამართა განათლებისა და ტურიზმის სექტორების ანტიკრიზისული გეგმების პრეზენტაციები, რაც გულისხმობს სექტორებში გადასადგმელ ნაბიჯებს COVID-19-ის კრიზისის შემდეგ.

აბსურდის „მარგალიტები“ ცხინვალიდან - დეზინფორმაციული შტურმი ლუგარის ცენტრსა და საერთაშორისო დამკვირვებლებზე

კვირა ისე არ გავა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტმა ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებ ნეგატიური ინფორმაცია არ გაავრცელოს და ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოდან მომდინარე ეგრეთ წოდებული საფრთხეების შესახებ არ გააფრთხილოს. მაგრამ ამ ტექსტებში იმდენად დაუჯერებელი და აბსურდული ამბებია მოთხრობილი, რომ საუკეთესო ფანტასტ მწერლებსაც კი გააკვირვებდა. ავიღოთ, თუნდაც, 21 მაისს გავრცელებული განცხადება. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ამ განცხადების მიხედვით, ლუგარის ცენტრის წარმომადგენლები ისევ ცდილობენ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან“ ბიოლოგიური მასალის აღებას.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი წერს, რომ რამდენიმე დღის წინ „სამხრეთ ოსეთი-საქართველოს საზღვარზე დასახლებული პუნქტის, უისტის, რაიონში დააფიქსირეს ქართული კერძო სამედიცინო კლინიკა Private-ის ავტომობილის არასანქცირებული გამოჩენა“.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, მეორედ კლინიკის ავტომანქანა დააფიქსირეს სოფელ ჩორჩანასთან, სადაც ქართული პოლიციის საგუშაგო მდებარეობს და ორივე შემთხვევაში ავტომობილებს თან ახლდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ავტომანქანები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ქართველი მედიკოსების ფარულ გადაადგილებას „სახელმწიფო საზღვრის“ ხაზზე, მათ შენიღბვას, დაცვას და უკან დაბრუნებას.

წაიკითხე მეტი კონსპირაციის თეორიებზე ოკუპირებული რეგიონიდან, გოგა აფციაურის სტატიაში.

ძალადობა, ალკოჰოლი, აზარტული თამაშები - როგორ ცხოვრობენ მოზარდები საქართველოში

გამოქვეყნდა მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გლობალური კვლევა, რომელშიც საქართველოც მონაწილოებდა. კვლევის ფარგლებში 11, 13 და 15 წლის მოზარდებს 44 კითხვისგან შემდგარ თვითშეფასების კითხვარს ავსებინებდნენ. მასში ჩართული იყო 45 ქვეყანა. კვლევაში საქართველიდან 4 235 ბავშვი მონაწილეობდა 123 სკოლიდან, გლობალურად 227,441 მოზარდი.

კვლევის შედეგებმა საქართველოში აჩვენა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრობლემაა თინეიჯერებში. ამის გარდა, მოზარდების ნაწილმა აღნიშნა, რომ ხშირად აქვთ თავის ტკივილი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. კვლევამ დაადგინა, რომ:

  • რეგულარულად მოზარდებს შორის კბილების გახეხვა, პრობლემური საკითხია საქართველოში.
  • ბულინგის ფენომენი საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში.
  • მოზარდებში ფიზიკური დატვირთვა არასაკმარისია.
  • 11-15 წლის მოზარდების 7%-ს აქვს ქრონიკული დაავადება, ინვალიდობა. უფრო მეტიც, მოზარდების 6.1% მედიკამენტებს იღებდა ქრონიკული დაავადების გამო. შემთხვევების 3.1%-ში, დაავადებებმა გავლენა მოახდინა სკოლაში დასწრებასა და სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე.

წაიკითხე მეტი.

  • „სახელმწიფო დასაფლავება“ ჰქვია უკრაინელი რეჟისორის სერგეი ლოზნიცას ახალ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც გამოყენებულია საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის გლოვისა და დასაფლავების ამსახველი, დღემდე გამოუქვეყნებელი კადრები.
  • სამგლოვიარო შეხვედრები გაიმართა ფაბრიკა-ქარხნებში, კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში, ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე, ყველგან - მთელ საბჭოთა კავშირში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG