Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა ამ კვირაში აღდგება - რა არ უნდა გამოგრჩეს 28 მაისს


გახარია: 8 ივნისამდე გაიხსნება მაღაზიები, მეტრო, რესტორნები - როდის და რა პირობებით?

საქართველოში 29 მაისიდან განახლდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა. მათ შორის მუშაობას განაახლებს თბილისის მეტრო.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მუნიციპალურ ტრანსპორტში სავალდებულო იქნება ნიღბის გამოყენება. "ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები, ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, გაიხსნება სასტუმროები რომლებსაც გავლილი აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება და გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

საქართველო ემზადება ტურისტების მისაღებადაც. გუშინ პრემიერმა პარლამენტში თქვა, რომ ქვეყანაში ამოქმედდება ე.წ კოვიდ პასპორტები, რომლის საფუძველზეც ქვეყანა მიიღებს ტურისტებს.

წაიკითხე მეტი.

გიორგი გახარიამ გუშინ პარლამენტის წინნაშე გამოსვლისას უპასუხა დეპუტატების კითხვებსაც. საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო ვიზიტი გვიან ღამემდე გაგრძელდა. აქ შეგიძლია ნახო ის თემები რაზეც გიორგი გახარიამ გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა:

ბათუმში აქციის 30 მონაწილე დააკავეს

შსს-ს ცნობით ბათუმში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით დაკავებულია 30 პირი.

შსს-ს ცნობით აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობისას ცენტრალური გზის გადაკეტვას ცდილობნენ და პოლიციელთა მოწოდებებს არ ემორჩილებოდნენ.

ბათუმში აქციას მართავდნენ ხულიგნობის მუხლით დაკავებული 2 პირის ოჯახის წევრები, რომლებიც ხელისუფლებას ინციდენტში მონაწილე დაპირისპირებული მხარის მფარველობაში ადანაშაუბელდნენ და დაკავებულთა 2 - თვიანი პატიმრობის არასამართლიანობაზე საუბრობდნენ.

შსს-მის გარცელებული ინფორმაციის თანახმად კი 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

წაიკითხე მეტი

რუსეთის ბრალდებები საქართველოს - არის საფრთხე თუ არა?


ბევრს ეცინება, როცა მოსკოვი ამერიკა-საქართველოს სახიფათო კავშირებზე, ბიოლოგიური იარაღის შექმნასა და ამ მიზნით კოღოების გამოყენებაზე ლაპარაკობს. მაგრამ ეს სასაცილო სულაც არ არის. არც ის არის შემთხვევითი, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან და „ღია ცის“ შეთანხმებასთან დაკავშირებული მუქარისებრი ბრალდებები რუსეთმა საქართველოს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს გამოუგზავნა.

საერთაშორისო ექსპერტების თანდასწრებით - კი, მაგრამ მხოლოდ რუსეთს არ მივიღებთო - ასეთია საქართველოს პასუხი მოსკოვის მოთხოვნაზე - ორმხრივ ფორმატში შეისწავლოს ლუგარის ლაბორატორიის ყველა კუთხე-კუნჭული და იქ ბიოლოგიური იარაღის ნაკვალევიც "აღმოაჩინოს".

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული მოთხოვნის, ბრალდებისა და მუქარის შემცველი მორიგი განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ 26 მაისს გამოაქვეყნა - სწორედ იმ დღეს, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდა.

რა მიზნები ამოძრავებს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ და რა არის სახიფათო - წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება

დადასტურებული შემთხვევა - 738

გარდაცვლილი - 12

გამოჯანმრთელებული - 573

კარანტინში - 3076

სტაციონარში - 250

ბოლო 24 საათის განმავლბაში საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თუ გამოჯანმრთელებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობას გამოვაკლებთ სამი თვის განმავლობაში ქვეააში რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობას, გამოდის, რომ ამჟამად 166 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოებში ვირუსის სიმპტომებზე.

დღეს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კიდევ შეემატება რამდენიმე პაციენტი, მათ შორისაა თეთრიწყაროს კლასტერიდან 2 პაციენტი, რომლებიც რუხის საავამდყოფოში მკურნალობდნენ.

პარალელურად ცნობილი ხდება ვირუსის გავრცელების თაობაზე ჩატარებული კვლევის გარკვეული დეტალები. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, თბილისში ჩატარებული სეროპრევალენტური კვლევის შედეგად, რომლის მონაცემებიც ჯერ კიდევ მუშავდება, 1000 ადამიანიდან 6-10-ს აღმოაჩნდა Covid-19-ის ანტისხეულები. ცერცვაძის თქმით, კვლევა თბილისში, ჯანმრთელ ადამიანებში ჩატარდა და გამოყენებული იქნა სწრაფი მარტივი ტესტები.

წაიკითხე მეტი.

„ვითხოვ უკეთეს ნაწერს“ - ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის საპასუხო წერილი „კავკასიურ სახლს“

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, ევროპის მწვანეთა პარტიის წევრმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქართული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო საქართველოს მმართველი პარტიის „კიდევ ერთი გატეხილი დაპირების“ შესახებ გამოქვეყნებული მწვავე კრიტიკული განცხადებების გამო, სოციალური ქსელით გაავრცელა ახალი წერილი.

ამჯერად ცნობილი გერმანელი დეპუტატის ადრესატია „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელობა, რომელმაც ღია წერილით მიმართა ვიოლა ფონ კრამონს და მას, როგორც წერილის ადრესატები ამტკიცებენ, „საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გულისტკივილი“ გაუზიარა.

„წერილის კითხვა დავიწყე დიდი ინტერესით და დავასრულე ასეთივე დიდი იმედგაცრუებით. ამ პროცესში გამახსენდნენ „პერსონაჟები“ გივი მარგველაშვილის ნაწარმოებიდან „Verfasser Unser“, რომლებიც გაიძახიან: „ვითხოვთ უკეთეს ნაწერს“ (“Wir fordern eine bessere Verfassung”)“, - ასე იწყებს თავის საპასუხო წერილს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც „სახელგანთქმულ მწერლებს, ფილოლოგებს“ შეახსენებს იმასაც, რომ „კარგად წერა შედეგია კარგად კითხვისა“.

რა წერია პასუხის პასუხში, წაიკითხე კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ამუშავდება, რადგან ასეთი საერთოდ არ არსებობს

კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისიდან განაახლებს, თუმცა ეს არ მოხდება თელავში, რადგან, თითქმის 10 წელია, ქალაქში ასეთი ტრანსპორტი საერთოდ არ არსებობს. ე.წ. ყვითელმა ავტობუსებმა თელავის ქუჩებში ბოლოს 2010 წელს გაიარეს და მას შემდეგ რეგიონის ცენტრად წოდებულ ქალაში ეს მომსახურება შეჩერებულია. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი სხვადასხვა ფორმით ცდილობს გადაწყვეტილების მიმღები პირების ყურადღების მიპყრობას და „ოცნებად ქცეული“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას. მართალია, თელავიდან რამდენიმე დიდ სოფელში კერძო მიკროავტობუსები მოძრაობენ, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილების პრობლემა ყოველთვის მწვავედ იდგა, განსაკუთრებით, არასამუშაო დღეებსა და საათებში, და ამიტომ საჭიროდ მიიჩნევენ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას.

წაიკითხე მეტი.

შოპინგი თვალის ზომით და კარანტინში გამწესებული სამოსი

თუკი COVID-პანდემიის პერიოდში შენი საფულე სრულად არ გამოცარიელებულა და თუკი საკარანტინე შეზღუდვებს ოჯახის ბიუჯეტზე დრამატული დარტყმა არ მიუყენებია, მაშინ, შეგიძლია მისცე თავს უფლება, რომ გადახედო შენი ან შენი შვილის დაპატარავებულ თუ გაცვეთილ გარდერობს და ორშაბათს საყიდლებზე წახვიდე.

პირველი ივნისიდან იხსნება ყველა ტიპის მაღაზია და სავაჭრო მოლი, მათ შორის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებიც. ეს ინფორმაცია, სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციებმა და ზოგადად, ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა, ტელევიზიით, პრემიერ-მინისტრის განცხადებით შეიტყვეს.

ოღონდ საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც პანდემიამდე - შევედი მაღაზიაში, შევარჩიე, სამი კაბა, ორი შარვალი, გადავიკიდე მკლავზე, დავდექი გასახდელის რიგში, მოვისინჯე, მივტრიალდი-მოვტრიალდი, ვერ მოვირგე, გამოვედი, დავუარე ისევ საკიდებს, ახლა ოთხ შარვალსა და ერთ ჩითის კაბას წამოვავლე ხელი, ერთი წელზე არ მომერგო, მეორე თეძოზე, მესამე მოკლე აღმოჩნდა და ბოლოს ერთი წინწკლებიანი პერანგი შევიძინე - აი, ეს ყველაფერი უნდა დაივიწყოთ - ტანსაცმლის მაღაზიებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გასახდელები დროებით უქმდება. თუმცა, ეს ყველა მაღაზიას არ ეხება და მსგავსი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, არ გაუცია.

ამ ეტაპზე, მაღაზიებში გასახდელებს დროებით აუქმებს „რითეილ გრუპ ჯორჯია“, რომელიც თბილისში 60 მაღაზიასა და 30-ზე მეტ ბრენდს წარმოადგენს, მათ შორის ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Zara, Massimo Dutti, Marks & Spencer, Mango, Gap, Bershka, Pull & Bear, Aldo, CHARLES & KEITH, Promod, Stradivarius, Oysho და სხვა.

წაიკითხე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG