Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: რა განმარტება გააკეთა სტრასბურგის სასამართლომ ,,რუსთავი 2”-ის საქმეზე?


არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს ანალიზს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებისა საქმეზე "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლომ არსებითად განიხილა მხოლოდ მოსამართლეების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი, თუმცა, დარღვევა არ დაადგინა. ამ ნაწილში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში და მომჩივან მხარეს 3 თვის ვადაში საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა შეუძლია, მოითხოვოს. საჩივარში დაყენებული სხვა მოთხოვნები სასამართლომ დაუშვებლად ცნო, რამაც შექმნა ევროპული სასამართლოს მიერ 2017 წლის 3 მარტს მიღებული დროებითი ღონისძიების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, ,,რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული სამართლებრივი შეზღუდვები გაუქმდა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებები

,,რუსთავი 2“-თან მიმართებით ეროვნულ დონეზე საქმის განხილვა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო. ქიბარ ხალვაში და შპს ,,პანორამა“ წარდგენილი სარჩელით აცხადებდნენ, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ წილების გასხვისებასთან დაკავშირებით გარიგებები დაიდო იმდროინდელი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებული იძულებისა და მუქარის შედეგად და ნასყიდობის ხელშეკრულებები ითვალისწინებდა წილების რეალურ ღირებულებასთან შედარებით შეუსაბამოდ დაბალ საფასურს. რუსთავი 2 და მისი იმდროინდელი მესაკუთრეები არცერთ დასახელებულ გარემოებას არ დაეთანხმნენ განმარტეს რა, რომ ისინი წარმოადგენდნენ კეთილსინდისიერ შემძენებს და არ არსებობდა წილების დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.

2015 წლის 5 აგვისტოს, პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა და მიიღო “რუსთავი 2”-ის კორპორატიული აქტივებისა და კომპანიის მფლობელთა წილების დაყადაღების გადაწყვეტილება. 2015 წლის 20 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები და გადაწყვეტილებაში მხოლოდ მცირედი ცვლილებები შეიტანა, კერძოდ, “რუსთავი 2”-ს თავისი უძრავი და მოძრავი აქტივებიდან ზოგიერთის გაქირავების და შიდა ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების უფლება მისცა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ სადავო გარიგებები წარმოადგენდა ამორალურ გარიგებებს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, რადგან სადავო ქონება მოპასუხეების საკუთრებაში გადავიდა შეუსაბამო ფასად. შესაბამისად, სასამართლომ სადავო გარიგებები ბათილად მიიჩნია და ქონების დაბრუნების დასასაბუთებლად გამოიყენა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით კი, დავა უნდა განხილულიყო არა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით, რომელზეც ქვემდგომი სასამართლოები მიუთითებდნენ, არამედ აღნიშნული კოდექსის 85-ე მუხლის (იძულებით დადებული გარიგება) შესაბამისად. ამიტომ, დიდმა პალატამ ამ ნაწილში გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ახალი გადაწყვეტილება მიიღო.

ევროპული სასამართლოს ძირითადი არგუმენტები რუსთავი 2-ის საქმეზე

2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროპულმა სასამართლომ არსებითად განიხილა მოსამართლეების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ძმები ყარამანაშვილებისა და TV საქართველოს მიერ დაყენებული მოთხოვნა. ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-6 (1) მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

- პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე საქმის განაწილებასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის განაწილება ამ მოსამართლეზე მოხდა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მომჩივანთა საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელი იყო. სასამართლოს განმარტებით, მომჩივანთა პრეტენზიები, რომ ურთმელიძის დედის მიმართ დაწყებულმა სისხლის სამართლებრივმა პროცესმა, გავლენა მოახდინა ამ უკანასკნელზე საქმის განხილვის დროს, ასევე, დაუსაბუთებელი იყო. მომჩივნებმა ასევე, ვერ შეძლეს მტკიცებულებებისა და მყარი არგუმენტების წარმოდგენა, თუ რა გავლენა მოახდინა ურთმელიძის მეუღლის მიერ გაკეთებულმა Facebook პოსტებმა საქმის განხილვის დროს უშუალოდ ამ მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის მიუკერძოებლობასთან მიმართებით, ევროპულმა სასამართლომ სარწმუნოდ არ მიიჩნია მომჩივნების არგუმენტაცია ურთმელიძისა და გუჯაბიძის ახლო კომუნიკაციასთან დაკავშირებით, რასაც შესაძლოა, გამოერიცხა სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე დავაში გუჯაბიძის მონაწილეობა;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მზია თოდუასთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, უმჯობესია, მოსამართლეებმა, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისგან, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსამართლემ პოლიტიკურ პარტიას თანხა გადაურიცხა იმ პერიოდში, როდესაც ის კერძო სექტორში საქმიანობდა, უშუალოდ მოსამართლედ მუშაობის პერიოდში პარტიებისთვის თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი საქმეში არ მოიპოვებოდა. სასამართლომ ასევე, განმარტა, რომ მიმდინარე საქმის განხილვაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობით, ასევე, არ იკვეთებოდა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დარღვევის ფაქტი.

ასევე, დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ მომჩივანთა მიერ საჩივარში დაყენებული სხვა მოთხოვნები დაუშვებლად ცნო შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

- სასამართლომ დაუშვებლად ცნო პირველი მომჩივნის (,,რუსთავი 2“-ის) მიერ შეტანილი საჩივრები კონვენციის მე-6 (1), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-18 (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები) და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) ნაწილში. სასამართლოს განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის პროცედურებთან დაკავშირებით რუსთავი 2-მა საჩივარი ევროპულ სასამართლოში დაგვიანებით წარადგინა. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წესების თანახმად, საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში შეიტანება საბოლოო გადაწყვეტილებიდან 6 თვის ვადაში. წინამდებარე საქმეში, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რუსთავი 2-თან მიმართებით საბოლოო გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება წარმოადგენდა, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ძალაში დატოვა. ევროპული სასამართლოს მითითებით, რუსთავი 2-ს გასაჩივრების 6 თვიანი ვადა სწორედ ამ დღიდან უნდა აეთვალა. გარდა ამისა, სასამართლომ პირველ მომჩივანთან მიმართებით აღნიშნა, რომ მას არ გააჩნდა სათანადო უფლებამოსილება, შეეტანა საჩივარი ,,რუსთავი 2“-ის წილებზე მიმდინარე დავასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,რუსთავი 2“ იყო ქიბარ ხალვაშსა და სხვა მომჩივნებს შორის საკუთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის ობიექტი და არა სუბიექტი;

- სასამართლომ დაუშვებლად ცნო ,,რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრეების (ძმები ყარამანაშვილები და TV საქართველო) მიერ შეტანილი საჩივრების უმეტესობაც კონვენციის მე-6 (1), მე-18 და პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან მიმართებით. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ უზენაეს სასამართლოს ,,სამოქალაქო კოდექსის“ 54-ე მუხლის ნაცვლად 85-ე მუხლის გამოყენებით არ შეუცვლია ქვედა ინსტანციების მიდგომა, არამედ მისი მხრიდან მხოლოდ კანონის განმარტებას ჰქონდა ადგილი. ევროპული სასამართლოს მსჯელობით, მხარეთა მიერ წარდგენილი არგუმენტებით გამოიკვეთა, რომ როგორც ქიბარ ხალვაშის 2015 წლის 4 აგვისტოს სარჩელში, ასევე, პირველი და მეორე ინსტანციების გადაწყვეტილებებში, 85-ე მუხლის გამოყენების საკითხი მთელი სამართალწარმოების ფარგლებში აქტიურად განიხილებოდა. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ორივე მხარეს ჰქონდა თანაბარი შესაძლებლობა, წარედგინა წერილობითი მოსაზრებები, ხოლო უზენაესი სასამართლო იყო უფლებამოსილი, შეემოწმებინა ქვედა ინსტანციების მიერ შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ინტერპრეტაციის სისწორე.

- ევროპული სასამართლოს განმარტებით, უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში მითითებული სამართლებრივი დასაბუთება არ შეიცავდა აშკარა დარღვევებს. ამ პირობებში, სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის მიხედვით შეცილების ვადის გამოყენებასთან, ქიბარ ხალვაშის მიერ 2008 წლის 1 დეკემბრის საჩივრის დაურთველობასა და ხალვაშის მიმართ იძულების ფაქტის დადასტურებასთან დაკავშირებით მომჩივანთა მიერ წამოყენებული პრეტენზიები იყო „მეოთხე ინსტანციის“ ბუნების, რისი შეფასებაც ევროპული სასამართლოს უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა.

- საკუთრების საკითხზე დავასთან მიმართებით, სასამართლომ განმარტა, რომ საჩივრის ის ნაწილი, რომლითაც ეჭვქვეშ იყო დაყენებული საკუთრების უფლებაზე მიმდინარე დავის შედეგი, ავტომატურად არ ხვდება კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში, რადგან აღნიშნული ნორმა არ იძლევა სამოქალაქო დავაში კონკრეტული შედეგის დადგომის გარანტიას და საკუთრების საკითხზე დავა არ უტოლდება მათ საკუთრების უფლებაში ჩარევას.

პალატის გადაწყვეტილების დიდი პალატისათვის გადაცემის შესაძლებლობა

ევროპული კონვენციის თანახმად, მხარეს უფლება აქვს გამონაკლის შემთხვევაში, მოითხოვოს პალატის გადაწყვეტილების გადაცემა დიდი პალატისთვის, კერძოდ, თუ საქმე წამოჭრის კონვენციის ან მისი ოქმების განმარტების ან გამოყენებისათვის სერიოზულ საკითხს, ან - საერთო მნიშვნელობის სხვა სერიოზულ საკითხს. თუმცა, სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, დიდ პალატას შესაძლოა, გადაეცეს მხოლოდ საქმის ის ნაწილი, რომელიც პალატამ მისი გადაწყვეტილებით დასაშვებად ცნო და არსებითად განიხილა. შესაბამისად, მხარეს არ შეუძლია, მოითხოვოს დიდი პალატისათვის საქმის იმ ნაწილის გადაცემა, რომელიც პალატამ დაუშვებლად ცნო. თავის მხრივ, დიდი პალატაც არ არის უფლებამოსილი გადაცემის მოთხოვნის შემთხვევაშიც მსგავსი საქმე განიხილოს.

დროებითი ღონისძიების მოქმედება

2017 წლის 3 მარტს ევროპულმა სასამართლომ მომჩივნების მიმართვის საფუძველზე დროებითი ღონისძიება მიიღო და სახელმწიფოს მიუთითა, შეეჩერებინა უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და თავი შეეკავებინა, კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი გზით ჩარევისგან. აღნიშნული დროებითი ღონისძიების ვადა სასამართლომ გააგრძელა შემდეგ შეტყობინებამდე.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე.სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, რადგან მომჩივანთა საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი იმ ნაწილში, რამაც განაპირობა დროებითი ღონისძიების მიღება, ევროპული სასამართლოსთვის აღარ არსებობდა დროებითი ღონისძიების მოქმედების გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG