Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: პანდემია და რელიგიის თავისუფლება


ბულგარეთი
ბულგარეთი

მოახლოვდა აღდგომა, ქრისტიანების ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, მაგრამ წელს ვითარება ძალიან განსხვავებული იქნება. ფიზიკური დისტანცირების წესებისა და საგანგებო მდგომარეობის გამო, ბევრ ქვეყანაში ეკლესიები დახურულია და მსახურება არ ჩატარდება. ბევრი ეკლესია ონლაინმსახურებას მართავს, რომის პაპი რომიდან განახორციელებს ინტერნეტსტრიმინგს. საერთაშორისო მედიაში იწერება იმ გავლენაზეც, რომელსაც კარანტინი ახდენს მორწმუნეებზე.

პოლონეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Polityka 7 აპრილის ნომერში წერს, რომ წელს აღდგომა უფრო მშვიდი და რეფლექსიური იქნება, რაც მას, გარკვეულწილად, თავდაპირველ მნიშვნელობას დაუბრუნებს: „ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს მათი ცხოვრების ყველაზე უცნაური აღდგომაა, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ იძულებითმა იზოლაციამ და თანდართულმა რიტუალებმა ეს დღეები გაათავისუფლა ყოველდღიური დაძაბულობისა და რიტმისგან. ამით აღდგა ამ დღესასწაულის თავდაპირველი - და არა მხოლოდ რელიგიური - მნიშვნელობა: თვალის გასწორება სიკვდილისა და მარტოობის შიშისთვის, შენი თემისა და სხვა ადამიანების ძიება და განახლების, ხელახალი დაბადების, გადარჩენის იმედი“.

ხორვატიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Jutarnji list-ი 8 აპრილის ნომერში იმ ცალკეულ სასულიერო პირებზე წერს, რომლებიც უარს აცხადებენ დაემორჩილონ წესებს და მაინც ატარებენ მსახურებას: „ასეთ მღვდლებს არ ადარდებთ სწავლება სიყვარულსა და მშვიდობაზე ადამიანებს შორის, ისინი მავნებლები არიან. ეკლესიას შერცხვა. მორწმუნეებს სთხოვეს მიეტევებინათ მამა იოსებისთვის, რომელიც მათ პირდაპირ ინფექციის წყაროსკენ გაუძღვა. მათ უთხრეს, რომ სიბრძნე რელიგიაშიც მნიშვნელოვანია და ადამიანები ერთმანეთს და სხვებს უნდა გაუფრთხილდნენ. მერე კი სხვა მღვდელი გამოჩნდა, რომელსაც უნდა, რომ ხალხი მაინც შეიკრიბოს - ალბათ, საიმისოდ, რომ მათ ზეთისცხების უკანასკნელი რიტუალი ჩაუტაროს და შემდეგ მომაკვდავებთან აღარ მოუწიოს სირბილი“.

ავსტრიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის Die Presse 6 აპრილის ნომერში იმ სირთულეებზე წერს, რომლებიც მორწმუნეებს სოციალური დისტანცირების წესებმა შეუქმნა: „განსაკუთრებით მარხვისა და აღდგომის პერიოდში მსახურების აკრძალვა მნიშვნელოვან სირთულეს უქმნის ეკლესიას. მას ახლა თავისი მნიშვნელოვანი მსახურებების, ლიტურგიისა და საიდუმლოთა შესრულება მხოლოდ გაუცხოებულ პირობებში შეუძლია, მორწმუნეთა თავშეყრის გარეშე. ეკლესიას ესმის ის პრობლემა, რომ ევქარისტიული ზეიმი ვირტუალურად არ გამოვა, რადგან საიდუმლოებებს ფიზიკური მონაწილეობა ესაჭიროება. და ამიტომაც, ეპისკოპოსების კონფერენციის ინსტრუქციები წმინდა კვირის აღსანიშნავად ერთდროულად ფრთხილიც იყო და მკაცრიც, რადგან ვირტუალური მონაწილეობა განსხვავდება ნამდვილისგან“.

აშშ-ის „ნიუ-იორკ ტაიმსი“ 22 მარტს აქვეყნებს წერილს, სათაურით „პანდემიის დროს რელიგია შეიძლება მალამოც იყოს და საფრთხეც“, რომლის ავტორი, ვივიანი, წერს: „მსოფლიოს მასშტაბით მორწმუნეები ეწინააღმდეგებიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა გაფრთხილებებს, რომ საერთო შეკრებები - ბევრი რელიგიური პრაქტიკის ფუნდამენტი - უნდა შეიზღუდოს, რათა ვირუსის გავრცელებას ვებრძოლოთ. ზოგიერთ ადგილას რელიგიურმა აღტყინებამ ხალხს უბიძგა მკურნალობის საშუალებებისკენ, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ მეცნიერებასთან; სხვაგან მორწმუნეებმა წმინდა ადგილებს თუ სალოცავებს მიაშურეს, რამაც შესაძლოა გაზარდოს ინფიცირების საფრთხე. .... თუმცა სოციალურმა დისტანციამ შესაძლოა მორწმუნეებს ღმერთისგან დისტანცირების განცდაც გაუჩინოს. როგორ უნდა მიიღო ქრისტეს სხეული და სისხლი, თუ ზიარების ჭურჭელი თავად შეიძლება იყოს ვირუსის გამავრცელებელი? როგორ უნდა შეიგრძნო ერთობლივი ლოცვის სითბო - გამოცდილება, რომელიც მორწმუნეებს მთელ მსოფლიოში ტაძრებში უყრის თავს - ლაივსტრიმინგის პირობებში ჩატარებული მსახურების ცივი, ლურჯი შუქის ფონზე? ამ კითხვების პასუხად, სულიერი ლიდერები და რელიგიური ინსტიტუტების წარმომადგენლები მორწმუნეებს ურჩევენ, ენერგია საკუთარი თავისკენ, შიგნით მიმართონ“.

პრესის მიმოხილვა მომზადებულია eurotopics.net-ის დაიჯესტის მიხედვით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG