Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან?


ევროპის ყველა ქვეყნის მთავრობამ სხვადასხვა ხარისხით შეარბილა დამცავი ზომები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად იყო შემოღებული. ექსპერტები კვლავაც მსჯელობენ, ეს ნაადრევი ხომ არ არის და მოჰყვება თუ არა ამას ინფექციის მეორე ტალღა. ეს დისკუსია, ბუნებრივია, პრესის ფურცლებზეც აისახება.

პოლონეთში გამომავალი მემარცხენე ორიენტაციის Krytyka Polityczna 25 მაისის ნომერში წერს, ვაქცინის დამტკიცებამდე ერთადერთი გამოსავალი ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებააო:

ის, რასაც მთავრობები შეზღუდვებისკონტროლირებულ მოხსნასუწოდებენ, სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა კონტროლირებული გადასვლა ჯოგური იმუნიტეტის მოდელზე, ოღონდ ამას მთავრობები ღიად არ აღიარებენ, გასაგები მიზეზების გამო. არადა, ისიც კი არ ვიცით, აქვთ თუ არა, ან რამდენი ხნით აქვთ იმუნიტეტი იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ვირუსი უკვე შეხვდათ. ამიტომაც, მთავრობებისთვის უკეთესია თავის მიზანს ჩუმად მისდიონ და ხმამაღალ განცხადებებს მოერიდონ იმ იმედით, რომ ვაქცინა მანამდე იქნება მზად, სანამ ინფექცია მოსახლეობის უმეტესობას მოედება.

გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის Süddeutsche Zeitung-ი „ფატალურ შეცდომად“ მიიჩნევს შეზღუდვების კოორდინაციის გარეშე მოხსნას:

ამჟამინდელ ვითარებაში დამთრგუნველი ის არის, რომ ბევრს ზომების შემსუბუქება აფიქრებინებს, ვითარება არც ისეთი მძიმე იყოო. ... მაგრამ ეს მხოლოდ ცნობილ პრევენციის პარადოქსს ირეკლავს, რომლის თანახმადაც, დამცავი ზომების წარმატება მხოლოდ აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ საფრთხე არც ისეთი სერიოზული იყო. ... ეს უცნაურია, რადგან თუკი კოკისპირულ წვიმაში ქოლგის ქვეშ მშრალი დარჩები, ხომ არ მიბრუნდები და არ იტყვი, აბა სად არის წვიმაო. გაკვეთილი, სახელადპანდემია დამწყებთათვის’, რომელსაც პირველი ტალღის დროს დავესწარით, ვერ ვისწავლეთ კარგად.

თუ მართლა ეკონომიკის დაცვა გვსურს, „ლოკდაუნის“ ზომები თანდათან, ნელი ტემპით უნდა შევამსუბუქოთო, წერს ეკონომიკის პროფესორი, სელვა დემირალპი, თურქეთში მოქმედ ბლოგ Yetkin Report-ზე 24 მაისს:

მეორე ტალღის ეკონომიკური საფასური საგრძნობი იქნება. ინფიცირებათა რაოდენობის ზრდის ფონზე, მომხმარებლის თავდაჯერებულობა ფეხს არ იკიდებს და მოთხოვნაც სუსტი რჩება. და ეკონომიკის სასურველი აღდგენაც არ ხდება მაშინაც კი, თუ ბიზნესები გაიხსნება. ნუ დაგვაგვიწყდება, რომ ვირუსი კვლავაც ჩვენს შორისაა. და ვაქცინის გამოგონებამდე მეორე ტალღის საფრთხეს მინიმუმამდე დაიყვანს მხოლოდ სოციალური დისტანცირების წესების დაცვა და სიფრთხილე. სწორედ ეს დაიცავს ჩვენს ჯანმრთელობასაც და ეკონომიკასაც“.

უნგრეთში გამომავალ მემარცხენე ორიენტაციის ყოველდღიურ გამოცემა Népszava-ში უნგრეთის სოციალისტური პარტიის წევრი, ყოფილი პარლამენტარი პეტერ მარფაი აქვეყნებს წერილს, რომელშიც ამბობს, რომ მომავალში ყველაფერზე მნიშვნელოვანი მასობრივი ტესტირება იქნება:

პროცედურების ამჟამინდელი წესები აღარ იქნება გამოსადეგი უფრო საშიშ და მომაკვდინებელ პანდემიებზე რეაგირებისთვის. ... სამომავლო პანდემიებისთვის მთელი მოსახლეობის რამდენიმე ჯერზე ტესტირებით უნდა მოვემზადოთ. ამგვარი, მთელი მოსახლეობის მომცველი, მზადება, უბრალოდ, ორგანიზების საკითხია. ... მეორე ტალღა არის მოვლენა, რომელიც აუცილებლად მოხდება და, ამდენად, ახლა მთავარი თავდადება და ფულია“.

ჩეხეთის მოსახლეობის უმრავლესობას ქუჩაში გასვლისას კვლავ ნიღაბი უკეთია, მიუხედავად იმისა, რომ ამის ვალდებულება 25 მაისს გაუქმდა და ნიღბები მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა განსაზღვრულ სივრცეებში არის საჭირო. ლიბერალური ორიენტაციის Hospodářské noviny 26 მაისის ნომერში ამის მიზეზების დადგენას ცდილობს:

„1. დეზორიენტაცია: წესები მუდმივად იცვლება და ხალხმა, უბრალოდ, ვერ შეამჩნია, რომ ეს წესი გაუქმდა.

2. ინერცია: ადამიანებს ახასიათებთ რუტინის შენარჩუნების ტენდენცია მაშინაც კი, თუკი ეს საჭირო აღარ არის.

3. შიში: იტალიაში, ესპანეთსა და აშშ-ში ეპიდემიის კატასტროფული შედეგები მყარად ჩაიბეჭდა ადამიანების ტვინებში.

4. პასუხისმგებლობის განცდა: ზოგიერთს (სწორად) სჯერა, რომ ნიღბები სხვებს იცავენ ინფიცირებისგან. ... ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კარგი ამბავია ის, რომ ახლა თავად ხალხს შეუძლია გადაწყვიტოს როგორ გამოიყენოს ნიღაბი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG