Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო რეჟიმი გრძელდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 22 აპრილს 


საგანგებო მდგომარეობა და ვირუსის საფრთხეები ქვეყანაში

დადასტურებული შემთხვევა - 408

გარდაცვლილი - 4

გამოჯანმრთელებული - 97

კარანტინში - 5015

სტაციონარში - 573

გადაადგილების შეზღუდვა ორშაბათიდან მოიხსნება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„უკვე ორშაბათიდან, 27 აპრილიდან, დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან, სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით, 2-3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელებას და ეკონომიკური აქტივობებისთვის და ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობას“, - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვირუსის გავრცელების პიკი ჯერ არ დამდგარა, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას ახსენებენ, რომ მნიშვნელოვანია, პაციენტების რაოდენობამ ჯანდაცვის სისტემის ლიმიტებს არ გადააჭარბოს.

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სამედიცინო სისტემა მომსახურების იმ მოდელს, რასაც დღეს სთავაზობს კორონავირუსით COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტს, შეინარჩუნებს ერთდროულად 1600 ინფიცირებულის მომსახურების პირობებში.

თენგიზ ცერცვაძემ გუშინ მედიკამენტ პლაქვენილის გამოყენების შესახებაც გააკეთა კომენტარი, რომლითაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილს მკურნალობენ.

ცერცვაძის თქმით, გამორიცხულია კორონავირუსით ინფიცირების დროს ექიმმა უსიმპტომო პაციენტების სამკურნალოდ პლაქვენილი გამოიყენოს.

„შეიძლება ვიღაცა ექიმმა ჩათვალოს, რომ მაინც სჭირდება და ვიღაცამ ჩათვალოს, რომ არ სჭირდება... მსუბუქი და საშუალო სიმპტომებიანს, შეიძლება ექიმმა გადაწყვიტოს, მისცეს, რომ მალე გამოჯანმრთელდეს. პლაქვენილი რას შვება? - ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ამსუბუქებს ვირუსის განდევნას. ამაში არაფერი შავდება“, - ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თენგიზ ცერცვაძის განცხადებები მოჰყვა ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის, ზურაბ გურულის ფეისბუკპოსტს და შემდეგ მედიასა და სოციალურ ქსელებში დაწყებულ დისკუსიებს მკურნალობის ქართული პროტოკოლის დეტალებზე.

წაიკითხე მეტი.

პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ იწყებს მსჯელობას

პარლამენტი დღეს დაიწყებს მსჯელობას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თაობაზე. საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ პარლამენტი საგანგებო სესიის ფარგლებში 22 და 23 აპრილს შეიკრიბება და იმსჯელებს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე, ასევე, განიხილავს იმ კანონპროექტებს და ხელშეკრულებებს, რომელიც პანდემიის პირობებში შექმნილი ვითარების გამო აუცილებელია.

გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა ბრძანება საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ. პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გაგრძელების გადაწყვეტილება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებით ახსნა. მისი შეფასებით, არსებული ვითარება არ იძლევა ყურადღების მოდუნებისა და შეზღუდვების ნაადრევად მოხსნის საშუალებას.

გუშინ პროცედურები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განმარტა და დააზუსტა, რომ პრეზიდენტის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე საგანგებო რეჟიმი უწყვეტად გაგრძელდება.

„საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. თუმცა ერთი დეტალი მინდა დავაზუსტო - არსებული რეჟიმი უწყვეტად გაგრძელდება და საგანგებო მდგომარეობა გაგრძელებულად ჩაითვლება პრეზიდენტის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემისთანავე. შესაბამისად, დღეს, ღამის 12:00 საათის შემდეგაც, ჩვეულებრივ გაგრძელდება საგანგებო რეჟიმი, პარლამენტი ხვალ დილიდანვე შეიკრიბება და საგანგებო რეჟიმის გაგრძელებას მხარს დაუჭერს, თუმცა პარლამენტის შეკრებამდეც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაგრძელებული იქნება“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

გაეროს გაფრთხილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო შეიძლება მსოფლიოში შიმშილის დონე გაორმაგდეს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის თანახმად, რიცხვი იმ ადამიანებისა მსოფლიოში, რომლებიც შიმშილობენ, შეიძლება თითქმის გაორმაგდეს და მეოთხედ მილიარდს გადააჭარბოს. ამის მიზეზად უწყება კორონავირუსის აფეთქების შედეგად ეკონომიკურ ჩავარდნას ასახელებს.

მეოთხე წლიური გლობალური ანგარიშის გამოქვეყნებას 21 აპრილს, გაერომ გაფრთხილებაც მოაყოლა. „COVID-19-ის შედეგად, რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებიც მწვავე სასურსათო კრიზისის წინაშე არიან, შეიძლება გაიზარდოს 265 მილიონამდე, ანუ 130 მილიონით მეტი იქნება, ვიდრე 2019 წელს, როცა ეს მონაცემი 135 მილიონს უდრიდა“, წერს უწყება თავის ანგარიშში. ანგარიშის ავტორების დასკვნით, მოშიმშილეთა რიცხვი იზრდებოდა უკვე შარშან, კორონავირუსის გავრცელებამდე.

წაიკითხე მეტი.

ბიძინა ივანიშვილის პირველი TikTok-ი!

ყველა ოპერატორი დაკავებულია, სცადეთ მოგვიანებით - როგორ მუშაობს 144

ქვეყანაში კომენდანტის საათის გამოცხადებასთან ერთად, 31 მარტიდან მთავრობამ მოქალაქეებს ამცნო, რომ იქმნებოდა ერთიანი ცხელი ხაზი, რომელიც გადაუდებელი საჭიროებების შემთხვევაში მათთვის საშვებს გასცემდა. მოგვიანებით, 17 აპრილიდან ქალაქში ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ნებართვა ამ შემთხვევაშიც ცხელი ხაზის - 144-ის საშუალებით უნდა მიეღოთ.

„ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მოგვიანებით“, - ისმის 144-ზე დარეკვის დროს. ცხელ ხაზზე დაკავშირება მარტივი არაა - შესაძლოა, ათეულობით მცდელობამ ისე ჩაიაროს, რომ ოპერატორს ვერ დაუკავშირდე. თუ საშვი ღამით გახდა საჭირო, 12 საათის შემდეგ 144-ის ოპერატორები აღარ მუშაობენ.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, 144-ზე დაკავშირება ვერ შეძლო მიშა კაჭკაჭიშვილმაც. საშვის არქონის გამო ქუჩაში მოძრაობისთვის კი 3000 ლარით დააჯარიმეს. როგორც ის ამბობს, მომაკვდავი ლეკვი ვეტექიმთან მიიყვანა, წამოსვლისას კი დააჯარიმეს.

„ფიზიკურად შეუძლებელია ამ ნომერზე დარეკვა. თუ ვინმე მეტყვის, რომ დარეკა, ტაშს დავუკრავ… როცა მივხვდი, რომ საათები გრძელდებოდა მცდელობა, წავედი მანქანით“, - ჰყვება ის.

მისი თქმით, ის კრიმინალური პოლიციის თანდასწრებითაც ცდილობდა 144-ზე დარეკვას, თუმცა პასუხად მიიღო, რომ „მათი საქმე არაა“.

რას ამბობს მთავრობის ადმინისტრაცია ცხელი ხაზის მუშაობის შეფერხებაზე წაიკითხე აქ.

COVID-19-ით დაავადებული ერთი პაციენტის გამო უკრაინის რეგიონალური საავადმყოფოს 25 ექიმი კარანტინში გადავიდა. დნეპროპეტროვსკის საავადმყოფოს კორონავირუსით დაავადებულების განყოფილებას ექიმების სამი ბრიგადა ემსახურება. განყოფილებაში მხოლოდ ერთი პაციენტი წევს, მაგრამ გარშემომყოფების დაავადების რისკის შესამცირებლად, ყველა ექიმი „საშიში ზონიდან“ ნებაყოფლობით გადავიდა კარანტინში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG