Accessibility links

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: ბრიტანეთის პრემიერი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია


ორშაბათს, 6 აპრილის საღამოს, ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, Covid-19-ით დაავადებული ბორის ჯონსონი, სიმპტომების გაუარესების გამო საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. 55 წლის პრემიერის მდგომარეობა გაუარესდაო, იუწყებოდა „დაუნინგ სტრიტი“. პრესა შიშობს, რომ ჯონსონის მიერ ახალი ვირუსის საფრთხის თავდაპირველმა უგულებელყოფამ თავად პრემიერიც და მისი ქვეყანაც საფრთხეში ჩააგდო.

ვირუსს არ აინტერესებს დახვეწილი სიტყვიერი გამოსვლებიო, წერს 7 აპრილს იტალიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის La Stampa და ასკვნის, რომ ბორის ჯონსონს მძიმე საფასურის გადახდა უწევს იმისთვის, რომ შეეცადა უინსტონ ჩერჩილისთვის მიებაძა: „რამდენიმე წლის წინ მან დაწერა წიგნი სათაურით ‘ჩერჩილის ფაქტორი’, რომელშიც გაიხსენა მეორე მსოფლიო ომის წლები და შურით ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გააერთიანა ჩერჩილმა ქვეყანა და როგორ წარუძღვა მას გამარჯვებისკენ, უზარმაზარი მსხვერპლის გაწევით. ჯონსონი თავს რეალურად ამგვარი მენტალობის მემკვიდრედ მიიჩნევს, ის ამას იყენებდა თავის გამოსვლებში ბრექსიტის შესახებ, მაგალითად, ლოზუნგებში „გააკეთეთ ბრექსიტი’/ 'Get Brexit done“. ... შემდეგ მოვიდა კორონავირუსი, რომელმაც ქვეყნის კეთილდღეობასა და მშვიდობას ყველაზე დიდი საფრთხე შეუქმნა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ნეტავ, რას იზამდა ახლა ჩერჩილიო, - ეჭვგარეშეა, ჯონსონმა ეს კითხვა დაუსვა საკუთარ თავს და შემდეგ მის იმიტირებას შეეცადა, მაგრამ მან სათანადოდ ვერ შეაფასა და დასცინა მტერს, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს რიტორიკა“.

ბრიტანეთში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის The Guardian-ი 7 აპრილს აქვეყნებს ჟურნალისტ მარტინ კეტლის მოსაზრებას, რომ ბორის ჯონსონის ავადმყოფობა მესიჯია ყველა ბრიტანელისთვის: „პრემიერ-მინისტრი ავად გახდა რაღაცით, რაც ყველა ჩვენგანს ემუქრება, პირდაპირი მნიშვნელობით. უმეტესი ჩვენგანი განუხრელად იცავს [ვირუსის გამო შემოღებულ] წესებს ... კორონავირუსი მხოლოდ ჩვენს უმცირესობას შეხვდა. ბევრი ჩვენგანი თავის ახლო წრეში არავის იცნობს, ვინც ამის გამო საავადმყოფოში მოხვდა, მაგრამ ჯონსონს ყველა ვიცნობთ. ვიცით, რას თუ ვის წარმოადგენს ის. ჩემმა სამი წლის შვილიშვილმაც კი იცის, რომ მას ბორის ჯონსონმა უთხრა, გარეთ არ გახვიდეო. ჯონსონის სამედიცინო კრიზისი მხოლოდ მისი არ არის. ამ კრიზისს გაცილებით ფართო მესიჯი აქვს, რომელიც მთელ ერს მიემართება. ეს მოულოდნელი, სასტიკი და შემაშფოთებელი მესიჯია. სულერთია, მას ხმა მიეცით თუ არა, ჯონსონი ამ ქვეყნის არჩეული ლიდერია. ის არის ხელმძღვანელი. კრიზისის დროს გადაწყვეტილებებს ის იღებს, მაგრამ ამ კრიზისში ჩვენი პრემიერ-მინისტრი ჟანგბადს იღებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არ შეუძლია უხელმძღვანელოს ქვეყანას“.

ჯონსონის ამბავს პოლიტიკურ ტრაგედიას უწოდებს საბერძნეთში მოქმედი ლიბერალური ორიენტაციის ვებგამოცემა Protagon-ი 7 აპრილის სტატიაში: „ამ მომენტში უადგილოა იმაზე დისკუსია, არის თუ არა ეს კარმული სამართალი ჯონსონისთვის იმის გამო, რომ მან სათანადოდ ვერ შეაფასა ეპიდემიით მოტანილი საფრთხე, უარი თქვა დროულ მოქმედებაზე და გამოიყენა დებატების საგნად ქცეული ‘ჯოგური იმუნიტეტის’ თეორია. მაგრამ მაინც, ეს ნამდვილად არის ეროვნული მასშტაბის პოლიტიკური ტრაგედიის ავისმომასწავებელი ნიშანი, რადგან სწორედ ჯონსონი იყო ის, ვინც - ცინიზმის დოზით - ბრიტანელებს უთხრა, მზად იყავით ახლობელი ადამიანების დაკარგვისთვისო. დედოფლის იმედიანი მიმართვიდან ოცდაოთხი საათის გასვლის შემდეგ ბრიტანეთი ჯანდაცვის უპრეცედენტო კრიზისის შუაგულშია და ამას თან დაერთო კიდევ ერთი პოლიტიკური თავზარი, რადგან თანამედროვე ისტორიაში ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრები არასოდეს ყოფილან ასეთ სუსტ პოზიციაში“.

ირლანდიაში მოქმედი პოლიტიკურად ნეიტრალური ინტერნეტგამოცემა RTE News-ი 6 აპრილს იმ სტრუქტურულ ჩავარდნაზე წერდა, რომელიც ჯონსონის ავადმყოფობამ ბრიტანეთის პოლიტიკურ სისტემაში გამოააშკარავა: „ბატონი ჯონსონის უძლურება ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემისთვის გამოცდა იქნება. ოფიციალურად მინისტრთა კაბინეტი კოლექტიურ გადაწყვეტილებებს იღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ‘პირველია თანასწორთა შორის’, ანუ თეორიულად, სხვა მინისტრებმა, უბრალოდ, მუშაობა უნდა გააგრძელონ. მაგრამ, ცხადია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობამ საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა შეიძინა და ის აშკარად განაგებს მთავრობის მოქმედებას. ვიცე-პრემიერის - მოადგილის - არყოლის პირობებში, სისტემას ახლა მოუწევს იმპროვიზირება და იმედის ქონა, რომ პრემიერ-მინისტრი მალე გამოჯანმრთელდება“.

რუსეთში მოქმედი სახელმწიფო მედიაჰოლდინგის ნაწილი და კრემლის პოლიტიკის ერთგული სააგენტო Ria Novosti კი 6 აპრილის წერილში ჯონსონის ავადმყოფობას აცხადებს არაკომპეტენტურობისა და პიარზე ფიქსაციის შედეგად: „სახეზე მამაცი გამომეტყველების მიღება წამყვან ქვეყნებში უფრო მეტადაა შესამჩნევი, ვიდრე სწორი ნაბიჯების გადადგმის უნარი. ... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემიის დაწყებამდე აშშ და დიდი ბრიტანეთი წამყვან ორ პოზიციაზე იყვნენ ჯანდაცვის უსაფრთხოების შესაძლებლობების გლობალურ შეფასებაში (ჩინეთი 47-ე ადგილზე იყო), მაგრამ შემდეგ დადგა სიმართლის დრო - და დიდად ცივილიზებული ლიდერები ერთმანეთს პარავენ ჩინეთის უკანა ეზოებში შეკერილ დამცველ ნიღბებს, საბრძოლო შეძახილებისა და მეკობრეობის შესახებ ჩივილების თანხლებით. ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან მატულობს და მათი ასე ძალიან უდარდელი ლიდერები საავადმყოფოებში ხვდებიან. თუმცა პიარის მათი მანქანები კვლავ იცინიან - თავდაჯერებას ასხივებენ და აცხადებენ, რომ ‘ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება’“.

პრესის მიმოხილვა მომზადებულია eurotopics.net-ის დაიჯესტის მიხედვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG