Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: რა გველის ე.წ. ლოკდაუნის შემსუბუქების შემდეგ?


ევროპის ბევრ ქვეყანაში თანდათანობით ამსუბუქებენ ე.წ. ლოკდაუნის შემზღუდველ ზომებს. გაიხსნა მაღაზიები, ბავშვები დაბრუნდნენ სკოლებში, მოქალაქეებს სულ უფრო მეტად შეუძლიათ გარეთ გასვლა. საერთაშორისო პრესაში ბევრს წერენ ამ გარდამავალი პერიოდის საფრთხეებისა და სირთულეების შესახებ.

რუმინეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Ziarul Financiar-ი 11 მაისის ნომერში წერს: „ფანჯრებზე ჩამოფარებული ფარდების უკან ასიათასობით ადამიანია, რომლებმაც სახლებში გამოიკეტეს თავი. როგორ უნდა დააბრუნო ეს ხალხი ქუჩებში, როგორ უნდა გააქრო მათი შიში? ... თქვენ დააცარიელეთ საავადმყოფოები, რათა ადგილი გაგეთავისუფლებინათ ამ ვირუსით ინფიცირებულთათვის. ამ ქვეყანაში სულ მცირე ათასი ადამიანი გარდაიცვალა და, საუბედუროდ და სავარაუდოდ, კიდევ ასობით დაიღუპება. მაგრამ ექიმი, შესაძლოა, ამ პერიოდში კიდევ ასიათასობით ადამიანს სჭირდებოდა და ისინი დახმარების გარეშე დარჩნენ ... ადამიანებისთვის ყველაზე რთული ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება იქნება. თქვენ შესაძლოა თქვათ, რომ შიში ასევე გვიცავს. კი, საკუთარი თავის დაცვა კარგი რამაა, მაგრამ ხელისუფლებას ზედმეტი მოუვიდა“.

ფსიქოლოგიური ფაქტორი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებულიო, წერს ფინეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Satakunnan Kansa 12 მაისს: „ახლა ბევრს ლაპარაკობენ კორონადან გამოსვლაზე. ... მაგრამ ახალ ამბებში აქცენტი ყოველთვის ეკონომიკაზე კეთდება. გასაგებია, რომ ეკონომიკა ხშირად პრიორიტეტული საკითხი ხდება, მაგრამ თუკი ეს გამონაკლისის გარეშე იქნება, ასე კორონავირუსის პერიოდზე ჩვენი საზოგადოების მეხსიერება ძალიან ცივი დარჩება. ცხადია, ნათესავებს სურთ იქ იყვნენ, როცა მათი ოჯახის წევრი კვდება. გვსურს, მათი ხელი გვეჭიროს, თმაზე ვეფერებოდეთ და მათ გვერდით ვიჯდეთ, სანამ ყველაფერი დამთავრდება. ... იმედია, საზოგადოება ფსიქოლოგიურ დახმარებას შესთავაზებს მათ, ვინც ახლა აგონიაშია, მათი საყვარელი ადამიანების უკანასკნელი, მარტოობაში გატარებული წუთების გამო“.

იტალიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის Corriere della Sera 12 მაისს აქვეყნებს ექიმ პაოლო ჯორდანოს წერილს, რომელშიც ის პანდემიის პერიოდის საჯარო ცხოვრებაში მეცნიერების როლს აანალიზებს: „თავდაჯერებულობის ეპოქაში მეცნიერებმა დისკურსის ცენტრში ეჭვი დააბრუნეს. ისინი ცდილობდნენ კითხვებზე ეპასუხათ არა ლოზუნგებით, არამედ ახალი კითხვებით, და ჩვენ დაგვიბრუნეს რაღაცის არცოდნის უკვე აკრძალული კატეგორია. ... თუკი მეცნიერების დადანაშაულება რაიმეში შეგვიძლია, ეს არ იქნება მათი ცოდნის ნაკლებობა ან მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა. პირიქით: ზოგჯერ ისინი საკმარისად არ ცდილობდნენ დაეცვათ ზღვარი ცოდნასა და არცოდნას შორის. სხვა სიტყვებით, მომენტებში ისინი საკმარისად ვერ უძალიანდებოდნენ მედიის მოთხოვნას ‘მოგვეცით იმედი!’“.

თავისუფლებით მოტანილ რთულ არჩევანზე წერს ესპანეთში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული ორიენტაციის La Vanguardia 11 მაისს: „ორი თვის განმავლობაში სახლებში გამოკეტვა მტკივნეული, მაგრამ ადვილი იყო, რადგან ამას ალტერნატივა არ ჰქონდა. ახლა კი ბევრი არჩევანის გაკეთება მოგვიწევს, რაც ნამდვილად არ იქნება იოლი. გავიკეთო ნიღაბი? ხელთათმანები? ჩავიდე მეტროში? დავბრუნდე ოფისში სამუშაოდ? არის თუ არა ეს მცირედი დისკომფორტი საკმარისი მიზეზი საიმისოდ, რომ შიn დავრჩე? მოვინახულო ჩემი მშობლები? დავჯდე კაფეში, თუკი უსაფრთხო დისტანცია არ არის შენარჩუნებული? დავთანხმდე მიწვევას აკრძალულ თავშეყრაზე?“

რაციონალური შიში რაციონალურმა გამბედაობამ უნდა ჩაანაცვლოსო, წერს ხორვატიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Jutarnji list-ი 11 მაისს: „არ უნდა აღმოვჩნდეთ ვითარებაში, როცა მთელი ქალაქები ან რეგიონები იკეტება ერთი დაავადებული ოჯახის გამო. ... ეს შესაძლოა სასტიკად ჟღერდეს, მაგრამ უნდა დავადგინოთ კორელაცია ინფიცირებული ადამიანებისა და საავადმყოფოებში არსებული საწოლების თუ სუნთქვის აპარატების რაოდენობას შორის. არა იმიტომ, რომ ამას ევროპის კომისია გვთავაზობს, არამედ ჩვენ გამო - ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი შვილების მომავლის გამო. ... მკაცრი ეპიდემიოლოგიური ზომების სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება ადვილი იყო. ჩვენ რაციონალური შიში გვმართავდა. ახლა კი მამაცები უნდა ვიყოთ და საფრთხესთან ერთად ვიცხოვროთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG