Accessibility links

site logo site logo

საელჩოები: დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი+ პირების თანასწორ უფლებებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 მაისს


ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე, საელჩოების ერთობლივი განცხადება და ქუჩების კურთხევა - 17 მაისი საქართველოში

დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით 15-დან 20 მაისამდე თბილისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება.

16 მაისს საქართველოში ლგბტქი+ ადამიანების უფლებების დაცვის საკითხზე ერთობლივი განცხადება რამდენიმე საელჩომ გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), ისინი მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში და ერთიანდებიან, რათა ყველამ იცხოვროს თავისუფალ და თანასწორ გარემოში უსაფრთხოდ და ღირსეულად.

„ლგბტქი+ ადამიანები საქართველოში კვლავ აწყდებიან მიკერძოებას, სტიგმას, შემცირებულ შესაძლებლობებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ასევე ხდებიან ძალადობრივი სიძულვილის და დანაშაულის მსხვერპლი. COVID-19 პანდემიამ უფრო დაუცველნი გახადა ლგბტქი+ პირები, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ წინაშე ადრე არსებულ უსამართლობასა და დაბრკოლებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ღირსეული სამუშაოს მიღების გზაზე. ვაღიარებთ, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას საქართველოში მიიღოს მტკიცე ზომები, რათა დასრულდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაციის ყველა ფორმა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეც აღინიშნება. პანდემიის გამო დაგეგმილი არ არის ფეხით მსვლელობა, თუმცა სასულიერო პირები ქუჩებს აკურთხებენ. პატრიარქის ინიციატივით ოჯახის სიწმინდის დღე 17 მაისს ბოლო 7 წელია აღინიშნება.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ბენიამინ ნეთანიაჰუ: იერიშები ღაზის სექტორზე გაგრძელდება „იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება“

კვირას, ისრაელის ავიაიერიშებს ღაზის სექტორზე კიდევ 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამიზნეები ამჯერადაც რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა იყო.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, პალესტინელი ექსტრემისტების წინააღმდეგ „ამჟამად მიმდინარე კამპანია გაგრძელდება იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების ფონია სიმშვიდის აღდგენისკენ ვაშინგტონისა და გაეროს მოწოდებები. „თქვენ ვერ დაიმალებით ვერც მიწაზე და ვერც მიწის ქვეშ. ხელშეუხებელი არავინაა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ პალესტინელი ექსტრემისტების მისამართით მას შემდეგ, რაც 15 მაისს ისრაელის არმიის მიერ განხორციელებული საავიაციო იერიშების შედეგად გაანადგურეს „ჰამასის“ მეთაურები და სხვა მაღალჩინოსნები, რომლებიც, ისრაელის თანახმად, ღაზის სექტორს აკონტროლებენ.

წაიკითხე მეტი.

ნიკა მელია კიევში სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაემგზავრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ თანახმად, უკრაინაში მასთან ერთად გაემგზავრნენ პარტიის წევრები: კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი.

როგორც „ფორმულას“ უკრაინაში გაფრენის წინ უთხრა ნიკა მელიამ, იგი ექსპრეზიდენტთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებს.

"ორწელიწად-ნახევარია კაცი არ მინახავს და არც მას ვუნახივარ. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩემსა და მას შორის ურთიერთობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ურთიერთგაგება, იქნება ერთიანი სტრატეგია, ხედვა და ვაპირებთ საუბარს, მე ჩემს ხედვას გავაცნობ, ის - თავისას", - უთხრა მელიამ „ფორმულას“.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ერთიანი პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული "შარლ მიშელის დოკუმენტის" ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

წაიკითხე მეტი.

კიევში შესაძლებლად მიიჩნევენ ვიქტორ მედვედჩუკის გაცვლას რუსეთში დაკავებულ უკრაინელებში

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი, შესაძლებლად მიიჩნევს ვერხოვნა რადის სახალხო დეპუტატის, სახელმწიფო ღალატის გამო შინაპატიმრობაში მყოფი, ვიქტორ მედვედჩუკის გაცვლას რუსეთში მსჯავრდებულ უკრაინელებში. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ერთ-ერთ სატელევიზიო პროგრამაში აღნიშნა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, შესაძლებელია თუ არა მედვედჩუკის ან მისი პარტიის სხვა რომელიმე წევრის გაცვლა მათი გასამართლების შემდეგ რუსეთის საპატიმროებში მყოფ უკრაინელებში.

„ასეთ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი იღებს, მე ვფიქრობ, რომ თუ ასეთი შესაძლებლობა იქნება, ჩვენ ამას სიამოვნებით გავაკეთებთ“, - განაცხადა ალექსეი დანილოვმა და დასძინა, რომ სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი მედვედჩუკის საქმეზე.

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ 13 მაისს შინაპატიმრობა მიუსაჯა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „სიცოცხლისათვის პლატფორმის“ პოლიტსაბჭოს წევრსა და ვლადიმირ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკს, რომელიც პროკურატურის მიერ ბრალდებულია „სახელმწიფოს ღალატში“.

წაიკითხე მეტი.

საქართველო კოვიდპასპორტს ქმნის - რა ვიცით, რა არა

ქართული კოვიდპასპორტი იქნება ციფრული მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანი აცრილია კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, აქვს კოვიდტესტის ნეგატიური პასუხი, ან გადატანილი აქვს დაავადება.

უფრო ზუსტად, როგორი იქნება ქართული „მწვანე სერტიფიკატი“ და როდის იქნება ის ხელმისაწვდომი? რადიო თავისუფლებამ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრე ტურძილაძესთან ინტერვიუს საფუძველზე მოიპოვა.

კოვიდსტატუსის შესახებ მოქალაქეები ინფორმაციას მობილური აპლიკაციით წარმოადგენენ. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება უფასოდ Google Play-დან და App Store-იდან.

ასევე, შესაძლოა, შემოიღონ ბეჭდური დოკუმენტი QR კოდით.

როგორ იმუშავებს აპლიკაცია? როგორ იქნება დაცული პერსონალური მონაცემები ჯანმრთელობის შესახებ? რაში გამოადგება მოქალაქეს მწვანე სერტიფიკატი? წაიკითხე მეტი თორნიკე მანდარიას სტატიაში.

ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის, ემზარ ივანიშვილის საეჭვო სქემები. სახელმწიფო მიწის დაკანონება, რომელიც გავლენების გამოყენებაზე მიუთითებს, მიწა კი შემდეგ ემზარ ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფის ხელში გადადის; ასეთი სქემით დაკანონდა მიწები დიღმის ცენტრში და ლისის ტბის მიმდებარედ. "თავისუფლების მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG