Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: არის თუ არა ევროპა ზედმეტად დამთმობი ჩინეთთან?


ახლახან, 24 აპრილს, “ნიუ-იორკ ტაიმსმა” გაავრცელა ცნობა, რომ პეკინისგან მძლავრი ზეწოლის გამო ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა შეარბილეს თავიანთი კრიტიკა ჩინეთის მიმართ ანგარიშში, რომელიც აღწერს მთავრობების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებას კორონავირუსის პანდემიის გარშემო.

ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) ანგარიშის თანახმად, ჩინეთისა და რუსეთის სამთავრობო წყაროები ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ პანდემიის შესახებ. ევროპულ პრესაში ბევრი იწერება პეკინის დეზინფორმაციის კამპანიის მოტივაციაზე და იმაზე, თუ რა რეაგირება უნდა ჰქონდეს ამაზე ევროპას.

უსაფრთხოების ბრიტანელი ექსპერტი და პუბლიცისტი ედვარდ ლუკასი 28 აპრილს ბალტიისპირეთის ახალი ამბების სამსახურის (BNS) ვებსაიტზე აქვეყნებს წერილს, რომელშიც წერს, რომ ბევრს ჯერ კიდევ არ ესმის, თუ რა ძალით ელტვის პეკინი გლობალურ სუპერსახელმწიფოდ გადაქცევას: „ჩინეთის ხელისუფლება თანდათან ავსებს აშშ-ის მიერ დატოვებულ ვაკუუმს და სისწრაფეს კრეფს [ჩინეთის მმართველის] სი ძინპინის მიზნისკენ, რომ 2049 წლისთვის ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო უნდა იყოს. ჩინეთმა არა მხოლოდ თავიდან აირიდა პანდემიასთან დაკავშირებული ბრალდებები, არამედ ის უკვე ქებას იღებს პანდემიასთან ბრძოლისთვის. ... ჩვენ არ გვაქვს სტრატეგია ჩინეთთან მიმართებით - სამაგიეროდ, ჩინეთს აქვს სტრატეგია ჩვენთან დაკავშირებით. დრო ცოტა რჩება. შეხედეთ, როგორც ეპყრობა ჩინეთის ხელისუფლება საკუთარ ხალხს. და შემდეგ წარმოიდგინეთ, როგორ ისურვებდნენ ისინი ჩვენთან მოპყრობას“.

ჩინეთის ფაქტორით დანარჩენი მსოფლიოსთვის შექმნილ საფრთხეზე წერს ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის The Daily Telegraph-ი 26 აპრილს: „ის უარს აცხადებს დაუშვას საერთაშორისო გამოძიება ვირუსის წარმოშობაზე და თავის დიპლომატებსა და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ მედიაკომპანიებს დავალებას აძლევს აწარმოონ დეზინფორმაციის ინტენსიური კამპანია. ... ის უარს იტყვის ხელშეკრულებებით ნაკისრ პასუხისმგებლობებზე. ის დამალავს სიმართლეს. ის შეავიწროებს და დააშინებს თავის მეზობლებს. ის დაიპყრობს საერთაშორისო ინსტიტუტებს და მათ თავისი მიზნებისთვის გამოიყენებს. ის მანამდე გააგრძელებს საერთაშორისო კანონებისა და ნორმების დარღვევას, სანამ თავისას მიაღწევდეს. მისი ნდობა არ შეიძლება, ეს საფრთხეა მსოფლიოსთვის. დროა თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს“.

ყველა ჩინელი ერთნაირად არ უნდა დავახასიათოთო, ასეთი გაფრთხილებით გამოდის შვეიცარიაში გამომავალი, ფრანგულენოვანი ლიბერალური ორიენტაციის გამოცემა Le Temps-ი 25 აპრილს: „ჩნდება იდეოლოგიური კონფრონტაციის საფრთხე. ამის საფასურის გადახდა შეიძლება ზოგადად ჩინელებს მოუწიოთ, რადგან პეკინის კრიტიკოსებს სულ უფრო ნაკლებად აინტერესებთ განსხვავების დანახვა ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობის ქცევას შორის. ... საერთაშორისო დაგმობის მახეში, შესაბამისად, შეიძლება მთელი ხალხი მოექცეს. არადა, სინამდვილეში, ამ მახეზე პასუხისმგებლობა უწინარესად ეკისრება კომუნისტურ პარტიას, თავისი მიზნით, რომ ყველა განსხვავება წაიშალოს სახელმწიფოს, ერსა და ინდივიდს შორის. მას საკუთარი მოქალაქეები ჰყავს მძევლად აყვანილი“.

პეკინი თავისი რეპუტაციისთვის იბრძვისო, წერს ესპანეთში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის La Vanguardia 27 აპრილს: „სი ძინპინის მიერ შემოთავაზებულ იმიჯს ორი სახე აქვს. შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილმა სახემ, რომლის ოფიციალური ნარატივიც მოიცავს ვირუსთან ბრძოლას და მასზე გამარჯვებას, ჩინეთის საზოგადოებაში ნაციონალიზმი გაზარდა. საგარეო სახის მენეჯმენტი კი ჩინეთს გაცილებით უჭირს - აქ კითხვებს უსვამენ ოფიციალურ მონაცემებს, ეჭვით უყურებენ ოფიციალურ ინფორმაციას. ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს ამ აზიელი გიგანტის იმიჯსა და გავლენას. COVID-19-ის შემდგომ მსოფლიოში ჩინეთის როლი ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე ბუნდოვან ცვლადს წარმოადგენს“.

იტალიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის Corriere della Sera 26 აპრილის ნომერში წერს, იტალია ზედმეტად რბილი და უკრიტიკოა პეკინთან მიმართებითო: „ფაქტია, რომ ყალბი ამბების აღმწერი საიტის, EuVsDisinfo-ს მეშვეობით, ევროპამ გადაწყვიტა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგა და ყურადღება აზიის შემთხვევისთვის მიეპყრო. ბევრი წლის განმავლობაში პირველად, დასავლეთის ქვეყნები ერთ პოზიციაზე დგებიან და ჩინეთისგან ინფორმაციას მოითხოვენ. ... მაგრამ იტალია, როგორც ჩანს, ღიად აღიარების გარეშე იზიარებს [პოპულისტური მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“/ „Cinque Stelle“-ს პოლიტიკოსის], ალესანდრო დი ბატისტას შეხედულებას, იმ ადამიანის,რომელიც დარწმუნებულია, რომ დასავლური სამყარო დაეცემა (‘ჩინეთი მესამე მსოფლიო ომს ერთი გასროლის გარეშე მოიგებს’) და ამიტომაც აცხადებს, რომ ამიერიდან იტალია თბილ ურთიერთობაში უნდა იყოს სი ძინპინის ქვეყანასთან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG